”ვარდების მოედანს” შესაძლოა ძველი სახელწოდება – ”რესპუბლიკის მოედანი” დაუბრუნდეს

0
29
”ვარდების მოედანს” შესაძლოა ძველი სახელწოდება - ”რესპუბლიკის მოედანი” დაუბრუნდეს

”ვარდების მოედანს” შესაძლოა ძველი სახელწოდება – ”რესპუბლიკის მოედანი” დაუბრუნდეს. შესაბამისი ინიციატივით საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე თევდორე კობახიძე სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარეს ლია ჯახველაძეს მიმართავს. კობახიძე ჯახველაძეს დანართის სახით, „ქ. თბილისში, მთაწმინდის რაიონში, „ვარდების რევოლუციის მოედნისათვის“ – „რესპუბლიკის მოედნის“ სახელის მინიჭების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტსაც უგზავნის. კობახიძის მიმართვას ”ინტერპრესნიუსი” უცვლელად გთავაზობთ:
”როგორც მოგეხსენებათ, ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ვერის უბანში, რუსთაველის გამზირის დასავლეთ ნაწილში 1983 წელს აშენებულ „რესპუბლიკის მოედანს“, 2003 წლის რევოლუციის აღსანიშნავად 2005 წელს მიენიჭა „ვარდების რევოლუციის მოედნის“ სახელწოდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე მოქმედი უზენაესი კანონის – საქართველოს კონსტიტუციის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური წყობილების ფორმა არის დემოკრატიული რესპუბლიკა. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, როგორც პირველი რესპუბლიკა საქართველოს ტერიტორიაზე შეიქმნა 1917 წლის რევოლუციის შემდგომ, ხოლო XX საუკუნის მიწურულს დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანს საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილი პირველი რესპუბლიკის საპატიოდ ეწოდა – „რესპუბლიკის მოედანი“. დიდი მნიშვნელობის მატარებელია ის ფაქტი, რომ 1983 წლიდან მოყოლებული 22 წლის მანძილზე აღნიშნული მოედანი ატარებდა – სწორედ რესპუბლიკის მოედნის სახელწოდებას, რაც საზოგადოების ცნობიერებაში საკმაოდ ღრმად დაილექა და მიუხედავად, 2005 წელს საყოველთაოდ ცნობილი „რესპუბლიკის მოედნის“ სახელწოდების „დამახინჯებისა“ („ვარდების რევოლუციის მოედანი“), მისი სახელწოდება როგორც დედაქალაქის ასევე, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისათვის შეუცვლელი დარჩა. საყურადღებოა მსოფლიოში დამკვიდრებული პრაქტიკაც, რომლის თანახმადაც, მსოფლიოს არაერთი სახელმწიფოს რესპუბლიკაში, როგორც ევროკავშირის, ასევე ჩვენს მეზობელ ქვეყნების დედაქალაქებში წესისამებრ არსებობს მოედანი, რომლებსაც საკუთარი ქვეყნის წყობილების ფორმის გამოსახატავად საუკუნეების მანძილზე ეწოდებათ „რესპუბლიკის მოედანი“. მაგალითად, საფრანგეთის რესპუბლიკის დედაქალაქის ცენტრში არსებობს მოედანი სახელწოდებით – „რესპუბლიკის მოედანი“, ასევე, სომხეთის დედაქალაქ ერევანში არსებული დიდი საოლქო მოედანი 1926 წლიდან ცნობილია, როგორც „რესპუბლიკის მოედანი“.

აქვე აღვნიშნავ, რომ როგორც დედაქალაქის საკრებულოს წევრს და თუნდაც უბრალოდ ერთ თბილისელს, პირდაპირი და უშუალო კომუნიკაცია მაქვს ჩვენს თანამოქალაქეებთან და შესაბამისად ვიცი აღნიშნული საკითხისადმი საზოგადოების დიდი ნაწილის დამოკიდებულება და მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ მოხდეს ზემოხსენებული გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების აღდგენა და მისთვის „რესპუბლიკის მოედნის“ სახელის მინიჭება”, – ნათქვამია კობახიძის მიმართვაში.