დიმიტრი ქუმსიშვილი – ყველანი შევთანხმდით, რომ ფინანსური ზედამხედველობა დარჩება ეროვნულ ბანკში

0
67
დიმიტრი ქუმსიშვილი - ყველანი შევთანხმდით, რომ ფინანსური ზედამხედველობა დარჩება ეროვნულ ბანკში

ფინანსური ზედამხედველობა ეროვნულ ბანკს აღარ გამოეყოფა. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საფინანსო ზედამხედველობას კვლავ ეროვნული ბანკი განახორციელებს  და ეს საკითხი ამოწურული და შეთანხმებულია.

“მე ვთვლი, რომ ეს საკითხი ამოწურულია და ამ წუთში ჩვენ ყველანი ვართ შეთანხმებულები, რომ ფინანსური ზედამხედველობა დარჩება ეროვნულ ბანკში”, -განაცხადა მინისტრმა.

ეროვნულ ბანკს საფინანსო ზედამხედველობის სამსახური გასულ წელს გამოეყო. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების თამაზ მეჭიაურისა და ნოდარ ებანოიძის მიერ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის საფუძველზე, “ეროვნულიბანკის შესახებ კანონში” ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმადაც, ეროვნული ბანკისგან საფინანსო ზედამხედველობის სამსახური გამოიყო და ის ცალკე სააგენტოდ ჩამოყალიბდა. პარლამენტმა მთავრობის მიერ შეთავაზებული სააგენტოს საბჭოს ოთხი წევრი დაამტკიცა. მმართველმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საბჭოს წევრად 5 წლის ვადით წარდგენილ ეფრემ ურუმაშვილის კანდიდატურას, ხოლო 7 წლის ვადით – ეკატერინე გალდავას, ირაკლი კოვზანაძისა და საშა ტერნესის კანდიდატურებს. საბჭომ მისი შემადგენლობიდან ხელმძღვანელად ირაკლი კოვზანაძე აირჩია. სააგენტოს საბჭოში ასევე შედიან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ეროვნული ბანკის საბჭოს კიდევ ერთი წარმომადგენელი, რომელსაც თავად ეროვნული ბანკის საბჭო ნიშნავს.

თუმცა, ფინანსური მონიტორინგის სამსახურს დამოუკიდებლად არ უმუშავია. საქმე ამ ეტაპზე საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული. გასული წლის ოქტომბერში საკონსტიტიციო სასამართლომ სამსახურის საქმიანობის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. შედეგად, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ბანკებზე ზედამხედველობას კვლავ ეროვნული ბანკი ახორციელებს. საკონსტიტუციო სასამართლოში შესაბამისი სარჩელი საპარლამენტო უმცირესობამ შეიტანა.

ფინანსური ზედამხედველობის ეროვნული ბანკისგან გამოყოფის საკითხი თავის დროზე დაპირისპირების საგანი გახდა. ეროვნული ბანკის მაშინდელი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, ასევე საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნული ცვლილების წინააღმდეგი იყო.

ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფას საქართველოს ხელისუფლებას არ ურჩევდნენ.

როგორც სავალუტო ფონდის წარმომადგენელი საქართველოში აზიმ სადიკოვი აცხადებდა, სავალუტო ფონდს მიაჩნია, რომ უკეთესია, თუ საბანკო ზედამხედველობის ფუნქცია ეროვნული ბანკის შემადგენლობაში დარჩება, შემდეგი სამი ძირითადი მიზეზის გამო: 1) ეს უზრუნველყოფს ზედამხედველობის ფუნქციის დამოუკიდებლობას; 2) უზრუნველყოფს მჭიდრო კავშირს მონეტარულ და საფინანსო სექტორის პოლიტიკას შორის; 3) ინსტიტუტის ეფექტურობა იზრდება ამ სფეროს ყველა ექსპერტის ერთად თავმოყრით. ზემოაღნიშნულის გათვალისიწნებით, ჩვენ ურყევად გამოვთქვამდით ჩვენს პოზიციას, რომ საბანკო ზედამხედველობა ეროვნული ბანკის ნაწილი უნდა იყოს.

წყარო: ბიზნესკონტაქტი