რას მოუტანს საქართველოს კვირკაშვილის ინიციატივები

0
77
რას მოუტანს საქართველოს კვირკაშვილის ინიციატივები

4 ინიციატა, რომლითაც პრემიერი გამოვიდა ძირეულ რეფორმებს გულისხმობს

უკვე სამი თვეა საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ყავს. მართალია გიორგი კვირიკაშვილი, მხოლოდ 2016 წლიდან იკავებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტს, მაგრამ მის მიმართ ბიზნესს დადებითი განწყობა აქვს, განსაკუთრებით ბოლო ინიციატივებიდან გამომდინარე. შეიძლება ითქვას, რომ გიორგი კვირიკაშვილი ბიზნესმენების რჩეული პრემიერმინისტრია. ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ კერძო სექტორის წარმომადგენლებმა საუკეთესო კანდიდატად სწორედ იგი დაასახელეს, რომელთანაც ურთიერთობა აქტიურად მისი ეკონომიკის მინისტრობის პერიოდში დაიწყეს.

ბიზნესის მოლოდინების გაუმჯობესებას სხვადასხვა კვლევებიც ადასტურებს. ბიზნეს ნდობის ინდექსი, რომელიც ISET-მა გამოაქვეყნა, ცხადყოფდა, რომ მაჩვენებელი 16%-დან 38-% გაიზარდა. რის შემდეგაც საქართველოს ეკონომიკაში ახალი ტერმინი გაჩნდა – ,,კვირიკაშვილის ეფექტი”. თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) მკვლევრების მოსაზრებით, იმის ფონზე რომ საქართველოში მაკროეკონომიკური კუთხით რაიმე მასშტაბური ცვლილება არ მომხდარა, ბიზნესის ნდობის ინდექსის განმტკიცება შეიძლება ჩაითვალოს ნდობის ვოტუმად საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისთვის ბიზნესწრეების მხრიდან.

რა თქმა უნდა, მხოლოდ კვირიკაშვილის პიროვნებისადმი ნდობის გამო არაა ბიზნესი მის მიმართ დადებითად განწყობილი. ახალმა პრემიერმა უკვე მეწარმეებისთვის ბევრი სასურველი ინიციატივა გააჟღერა, მათ შორის კი გამოსაყოფია 4 პუნქციატი გეგმა, რომელიც კვირიკაშვილმა იანვარში ბიზნესმენებთან შეხვედრაზე წარადგინა. კვირიკაშვილმა შემდეგი მიმართულებები გამოყო:

1. საგადასახადო რეფორმა – ესტონური მოგების გადასახადის მოდელის დანერგვა, ასევე, ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია და საგადასახადო შემოწმებების ვადების შემცირება;

2. ჩართულობის, გამჭვირვალობის რეფორმა – ე.წ ფრონტ-ოფისის შექმნა, რომელიც ერთი ფანჯრის პრინციპით იმუშავებს ბიზნესთან კომუნიკაციის კუთხით;

3. რეგიონების განვითარება – რეგიონებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა, სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებით და ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარება;

4. ძირეული საგანმანათლებლო რეფორმა.

მოგების გადასახადის ესტონური მოდელი

კვირიკაშვილის ინიციატივებს შორის შორის განსაკუთრებული ინტერესი საგადასახადო რეფორმამ გამოიწვია. კვირიკაშვილის თქმით მთავრობა მუშაობს საქართველოში ესტონური მოგების გადასახადის მეთოდის დანერგვაზე, რომელიც გულისხმობს რეინვესტირებულ თანხებზე მოგების გადასახადის გაუქმებას. ამ კუთხით საკანონმდებლო ინიციატივა უკვე შესულია პარლამენტში, რომლის თანახმადაც 2017 წლის 1 იანვრიდან მეწარმეები, რომლებიც მოგებას უკან ბიზნესში რეინვესტირების სახით ჩააბრუნებენ, ამ თანხებზე მოგების 15%-იან გადასახადს არ გადაიხდიან.

მსგავსი ტიპის საგადასახადო რეფორმა 10 წლის წინ ესტონეთში განხორციელდა. სწორედ ესტონეთის მოდელის დანერგვა იგეგმება საქართველოშიც. როგორც ესტონურმა გამოცდილებამ აჩვენა რეინვესტირებულ მოგებაზე გადასახადის გაუქმებით პირველი ორი წელი ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლები მცირდება, თუმცა ორი წლის შემდეგ ეკონომიკაში დატოვებული ფინანსები იწვევს ბიზნესების ზრდას, შესაბამისად დასაბერგი ბაზის ზრდას და უკვე საბიუჯეტო შემოსავლების მატებასაც. ზოგადად, გადასახადების შემცირებას ბიზნესი ყოველთვის მიესალმება, თუმცა ამ რეფორმას ფაქტობრივად არ ყავს მოწინააღმდეგენი. ერთადერთი პრობლემა, რაც რეინვესტირებულ თანხებზე მოგების გადასახადის გაუქმებამ შეიძლება გამოიწვიოს ეს არის ბიუჯეტის დაახლოებით 500 მილიონი ლარით შემცირება 2017-18 წლებში. მთავრობის განცხადებით ისინი ამ თანხების ეკონომიას ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებით აპირებენ.

