ლარის გამყარება: დადებითი და უარყოფითი 

0
74
ლარის გამყარება: დადებითი და უარყოფითი 

ლარის კურსი გამყარებას განაგრძობს. პარასკევს, 15 აპრილის – ვაჭრობის შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.25–ზე დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ლარის კურსმა გამყარების ტრენდი მარტის თვის დასაწყისიდან დაიწყო და დაახლოებით ერთ თვეში ლარის კურსი 2,49-დან 2,25-ზე ჩამოვიდა. დოლართან მიმართებაში ასე მყარი ლარი მხოლოდ 2015 წლის ივლისში იყო. რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ოფიციალური კურსით 2,53 ლარად იყიდება.

საინტერესოა, რომ 2016 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური მაჩვენებლები, რომელიც ლარის კურსის ფორმირებაზე ახდენენ ზეგავლენას, დიდად არ გაუმჯობესებულა. თუ არ ჩავთვლით ტურიზმის ზრდას, რაც ბოლო წლებში სტაბილურად იზრდება. სტატისტიკური მონაცემებით, პირველ კვარტალში ექსპორტი 6-წლიან მინიმუმამდე შემცირდა. იანვარ-მარტში ქვეყნიდან მხოლოდ 443 მილიონი დოლარის პროდუქტი გავიდა. ასევე გაიზარდა უარყოფითი სავაჭრო ბალანსი და 59%-ს მიაღწია. ჯერჯერობით, არ მოიპოვება ინფორმაცია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ. რაც შეეხება სავაჭრო პარტნიორ სახელმწიფოებს, სხვა ქვეყნის ვალუტები დოლარის მიმართ ასეთი მკვეთრი გამყარებით არ გამოირჩევიან.
ეკონომისტთა უმეტესობა ლარის გამყარებას საზოგადოებაში და ბიზნესში დადებით მოლოდინებს უკავშირებს. ექსპერტები ასევე აღნიშნავენ, რომ 2016 წლის დასაწყისში ლარის მკვეთრი გაუფასურებისას ეროვნულმა ბანკმა არასწორი პოლიტიკა გაატაარა, არ მოახდინა სავალუტო ინტერვენციები და ლარი იმაზე მეტად დაეცა დოლარის მიმართ, ვიდრე ამის ეკონომიკური საფუძვლები არსებობდა. შესაბამისად ახლა ლარი წონასწორობის იმ ნიშნულს უბრუნდება, რომელიც რეალურად შეესაბამება დღესათვის ეკონომიკაში არსებულ ფულადი რესურსების თანაფარდობას.
გაზეთმა ,,ბანკები და ფინანსებმა” რამდენიმე ექსპერტს მიმართა კითხვებით, თუ რატომ უფასურდება ლარი, როგორია მათი პროგნოზი და რა დადებითი თუ უარყოფითი შედეგები მოჰყვება ეროვნული ვალუტის დევალვაციას.

მიხეილ დუნდუა, ეკონომიკის ექსპერტი, – ,,ვფიქრობ, უნდა ველოდოთ ლარის კურსის გამყარებას. ლარმა იპოვა შუალედი 2.2-სა და 2.3-ს შორის და შემდგომ დასტაბილურდება, იმიტომ რომ გაზრდილი შემოსავლები, ინვესტიციები და სხვა გაუმჯობესებული ეკონომიკური ფაქტორები ბუნებრივია დადებითად აისახება ეროვნული ვალუტის კურსზე.
ლარის დასტაბილურება, მისი გამყარება ცალსახად დადებითი მოვლენაა. თუმცა, მკვეთრი მერყეობის ასაცილებლად მნიშვნელოვანია მისი თანაბარზომიერი დასტაბილურება. ეროვნული ბანკი მიმართვას ისეთ ზომებს, რომელიც კურსს თანდათანობით ასტაბილურებს. თანდათანობით, ნელი ტემპით კურსის იმ ნიშნულამდე მიყვანა, რომელიც ეკონომიკურ რეალობას შეესაბამება ეროვნული ბანკის ამოცანა უნდა გახდეს. ეროვნული ბანკის მხრიდან სწორი მონეტარული პოლიტიკით შესაძლებელია კურსის სერიოზულ გამყარება. შესაძლებელია კურსის 2.0-2.20 შორის ჩარჩოში მერყეობდეს. ველოდებით ეროვნული ბანკის მხრიდან ნაბიჯებს და ალბათ მომავალ თვეებში უფრო კარგი სურათი გვექნება კურსთან მიმართებაში”.

