,,საჭიროა მცირე და საშუალო ბიზნესის მაქსიმალური სტიმულირება”

0
35
,,საჭიროა მცირე და საშუალო ბიზნესის მაქსიმალური სტიმულირება”

,,კომერციულმა ბანკებმა ეტაპობრივად შეიცვალონ პროფილი და გადავიდნენ საინვესტიციო ბანკების რანგში”

 საქართველოს პრეზიდენტს ახალი ეკონომიკური მრჩეველი ჰყავს. მაია მელიქიძეს საინტერესო ბიოგრაფია აქვს. საერთაშორისო ეკონომიკური სამართლის სპეციალობის დაუფლების შემდეგ სწავლა განაგრძო ევროპის მენეჯერთა სკოლაში (ESM). გავლილი აქვს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (აშშ) უცხოური ინვესტიციების კურსი. სწავლობდა ჰარვარდის უნივერსიტეტის (აშშ) ბიზნეს–სკოლაში გლობალური სტრატეგიული მართვის სპეციალობით. იყო ,,ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს” პროექტის მენეჯერი. Ernst & Young-ის უფროსი აუდიტორი. სს ,,საქართველოს ბანკის” მთავარი საგადასახადო სპეციალისტი. სს ,,ლიბერთი ბანკის” საქართველოს ეროვნულ ბანკთან და საერთაშორისო აუდიტორთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი. არის ილიას სახელობის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი საბანკო-საფინანსო მიმართულებით. 2016 წლის 14 მარტიდან  საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველია ეკონომიკურ საკითხებში. მაია მელიქიძეს ,,ბანკები და ფინანსები” მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე ესაუბრა.

 

– ქალბატონო მაია, დღის წესრიგში დგას საქართველოში დეპოზიტების დანერგვის საკითხი. ამ თემაზე, წინა წლებში, რამდენჯერმე იყო საუბარი და იდეა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდანაც მხარდაჭერასაც იმსახურებდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზთა გამო, საკითხი ადგილიდან არ დაძრულა. როგორია თქვენი დამოკიდებულება დეპოზიტების დანერგვასთან დაკავშირებით?

– ცხადია, დეპოზიტების დაზღვევის იდეას მივესასალმები. საქართველო პრაქტიკულად ერთადერთი ქვეყანაა პოსტსაბჭოთა სივრცეში,  სადაც ეს სისტემა არ მოქმედებს. უკვე არსებობს გარკვეული რეკომენდაციები, რომ დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან. ფინანსთა სამინისტროში დაწყებულია პროექტზე მუშაობა. პროცესში ჩართულია საბანკო ასოციაცია, რომელიც უზრუნველყოფს კომერციულ ბანკებთან კომუნიკაციას. უნდა ითქვას, რომ საბანკო სექტორი ასევე მიესალმება დეპოზიტების დაზღვევის სისტემის დანერგვას. არის გარკვეული საკითხები, მაგალითად, პროცესის დაწყების თარიღის განსაზღვრა და სხვა, რომელთა თაობაზეც, ვფიქრობ, პროცესის მონაწილე მხარეები ოპტიმალურ გადაწყეტილებამდე მივალთ. ზოგადად, დეპოზიტების დაზღვევის სისტემა იმიტომ ინერგება, რომ დაცული იყვნენ დეპოზიტარები, ანუ მომხმარებლები, ეს არის ძირითადი ამოსავალი წერტილი,  რომ ბანკი თუ გაკოტრდება, არსებობდეს ქვეყანაში ისეთი ფონდი, რომელიც ოპერატიულად აუნაზღაურებს დეპოზიტარს დანაკარგს. ამ ეტაპზე ამის ალბათობა არ არსებობს. ფაქტია, რომ ეროვნული ბანკი მკაცრად არეგულირებს კომერციულ ბანკებს იგივე დეპოზიტების ჭრილში, სესხების შესაძლო დანაკარგების ჭრილში და ასე შემდეგ. დეპოზიტების დაზღვევის სისტემა აუცილებლად დასანერგია. ის პრევენციულ ხასიათს ატარებს და სისტემის მდგრადობას ემსახურება.