რაც შეეხება ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას, ამ მხრივ რეფორმის აუცილებლობაზე უკვე დიდი ხანია მიდის საუბარი, რადგან დღეისათვის მოქმედი კანონმდებლობა გაუგებრად მკაცრია. მაგალითად, ზედნადების გარეშე 25 000 ლარზე მეტი ღირებულების საქონლის ტრანსპორტირების შემთხვევაში სასჯელი განისაზღვრება 5 წლით თავისუფლების აღკვეთით. 25 00 ლარი არ არის იმხელა თანხა, რომლის გამოც ადამიანები 5 წლით ციხეში უნდა მიდიოდნენ. რა თქმა უნდა ვინც გადასახადებს შეგნებულად მალავს მკაცრად უნდა ისჯებოდეს, მაგრამ არცერთი მეწარმე საგადასახადო ადმინისტრირების პროცესში, შეცდომებისაგან დაზღვეული არ არის. ექსპერტების განცხადებით, ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, განსაკუთრებით უცხოელი ინვესტორებისთვის, რათა ჰქონდეთ იმის განცდა, რომ საქართველოში თუნდაც უმნიშვნელო შეცდომას არ მოჰყვება მათი ან მათი თანამშრომლების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა.

,,რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენ გავატარებთ გადასახადების ადმინისტრირების რეფორმას, რათა ეს სისტემა მომხმარებელზე იყოს ორიენტირებული. საგადასახადო ინსპექტირება განხორციელდება მკაცრად დადგენილ ვადებში და მას განახორციელებს მხოლოდ საგადასახადო უწყება. ხოლო, ანგარიშების დაყადაღება განხორციელდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. გარდა ამისა, დღგ მოიხსნება იმპორტირებულ ტექნიკაზე. ჩვენ ასევე ვმუშაობთ ეკონომიკური დარღვევების დეკრიმინალიზაციაზე”, – განაცხადა კვირიკაშვილმა მცირე მეწარმეებთან შეხვედრისას.

ფრონტ-ოფისი ბიზნესისათვის

ბიზნესისთვის ინოვაცია იქნება ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვა. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, რეფორმების პროცესის მნიშვნელოვან ნაწილს სახელისუფლებო ინსტიტუტებსა და კერძო სექტორს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება წარმოადგენს. ამ მიზნით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ე.წ. ფრონტ-ოფისის შექმნაზე, რომელიც ერთი ფანჯრის სისტემით მიაწვდის საჯარო მომსახურებას იურიდიულ და კერძო პირებს.

,,რეფორმების დღის წესრიგის კიდევ ერთი ბლოკი მოიცავს ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარებას. მაგალითად, აღმოსავლეთ-დასავლეთის გზატკეცილი, ასევე სხვა გზატკეცილების მშენებლობა, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა კუთხეს აკავშირებს ერთმანეთთან და მეზობელ ქვეყნებთან, უფრო დაჩქარებული ტემპით განხორციელდება. ასევე დაჩქარდება სხვა პროექტების განხორციელება”, – აღნიშნავს პრემიერი. ამასთან, რეგიონების განვითარების კუთხით კვირიკაშვილის ინიციატივით პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში” ფარგლებში ახალი კომპონენტი, ,,უმასპინძლე საქართველოში” დაემატება, ახალი კომპონენტის ფარგლებში დაინტერესებულ მეწარმეს შეუძლია საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თბილისისა და ბათუმის გარდა, ააშენოს ახალი სასტუმრო, გააფართოოს/გადააიარაღოს არსებული ინფრასტრუქტურა, ასევე, გააფორმოს ფრენჩაიზინგის ხელშეკრულება სასტუმროს საერთაშორისო ოპერატორთან და შემოიყვანოს უცხოური ბრენდი ქართულ ბაზარზე. შესაბამისად სასტუმროს ბიზნესი შეძლებს სახელმწიფოს დახმარებით იაფი კრედიტების აღებას.

