“კაბელების საქმის” შუქ-ჩრდილები

0
29

რატომ არ აპირებენსამართლებრივი ციკლის გავლას (სააპელაციო, უზენაესი სასამართლო, ევროპული სასამართლო) მსჯავდებულები და მათი ადვოკატები

ბოლო პერიოდში აქტუალობას არ კარგავს ე.წ. კაბელების საქმე, რომელიც ბოლო ერთი წლის მანძილზე, არაერთხელ გახდა ცხარე პოლიტიკური განცხადებებისა და სპეკულაციების საგანი. გასულ კვირას კი, აღნიშნული საქმის სასამართლო პროცესები პირველ ინსტანციაში დასრულდა.

“კაბელების საქმეზე”, ბრალდებული იყო 5 პირი, რომლებსაც გამოძიება სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ლარის გაფლანგვას ედავებოდა. განაჩენის მიხედვით კი, აღნიშნულ საქმეზე დაკავებული ხუთივე პირი, რომელიც ამ დრომდე გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული, მოსამართლის მიერ განაჩენის გამოქვეყნების შემდეგ, სხდომათა დარბაზშივე დააპატიმრეს.

ბუნებრივია, განაჩენის გამოცხადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა და ბრალდებულების ახლობლებმა მოსამართლის გადაწყვეტილება შეძახილებითა და სასამართლოს მისამართით შეურაცხმყოფელი რეპლიკებით გააპროტესტეს. სასამართლო პროცესის შემდეგ კი, რა თქმა უნდა, საკმაოდ მწვავე პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა და შესაბამისად, აღნიშნულ პროცესს, დღეს უფრო მეტად პოლიტიკური სარჩული უდევს, ვიდრე სამართლებრივი.

პროკურატურის პოზიცია

პროკურატურის პოზიციით, 2013 წლის 30 ივლისს, თავდაცვის სამინისტროს ჟ6-ს დეპარტამენტში დღის წესრიგში დადგა კოჯორი-ახალციხე-ბათუმის მიმართულებით ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო მაგისტრალის შეძენის საკითხი. სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსს, დაევალა გაერკვია, შეძლებდა თუ არა სამინისტრო თავისივე რესურსის (სსიპ დელტა) მეშვეობით, აღნიშნული სამუშაოების ჩატარებას და თუ არა, მხოლოდ შემდეგ მოეძებნა სხვა მომწოდებელი.

რაც შეეხება კონკრეტულად ბრალის წაყენების საკითხს, პროკურატურის პოზიცია არის ის, რომ შესყიდვების დეპარტამენტის უფროსმა არ გაარკვია, რისი გაკეთება შეეძლო “დელტას” და 2013 წლის 27 აგვისტოს მან, სამინისტროს სხვა თანამშრომლებთან ერთად, შესაბამისი მოთხოვნით 9 კომპანიას აუქციონის გამოცხადებაზე წერილი გაუგზავნა. წინადადების მიღების ვადად კი, თავდაცვის სამინისტრომ 9 დღე განსაზღვრა. თუმცა, მნიშვნელოვან დეტალად პროკურატურა გამოყოფს იმ გარემოებას, რომ სამინისტროს ზემოაღნიშნული გეგმის შესახებ, სს. სილქნეტს ინფორმაცია ორი თვით ადრე ჰქონდა მიღებული, შესაბამისად, მხოლოდ ამ კომპანიას გააჩნდა გონივრული ვადა იმისთვის, რომ შეთავაზება მოემზადებინა.

პროკურატურის ცნობით, დანაშაულის ნიშნები, სწორედ ზემოთ მოყვანილი დეტალების საფუძველზე გამოიკვეთა, რაც ასევე, გონივრული ეჭვით მყარდება იმ გარემოების თანახმად, რომ სამინისტრომ უპირობო არჩევანი სწორედ “სილქნეტზე” შეაჩერა. აქვე გასათვალისწინებელია, რომ სხვა კომპანიებმა უკეთესი პირობები წარადგინეს. პროკურატურის თქმით, შპს “დელტა კომმა” და შპს “სპეცკავშირმშენმა” ამ ტენდერის გამოცხადებამდე 2 თვით ადრე სამინისტროს ზემოაღნიშნული მომსახურება უფასოდაც კი შესთავაზეს.

საკაბელო მაგისტრალის მშენებლობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თანხის გამოყოფის საკითხი, თვადაცვის სამინისტროს მოთხოვნით, ფინანსთა სამინისტრომ მთავრობის სხდომაზე გაიტანა. საბოლოოდ, აღნიშნული წინადადება მთავრობამ დააკმაყოფილა და ბიუჯეტიდან მაგისტრალის მშენებლობისთვის, 6 720 877 ლარი გამოიყო.