ბესო ნამჩავაძე, ,,საქართველოს რეფორმების ასოციაციის” ეკონომისტი, – მიუხედავად იმისა, რომ ექსპორტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებულია. იმპორტი კიდევ უფრო მეტად მცირდება. რაც შეეხება ფულად გზავნილებს, აქაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კლებაა, მაგრამ თვიდან თვემდე მატულობს და ტურიზმში უკვე მარტის თვის შედეგებით ვიცი, რომ 25%-იანი ზრდა გვაქვს. ეს დაახლოებით შემოსავლების 25%-იან ზრდას უდრის. საგარეო ფაქტორებში ასევე მნიშვნელოვანი იყო, მარტში მთავრობის მიერ მოზიდული დაახლოებით 70 მილიონი დოლარის სესხი. შიდა ფაქტორებს რაც შეეხება, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებულია, ლარი გაყინულია, რის ფონზეც უფრო მეტი დოლარი შემოდის ქვეყანაში. მოსახლეობის და ბიზნესის განწყობა პოზიტიურია და უფრო გამყარებისკენ არის მიმართული. ყველა ფაქტორია იმისათვის, რომ მოკლევადიან პერიოდში ლარს გამყარების ტენდენცია ჰქონდეს. რაც შეეხება საშუალო და გრძელვადიან პერიოდს, ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი უცხოური ინვესტიციები, უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, რათა გრძელვადიან პერიოდშიც შევინარჩუნოთ ეს ტენდენცია.
ლარის კურსის სწრაფი ტემპით გამყარება ნიშნავს ჩვენი საექსპორტო პროდუქციის გაძვირებას. გამყარებული ლარის კურსით უფრო გაგვიჭირდება ექსპორტის წამოწევა ზემოთ, მაგრამ ჯამში საქართველოში უკვე იმ ზღვარზე იყო მისული სავალუტო კრიზისი, რომ შესაძლოა ფინანსურ-ეკონომიკურ კრიზისში გადასულიყო. ის დანაკარგები, რაც გვაქვს სწრაფი ეკონომიკური გამყარებით, ჩემი აზრით, უმნიშვნელოა იმასთან შედარებით რასაც შეუძლია ფინანსურმა სტაბილურობამ მოუტანოს ქვეყანას ლარის გამყარებით.

ლია ელიავა, საბანკო ექსპერტი, – ,,ლარის გამყარებას განაპირობებს ორი ძირითადი ფაქტორი. ერთი არის, რომ ქვეყნიდან შეწყდა კაპიტალის ინტენსიური გადინება, რამაც კომერციული ბანკების მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე შეამცირა. მეორე ფაქტორი არის დოლარის შესუსტება. ყველა ვალუტა დოლარის მიმართ მყარდება. ლარიც არ ჩამორჩა ამ პროცესს. სავალუტო კურსის მკვეთრი მერყეობა მცირე დროში არის დამანგრეველი ეკონომიკისათვის. ასეთი რყევები აშკარად ატარებენ არაეკონომიკური გათვლებით გამოწვეულ ხასიათს. სწორედ ამიტომაც ასე სწრაფად მერყეობს ვალუტის კურსი. ეს არის საქართველოს საკურსო სისტემის დადგენის დაავადება, რომელიც აუცილებლად განსაკურნია, ანუ შესაცვლელია ლარის კურსის დადგენის მეთოდი. ქვეყანაში შემოსული და გასული კაპიტალი, რომელიც არ არის დაკავშირებული ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებთან, არ უნდა ახდენდეს გავლენას ლარის კურსზე”.

ლევან კალანდაძე, ეკონომიკის ექსპერტი, – ,,ლარის კურსი ყოველთვის დამოკიდებულია ქვეყანაში შემოსული და გასული ვალუტის მასაზე, ანუ ლარის მასის და უცხოული ვალუტის მასის თანაფარდობაზე. მარტის თვიდან მოყოლებული გარკვეული მაკროეკონომიკური პარამეტრები ჩვენ გაგვიუმჯობესდა. ეს ძირითადად განპირობებული იყო რეგიონში და ჩვენს მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის მეტნაკლებად დასტაბილურებით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა რისკ ფაქტორი ამოწურულია, მაგრამ გარკვეული კუთხით ჩვენ დაგვისტაბილურდა მდგომარეობა. მხედველობაში მაქვს, პირველ რიგში სავალუტო შემოდინებების გაზრდა, როგორც ტურისტული ნაკადების სახით, ისე ფულადი გზავნილების სახით. დიდი ზრდა არ არის, მაგრამ წინა თვეებთან შედარებით შესამჩნევი ზრდაა. არ გვაქვს ჯერჯერობით მონაცემი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ. სავარაუდოთ, მეორე კვარტლიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი გაუმჯობესდება და ესეც დამატებითი პოზიტიური ფაქტორი იქნება ლარის კურსის დასტაბილურებისა. აქედან გამომდინარე, ლარი ნელ-ნელა წამოვიდა ქვემოთ და დაიწყო დასტაბილურება, შესაბამისად, ეროვნულ ბანკს საშუალება მიეცა, რომ ეს პერიოდი, ანუ ლარის კურსის სტაბილურობის და ლარის კურსის დოლართან მიმართებაში გამყარების პერიოდი, გამოეყენებინა რეზერვების შესავსებათ.