,,სტარტაპების” სისტემის დანერგვა

ამასთან ერთად, გიორგი კვირიკაშვილის თქმით მაისიდან იგეგმება ,,სტარტაპების” დაფინანსების სისტემის ამოქმედება. რომლის თანახმადაც დამწყებ მეწარმეებს ინოვაციური ბიზნეს-იდეების მეშვეობით საშუალება ექნებათ დაფინანსება მოიპოვონ. აღსანიშნავია, რომ უკვე წლებია რაც ბიზნესი, განსაკუთრებით მცირე და საშუალო მათი საქმიანობის მთავარ პრობლემად ფინანსებზე ხელმიუწვდომლობას ასახელებს. აკრიტიკებენ ბანკებს და ჩივიან სხვა ალტერნატიული წყაროების არ არსებობის შესახებ. შესაბამისად, დამწყები მეწარმეთათვის `სტარტაპების~ დაფინანსებამ მნიშვნელოვანი ბიძგი უნდა მისცეს ქვეყანაში ეკონომიკური პროცესების გააქტიურებას. ამ პროგრამის შესახებ დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის პროგრამები თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში მოქმედებს ევროპასა და ამერიკაში. როგორც ცნობილია მცირე და საშუალო ბიზნესი ყველაზე კარგი დამსაქმებელია და სწორედ ამ სექტორის მხარდაჭერით შესაძლებელია უმუშევრობის პრობლემის გამოსწორება.

განათლების გერმანული მოდელი

ეკონომიკური კუთხით დაგეგმილი რეფორმების გარდა პრემიერ-მინისტრი განათლების ძირეულ რეფორმირებასაც აპირებს. მისი თქმით, სახელმწიფოს რესურსები ამ კუთხით, მოთხოვნებზე უნდა იყოს გადანაწილებული. როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღეს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა უმუშევარ ადამიანებს აწარმოებს.

,,დღეს ჩვენი განათლების სისტემა და განსაკუთრებით უმაღლესი განათლების სისტემა პირდაპირ აწარმოებს უმუშევარ ადამიანებს. მე შემიძლია მოგიყვანოთ ჩემი შვილების მაგალითი, ჩემი დიდი მცდელობის მიუხედავად ვერ გადავარწმუნე რომ პროფესიად აერჩიათ ბიზნესი. მე არ მესმის 4 წელი ბაკალავრის დონეზე რატომ უნდა ისწავლოს ბიზნესი. არ მესმის, 18 წლის ახალგაზრდამ რატომ უნდა ისწავლოს 4 წელი ბიზნესი. ის უნარ-ჩვევები რომელსაც ისინი იძენენ, არ ემყარება უფრო ფუნდამენტურ განათლებას.

იმდენი ადამიანი ამთავრებს საქართველოში ამ სპეციალობას და შემდგომში ფაქტიურად არიან უმიმართულებოდ, რჩებიან უმუშევრები და უწევთ გადაკვალიფიცირება. მითუმეტეს, რომ სახელმწიფო არ უნდა ხარჯავდეს რესურსს ამაში. როდესაც კერძო სექტორს უწევს საკუთარი რესურსის დახარჯვა იმაში, რომ გააგზავნოს ახალგაზრდები საზღვარგარეთ, რათა მეტი კვალიფიკაცია შესძინოს თანამშრომლებს. დღეს ჩვენ ვაწარმოებთ ხუთჯერ მეტ დიპლომატს, ვიდრე საგარეო საქმეთა სამინისტროს გააჩნია ვაკანსიები მომავალი წლისთვის”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ასე რომ, გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივები ძირეულ რეფორმებს გულისხმობს განათლებისა და საგადასახადო მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ პრემიერი ინიციატივები როგორც მეწარმეთათვის ისე მოქალაქეებისთვის მისასალმებელი აღმოჩნდა. თუმცა თუ ამ რეფორმებმა რეალური შედეგები მალევე არ გამოიღო, ის დადებითი მოლოდინები, რომლებიც ბიზნეში გაჩნდა ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნით, მალევე გაქრება. თუმცა, როგორც გიორგი კვირიკაშვილმა სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, – ,,საქართველოს უკან დასახევი გზა არ აქვს, ჩვენ არჩევანი გავაკეთეთ. ჩვენ დიდი გზა გავიარეთ, რომ ერთიანი და თავისუფალი ევროპის ნაწილი ვყოფილიყავით. ჩემი ქვეყანა ვერ იქნება თავისუფალი, სანამ მისი მოქალაქეები ღირსეულად არ იცხოვრებენ”. იმისათვის კი, რომ საქართველო ევროპული სახელმწიფო გახდეს პირველ რიგში ეკონომიკური განვითარებაა საჭირო.

მერაბ ჯანიაშვილი
,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ვიცე–პრეზიდენტი