აქვე ხაზგასასმელია ერთი მნიშვნელოვანი დეტალი იმის შესახებ, რომ საქმეზე ბრალდებულმა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა, “სილქნეტთან” ხელშეკრულება გააფორმეს არა საკაბელო მაგისტრალის შეძენაზე, რაც თავდაპირველ მოთხოვნაში იყო გათვალისწინებული, არამედ მაგისტრალში არსებულ 72-წვერიან ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელში მხოლოდ 24 წვერის შეძენაზე.

ბუნებრივია, ეს გარემოებები კითხვის ნიშნებს საკმაოდ სამართლიანად ბადებს. გარდა ამისა, პროკურატურის მიერ შემოთავაზებული ვერსიით, რეალურად, აღნიშნული მომსახურება 2 618 005 ლარი ღირს და ვინაიდან ის სახელმწიფოს 6 720 877 ლარი დაუჯდა, სახელმწიფო მსჯავრდებულ 5 პირს ბიუჯეტიდან 4 102 872 ლარის გაფლანგვას ედავება.

დაცვის მხარის პოზიცია

მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურის მიერ მოყვანილი არგუმენტები საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურება და დანაშაულის ნიშნები შეუიარაღებელი თვალითაც კი, მართლაც იკვეთება, საკუთარი პოზიცია აქვს დაცვის მხარეს. რომლებიც ამტკიცებენ, რომ თავდაპირველი შესყიდვის საგანი არა მაგისტრალი, არამედ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები იყო. ბრალდებულების დაცვის მხარე კატეგორიულად უარყოფს იმას, რომ ხელშეკრულების გაფორმებამდე, მსჯავრდებულ ხუთ პირს კომპანია “სილქნეტთან” რაიმე სახის შეხება ჰქონდა.

რაც შეეხება იმას, შეეძლო თუ არა თავდაცვის სამინისტროს სსიპ “დელტას” თავად გაეყვანა საჭირო ოპტიკურ-ბიჭკოვანი კაბელი, ადვოკატი განმარტავს, რომ დაცვის მხარეს ჰქონდა ეს კითხვები “დელტას” წარმომადგენლებთან და გაირკვა, რომ მათ მსგავსი სამუშაოები ადრე არასდროს შეუსრულებიათ.

თუმცა, ასეთი განცხადება აპრიორი სანდო ცნობად, რა თქმა, უნდა ვერ მიიღება იმდენად, რამდენადაც სისხლის სამართლის კოდექსი და ზოგადად, სამართალი მხოლოდ ფაქტებს და გარემოებებს ეფუძნება და არა ინდივიდუალურ მოსაზრებებს და ემოციურ განცხადებებს. ამდენად, მიუღებელია იმის მტკიცება, რომ ბრალდებულებს დანაშაულის ჩადენის მოტივი არ ჰქონდათ. მითუმეტეს, სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, გაფლანგვა გულისხმობს ანგარების მიზნით მოქმედებას, არა მხოლოდ საკუთარი ქონების უკანონოდ გაზრდას, არამედ სხვისი ქონების უკანონოდ გაზრდასაც.

კაბელების საქმის პოლიტიკური მხარე

ახლა კი, რაც შეეხება საკითხის პოლიტიკურ მხარეს, როგორც ზევით აღვნიშნეთ ამ საქმესთან დაკავშირებით, არაერთი პოლიტიკური შინაარსის განცხადება გაკეთდა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია (რომლის თანამშრომლებიც იყვნენ თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნები), მიიჩნევს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და მოსამართლემაც გადაწყვეტილება პოლიტიკური ზეწოლის შედეგად მიიღო. გარდა ამისა, ირაკლი ალასანიამ თავის გუნდთან ერთად საპროტესტო აქციებიც დაანონსა.

ცხადია, ირაკლი ალასანიას პარტიის მხრიდან, საქმის შესახებ, ძირითადი აქცენტები ბიძინა ივანიშვილის მისამართით კეთდება. რამდენადაც, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, პოლიტიკური სპეკულაციებისთვის ბიძინა ივანიშვილის დადანაშაულება პოლიტიკურად უფრო მომგებიანია, ვიდრე სამართლებრივი მეთოდებით ბრძოლა. უფრო მეტიც, ირაკლი ალასანიას პარტიის წევრებმა პირადი მტრობაც კი გამოუცხადეს ბიძინა ივანიშვილს და საკუთარი თავები “არაფორმალური მმართველის” დაუძინებელ მტრებად გამოაცხადეს.

ამასთან, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია საქმეზე დაპატიმრებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს პოლიტპატიმრებად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ “კაბელების საქმის” შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების რიცხვი გაიზარდა. მისი თქმით, აღნიშნული პროცესით, ქვეყანაში არამხოლოდ პოლიტიკური პატიმრების რიცხვი გაიზარდა, არამედ პრაქტიკულად წერტილი დაესვა სასამართლოს დამოუკდებლობის პერსპექტივასაც.