მოკლევადიანი თვალსაზრისით რამდენიმე პოზიტიური ნიშანი ჩანს. პირველი ის , რომ რადგან ეროვნული ბანკი დღეს ყიდულობს დოლარს, ეს ნიშნავს რომ მოკლევადიან პერიოდში ლარის გაუფასურების რისკი არ არსებობს. მეორე ნიშანი, რომელიც საყურადღებოა ასეთ დროს, არის ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსი და ე.წ. ,,სავალუტო ჯიხურების” კურსის შედარება ერთმანეთთან. როცა ლარი უფრო მყარია სავალუტო ჯიხურებში, ვიდრე ოფიციალური კურსი, ეს ნიშნავს რომ ზოგადად საზოგადოებაში, ბიზნესში მოლოდინები ლარის კურსთან დაკავშირებით არის პოზიტიური. რაც შეეხება მაკროეკონომიკურ ფაქტორებს, იწყება ზაფხულის სეზონი, რაც ერთის მხრივ ხასიათდება მაღალი ეკონომიკური აქტივობით, რაც ლარზე პოზიტიურად მოქმედებს. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი უკავშირდება იმას რომ ზაფხულის სეზონი უკავშირდება ტურისტული ნაკადების გაზრდის თვალთაზრისით კიდევ უზრუნველყოფს დამატებით სავალუტო შემოდინებებს.

ძალიან მნიშვენლოვანია ფინანსთა სამინისტრო გააგრძელოს ხარჯვითი პოლიტიკა, რაც შეიძლება თანმიმდევრული და გეგმაზომიერი, რათა თავად ბიუჯეტი არ გახდეს ლარის კურსის დამატებითი რისკ ფაქტორი. როგორც ფინანსთა მინისტრი აცხადებს, ამ თვალთაზრისით დაბალანსებული მდგომარეობაა და შესაბამისად ყველა მოლოდინი გათვალისწინებულია. ზაფხულის პერიოდში, რა თქმა უნდა, ნელ-ნელა და აუცილებელია რომ ეს ნელ-ნელა იყოს, ლარი გამყარებას განაგრძობს. ჩვენ ვერ ვწყვეტთ კონკრეტულად რა ნიშნულზე ჩამოვა ლარი, რადგან ჩვენი ეკონომიკა მნიშვნელოვან წილად დამოკიდებულია საგარეო ფაქტორებზე. ჩვენი სამომხმარებლო კალათის დაახლოებით 70% იმპორტულია.

არ არსებობს მიზეზი რომ ვთქვათ ლარის გაუფასურება არის კარგი. ყველა შემთხვევაში ლარის გამყარება არის პოზიტიური. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის მაღალი კომპონენტი იქნება შენარჩუნებული, ბიზნეს გარემო უფრო მეტად პროგნოზირებადი და სტაბილური იქნება. ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რასაც ეროვნული ბანკი აკონტროლებს, ლარის მკვეთრი გამყარება ისევე როგორც მკვეთრი გაუფასურება არის ცუდი. ნახტომისებურმა გამყარებამ შეიძლება პატარა შოკები გამოიწვიოს და ეს მაქსიმალურად მონიტორინგის ქვეშ უნდა იყოს. ეროვნულმა ბანკმა თავისი მონეტარული პოლიტიკით და ინსტრუმენტებით ამის პრევენცია უნდა გააკეთოს. თუ გავითვალისწინებთ რომ დოლარიზაციის ძალიან მაღალი მაჩვენებელია ქვეყანაში, მოსახლეობის დიდ ნაწილს სესხები უცხოურ ვალუტაში აქვს, ლარის გამყარება ნიშნავს, რომ მათთვის ფინანსური წნეხი შემსუბუქდება. ბუნებრივია, ეს ნიშნავს რომ ლარის გამყარების პარალელურად მათ გაუიაფდებათ ცხოვრება, მცირედით, მაგრამ მაინც”.

მოამზადა ბაჩო ჯინჭარაძემ