– როგორ აფასებს ბოლო წლების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს, რამდენად საკმარისია არსებული დინამიკა დასახული ამოცანების გადასაჭრელად?

– 2016 წელს ჩვენი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2,5%. იმის თქმა, თუ როდის დავეწევით განვითარებულ ქვეყნებს,  რთულია. ვფიქრობ, 2016 წელი, ეკონომიკური თვალსაზრისით, უფრო უკეთესი იქნება, ვიდრე იყო 2015. 2017 წელზე 2016 წლის ბოლოს გავაკეთებთ პროგნოზს. ეკონომიკურ პროცესებზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს. ის რაც მოხდა წინა წლების განმავლობაში, იგივე ეროვნული ვალუტის გაუფასურება, იყო გარე ფაქტორების ბრალი, რამაც დიდი ზიანი მიაყენა მოსახლეობას. შემცირდა შემოსავალი და გაიზარდა ვალდებულებები ბანკების მიმართ, შესაბამისად, მსყიდველობითუნარიანობა შემცირდა. შენელდა წარმოების ზრდის ტემპიც, იმპორტიც.

საიმედო ის არის, რომ ამ ეტაპზე, მაკროეკონომიკური პარამეტრები პოზიტიური მოლოდინის საფუძველს იძლევა. შიდა ფაქტორებზეც რომ გავამახვილოთ ყურადღება, ბიუჯეტი იგეგმება სტაბილურად. ქვეყანა იმართება სწორად. ამასთან ერთად, ვხედავთ სამთავრობო გუნდის აქტიურობასაც ამ მიმართულებებით.

ძალიან მნიშვნელოვანია აბრეშუმის გზის პროექტი. ეს არის სწორი გადაწყვეტილება, რომ რაც შეიძლება მეტად განვავითაროთ აბრეშუმის გზის თემა. ასევე გვაქვს მტკნარი წყლის საკითხი ირანთან. ზოგადად, უნდა შევხედოთ საქართველოსა და საერთაშორისო ბაზრებს და ამის მიხედვით უნდა ვივარაუდოთ უნდა გავიდეს თუ არა ესა თუ ის რესურსი ბაზარზე. ეს არის ძირითადი, რაზეც შემიძლია, ამ ეტაპზე, გავამახვილო ყურადღება.

– ეროვნული ვალუტის დევალვაციის პროცესს საუბარში  უკვე შევეხეთ, მაგრამ საინტერესოს თქვენი პროგნოზი –რას უნდა ელოდოს მოსახლეობა, შეინარჩუნებს თუ არა ლარი სტაბილურობას?

– დევალვაციის გამომწვევ მიზეზებზე, გარე თუ შიდა ფაქტორებზე ბევრი ითქვა და დაიწერა. მთავარია, რომ დღეს მაკროეკონომიკური პარამეტრები, როგორც აღვნიშნე, სტაბილურია. ბიუჯეტიც არის ნორმალიზებული, გაზრდილია ფულადი გზავნილები ისრაელიდან, აშშ-დან, გერმანიიდან. ასევე გაიზარდა ტურისტული ნაკადის შემოდინებაც. ამ მხრივ აქტიური იყო თებერვლის მეორე ნახევარი, მარტი და აპრილი. თუ 2016 წლის პირველი სამი თვის მაჩვენებელს შევადარებთ 2015 წლის ანალოგიურ პერიოდს, ტურისტთა შემოდინების თვალსაზრისით, 24.8%–იანი ზრდა გვაქვს. საყურადღებოა ახალი საერთაშორისო ბაზრების საკითხიც. გაჩნდა ახალი ზელანდიის, ინდოეთის და სხვა  საინტერესო ბაზრებზე მასშტაბურად გასვლის პერსპექტივა. ეს ყველაფერი ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ მოლოდინს ქმნის, რაც ლარის სტაბილურობაზეც აისახება.