გარდა ამისა, დაკავებული პირების აპოლოგეტი პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, არაერთი ეპატაჟური განცხადება გაკეთდა, რომელიც სასამართლო ხელისუფლების დაკნინებას ემსახურებოდა. უფრო მეტიც, მიღებული გადაწყვეტილების გამო, მოსამართლე მიკერძოებულობაში და პოლიტიკურად მოტივირებულობაშიც დაადანაშაულეს.

რა თქმა უნდა, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, დავა სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება და უზენაეს სასამართლოშიც უნდა გაგრძელდეს. სასამართლო პროცესები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, რადგან როგორც ზოგადად, ასევე ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, გადაწყვეტილება სამართლიანი და კანონის შესაბამისი უნდა იყოს.

აქვე აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ქართული მართლმსაჯულების მიმართ კითხვების არსებობის შემთხვევაში, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ბრალდებულების დაცვის მხრიდან, იქნება ქართული სასამართლოების ყველა ინსტანციის გავლის შემდეგ საქმის ევროსასამართლოში გასაჩივრება. ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, მინიმუმამდე იქნება დაყვანილი საქმესთან დაკავშირებული სადავო კითხვები, რამდენადაც, ევროსასამართლო არის ყველაზე მიუკერძოებელი და ობიექტური მსაჯული.

რას ამბობს დიპ-კორპუსი

საქმის დეტალების გასაცნობად, დიპლომატიური კორპუსის საქმის კურსში ჩაყენება აუცილებალად მიიჩნია, როგორც პროკურატურამ, ისე ირაკლი ალასანიას გუნდმა. დიპლომატების განცხადებები ძირითადად ნეიტრალურობით გამოირჩეოდა და რა თქმა უნდა, მაღალი დიპლომატიური სტანდარტის შესაბამისად, ელჩები სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში ჩარევისგან მაქსიმალურ დისტანცირებაზე ორიენტირებულ “მესიჯებს” აჟღერებდნენ.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლის, იანოშ ჰერმანის თქმით, სასამართლო პროცესებზე მითითებების გააკეთება ევროკავშირის დელეგაციის საქმიანობაში არ შედის. “ჩვენ პატივს ვცემთ სასამართლოების დამოუკიდებლობას. ჩვენი მოლოდინით, სასამართლო არის დამოუკიდებელი. ჩვენ სასამართლოს რეფორმირების კუთხით ბევრს ვმუშაობთ”, – განაცხადა ჰერმანმა.

ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში, უილიამ ლაჰიუმ განაცხადა, რომ ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით საქართველოს მთავარი პროკურატურისგან სრულყოფილი და გამორჩეული ინფორმაცია მიიღო.

 “ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შეხვედრა პროკურატურასთან. აღსანიშნავია მათი მეთოდოლოგია და ეს კარგი ნიშანია, რადგან ისინი ყურადღებით იცავენ სამართლებრივ პროცედურებს. ყველაზე მეტი კითხვა, რაც ჩვენ გვაქვს, კანონებს ეხება, რომელიც არა პროკურატურის, არამედ პარლამენტის საქმეა, თუ როგორ ხდება კანონის ინტერპრეტაცია და ასევე სისტემას, რომელმაც დახმარება უნდა აღმოუჩინოს პროკურატურას”, – აღნიშნა ლაჰიუმ.

თუმცა განსხვავებული პოზიციები დიპლომატებშიც არსებობს. ამ საქმის აქტუალობა და მნიშვნელობა საქართველოს ფარგლებსაც გასცდა და განცხადებები ევროპარლამენტის წარმომადგენლების მხრიდანაც კი გაკეთდა.

ევროპარლამენტარ გაი ვერჰოფშტატისთვის “კაბელების საქმეზე” გამოტანილი განაჩენი სერიოზულ კითხვებს აჩენს მართლმსაჯულების სისტემის სამართლიანობასა და მიუკერძოებლობაზე. მისი თქმით, ისინი მოუწოდებენ საქართველოს, გააგრძელოს მუშაობა მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერებაზე, მისი პოლიტიკური გავლენისგან დასაცავად.

“საქართველოში სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ე.წ. კაბელების საქმეზე სერიოზულ კითხვებს აჩენს მართლმსაჯულების სისტემის სამართლიანობასა და მიუკერძოებლობაზე. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის “სერთაშორისო გამჭვირვალობამ” და “ჰუმანს რაითს ვოჩმა”, აღნიშნეს საფუძვლიანი მტკიცებულებების ნაკლოვანების შესახებ მსჯავრდებულების მიმართ, რომლებიც ახლა უკვე დაპატიმრებულები არიან. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, გააგრძელოს მუშაობა მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერებაზე, მისი პოლიტიკური გავლენისგან დასაცავად”, – განაცხადა გაი ვერჰოფშტატმა.

ანდრო ღამბაშიძე