მოლოდინებთან დაკავშირებით კონკრეტულ სიგნალს მივიღებთ ასევე 27 აპრილს დაგეგმილ ეროვნული ბანკის სავალუტო საბჭოს სხდომის შედეგებიდან, სადაც განხილული იქნება რეფირანსირების განაკვეთის საკითხი. დღევანდელი პარამეტრებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მისი გაზრდის აუცილებლობა არ არის.

– ტურიზმი, რამდენად აქვს შანსი ამ სფეროს წამყვანი როლი დაიკავოს საქართველოს ეკონომიკაში?

– ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელსაც შეუძლია შედარებით სწრაფად მოუტანოს ეკონომიკას ფული, საქართველოს შემთხვევაში, ეს არის ტურიზმი. ამასთან დაკავშირებით, გარკვეული ქმედებები უკვე განხორციელებულია. ეს არ დაწყებული რამდენიმე თვის წინ, უკვე წლებია საქართველო ცდილობს, მსოფლიოს გააცნოს თავი და გახდეს ბრენდი როგორც რეგიონში, ასევე მოიზიდოს ევროპისა და ამერიკის ტურისტული ნაკადიც. დასაშვებია, რომ ტურიზმი იყოს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი.

– ქართული საბანკო სფერო, თქვენი აზრით, რამდენად წარმატებულად ართმევს თავს იგი ეკონომიკის ძრავის ფუნქციას?

– უდაოა, რომ საბანკო–საფინანსო მიმართულება საქართველოში ერთ–ერთი ყველაზე სტაბილური და წარმატებული სექტორია. ვისურვებდი, კომერციულმა ბანკებმა ეტაპობრივად შეიცვალონ პროფილი და გადავიდნენ საინვესტიციო ბანკების რანგში, ან თუნდაც შექმნან  შვილობილი კომპანიები, რომლებსაც ექნებათ საინვესტიციო დატვირთვა და მოხდება ინვესტირება ეკონომიკის სხვადასხვა დარგებში.  კარგი იქნება თუ არ დავეყრდნობით მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებულ სესხებს, იმისთვის, რომ მოვახდინოთ ეკონომიკის სტიმულირება. ხელი უნდა  შეეწყოს საინვესტიციო ბანკებისა და ფონდების არსებობას.

– NDI-ის მიერ ახლახანს გამოქვეყნებული კვლევებს თუ დავეყრდნობით, უმთავრეს პრობლემად უმუშევრობა, სამუშაო ადგილების სიმცირე და მძიმე სოციალური ფონი დასახელდა. თქვენი აზრით, რა უნდა მოიმოქმედოს მთავრობამ ვითარების შესაცვლელად?

– მთავრობა სამუშაო ადგილებს არ ქმნის. ეს ბიზნეს–სექტორის პრეროგატივაა. მთავრობამ ბიზნესს უნდა შეუქმნას ის გარემო, რომ იგი თავად გაფართოვდეს და დაასაქმოს რაც შეიძლება მეტი ადამიანი. საქართველოშო დღეს მსხვილი ბიზნესის წილი გახლავთ 80%. მცირე და საშუალო ბიზნესს უკავია 20%. ჩვენ თუ გვინდა, რომ უმუშევრობა შევამციროთ, ეს თანაფარდობა ეტაპობრივად უნდა შევცვალოთ და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი. როდესაც ვიტყვით, რომ საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის წილი არის 80% და მეტი, ეს იქნება იმის მანიშნებელი, რომ უმუშევრობის მაჩვენებელი ნულამდე იქნება დაყვანილი.

ამ თვალსაზრისით, მცირე და საშუალო ბიზნესის მაქსიმალური სტიმულირებაა საჭირო, ამას ემსახურება DCFDA, ანუ ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტია.

საქართველოს მთავრობა შეძლებისდაგვარად ახერხებს ამ ამოცანაზე მუშაობას. მცირე და საშუალო ბიზნესის წამახალისებელი მექანიზმები, მაგალითად, პროექტი აწარმოე საქართველოში და სხვა ნამდვილად ემსახურებოდნენ მცირე და საშუალო ბიზნესის სტიმულირებას და ცალსახად კარგი პროექტებია, მაგრამ მათ წინაშე დგას ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა,  – ამ პროექტების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონე მცირეა. ამ პროექტების არსებობისა და გამოყენების შესახებ ინფორმაცია, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, ხშირ შემთხვევაში, არ გააჩნიათ. ერთგვარი სპეციალური საკომუნიკაციო ხიდი უნდა ავაგოთ ამასთან დაკავშირებით და ყველას გავაგებინოთ, რომ არსებობს მსგავსი პროექტები და რომ ხელისუფლება აკეთებს კარგ საქმეს. უნდა ვასწავლოთ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, თუ როგორ უნდა გამოიყენონ ეს პროექტები, სად მოიძიონ ინფორმაცია მათ შესახებ და მივცეთ გარკვეული მიმართულებები. პროექტები არსებობს, ბაზარიც არსებობს, მთავარია სწორი და ეფექტიანი კომუნიკაცია

– ითვლება, რომ საქართველოს ბიუჯეტი არის სოციალურად ორიენტირებული. რამდენად ეთანხმებით ბიუჯეტის ამგვარად ფორმირებას?

– ბიუჯეტი უნდა იყოს დაბალანსებული. ქვეყანას ჰყავს შეჭირვებული მოსახლეობის საკმაოდ დიდი რაოდენობა. ქვეყანას ასევე ჰყავს საშუალო ფენაც, რომელიც მუშაობს, რომელსაც შეუძლია თანხების გენერირება. ქვეყნის ბიუჯეტი უნდა იყოს გათვლილი ისე, რომ ვისაც ნამდვილად უჭირს, უნდა მოხდეს მათი დახმარება, თუ შრომის უუნაროა ადამიანი, მასაც, რა თქმა უნდა, უნდა დავეხმაროთ. მაგრამ თუ ადამიანს შეუძლია მუშაობა, უნდა მოხდეს მისი წახალისება, უნდა მოვახდინოთ მისი პერეკვალიფიკაცია, დავაუფლოთ ახალი და მოთხოვნადი სპეციალობა, რომ შეძლოს საკუთარი შრომით გამოიმუშაოს თანხა.

ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია ამბობს, რომ  ერთია როდესაც ვინმეს აძლევ თანხას, მაგრამ მეორეა, გამოიმუშავებს ეს ფული ფულს თუ არა. ანუ, ინვესტირებული თანხა იძლევა თუ არა საპასუხო რეაქციას. სოციალური თვალსაზრისით, თუ ჩვენ გვყავს შრომისუნარიანი ადამიანი, რომელმაც სამსახური ვერ ნახა, მაგრამ შემდეგ ჩვენ მოვახდენთ მის დატრენინგებას და იგი დაიწყებს მუშაობას, ეს ნიშნავს იმას, რომ ფულმა ფული გამოიმუშავა, ანუ ჩვენს მიერ ამ ადამიანის დატრენინგებაში ჩადებულმა ინვესტიციამ შედეგი გამოიღო. მან შემოსავალი მოუტანა თავის ოჯახს, ის ასევე სახელმწიფოს გადაუხდის გადასახადებს. ასეთი მოქმედებებით გაცილებით მეტ ნაბიჯს გადავდგამთ წინ. მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე ორიენტირებული ბიუჯეტი გარკვეული პერიოდი მოგვცემს საშუალობას, რომ დახმარება გავუწიოთ მათ, მაგრამ შემდგომ დადგება უფრო რთული პერიოდი და უფრო მეტი ადამიანი გახდება დასახმარებელი. კარგი იქნება თუ თანხის გარკვეულ ნაწილს მოვახმართ ინვესტირებას და შრომისუნარიან ადამიანებს შევუწყობთ ხელს განვითარებასა და დასაქმებაში.

ესაუბრა გიორგი კაპანაძე