“მთავრობამ ონლაინ სესხების დარგის განსავითარებლად რაც შეიძლება მეტი ფინანსური რესურსი უნდა მიმართოს”

0
19
“მთავრობამ ონლაინ სესხების დარგის განსავითარებლად რაც შეიძლება მეტი ფინანსური რესურსი უნდა მიმართოს”

 

გასულ კვირაში გადაცემა “ეკონომეტრს” სტუმრობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, დავით ასლანიშვილი, რომელმაც ლარის კურსის შესახებ საუბართან ერთად ასევე ონლაინ სესხებსა და ზოგადად ფინანსური ბაზრების რეგულირებაზეც ილაპარაკა. რაოდენ საინტერესოც არ უნდა იყო, ბატონი დავითი, რომელიც გამოირჩევა ბანკების მიმართ კრიტიკული შეფასებებით (“გაცემული 15 მილიარდის სესხის სანაცვლოდ, საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს გირაოში უდევთ 300 მილიარდ ლარზე მეტი ქონება” – დავით ასლაიშვილი) და ეროვნული ბანკის ხშირი კრიტიკით, სუსტი საბანკო ზედამხედველობის გამო, ონლაინ სესხების ბაზარის რეგულირებას არ ემხრობა და პირიქით მიიჩნევს, რომ ამ სექტორის განვითარების მიზნით მთავრობამ მეტი ფინანსური რესურსი უნდა მიმართოს.

ეროვნული ვალუტის არც უცაბედი გამყარება და არც გაუფასურება ეკონომიკისთვის მისასალმებელი არ არის, თუმცა ლარს ბოლო დროს სწორედ ეს ემართება. ეროვნული ბანკი წარსულში ასეთ რყევებს მცურავი კურსით ხსნიდა, ახლა კი კომენტარს საერთოდ არ აკეთებს. რამდენად მართებულია ასეთი ქცევა და მცურავი კურსის პირობებში პროგნოზის გაკეთება?

– პირველ რიგში უმჯობესი ეროვნული ბანკის ეს პოზიცია უფრო მკაფიო ყოფილიყო და იყოს. რაც შეეხება მიმდინარე სიტუაციას და კურსს, აღარ ჩავალ სიღრმისეულ ანალიზში, თუ რა მდგომარეობაა. მიმოქცევაში ლარის მასა, რაც განაპირობებს გაცვლით კურსს დოლარსა და ლარს შორის, ამ ეტაპზე არის იმდენივე ოდენობის, რაც იყო 2013 წლის მიწურულს, როდესაც კურსი იყო 1,65-1,7-ის ფარგლებში. მოგეხსენებათ ლარის კურსი ახლა 2.3-2.32-ის ფარგლებში მერყეობს, რაც განპირობებულია გარკვეულწილად ცნობილი კატაკლიზმებით, მათ შორის შიდა ბაზარზე არასწორად ჩატარებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკით, როგორც ეროვნული ბანკის მხრიდან ასევე ალბათ სამთავრობო შეცდომის გამო, რამაც გამოიწვია ლარის კურსის ასეთი მკვეთრი დევალვაცია, თითქმის 40%-იანი.

რაც შეეხება სამომავლო პროგნოზს, პირველ რიგში უნდა ვივარაუდოთ, რომ თუ გაგრძელდა ის პოლიტიკა, რომელსაც ახლა ატარებს ეროვნული ბანკის მცირედით განახლებული შემადგენლობა, ამ შემთხვევაში ლარის კურსის დასტაბილურების ნიშნები, რაც სახეზე გვაქვს, ალბათ უფრო გაგრძელდება, ვიდრე არ გაგრძელდება, რამეთუ პირველ რიგში ლარისადმი ნდობაა დასაბრუნებელი. ფინანსურ ენაზე ლარისადმი ნდობის დაბრუნება ნიშნავს, რომ ლარმა უნდა დაიბრუნოს თავის დაგროვების ფუნქცია. 2013 წელთან შედარებით, მილიარდ – მილიარდ ნახევრამდე ლარი იყო დეპოზიტებზე განთავსებული, ანუ მოსახლეობა ენდობოდა ლარს. ეს იყო ინვესტირების საშუალება. თუმცა ბოლო 2 წლის მანძილზე განვითარებულმა მოვლენებმა ეს ნდობა შეარყია. საჭიროა ლარმა დაიბრუნოს ეს ფუნქცია, რაც გაზრდის ლარზე მოთხოვნას და ამ მხრივ ლარის კურსის გამყარების პოზიტიური ტრენდი შესაძლოა ვიხილოთ.

ზოგიერთი ანალიტიკოსს აზრით ლარის გამყარება ნორმალურია, რადგან მისი გაუფასურების დონე იყო გადაჭარბებული და ახლა უბრალოდ კორექტირდება. როგორ ჰგონიათ, რა დონეზე დაკორექტირდება ეროვნული ვალუტის კურსი? როგორ უნდა მოახდინოს ადამიანმა ორიენტაცია მაშინ როცა ოფიციალური კომენტარი არ კეთდება?

– ეს ოფიციალური კომენტარის არ გაკეთება ნიშნავს, რომ საქართველოს არის საკმაოდ დაბალი ასიმეტრიული ინფორმაციის სიტუაციაში. ჩვენ არ ვიცით რა ხდება და ვერც პროგნოზს ვაკეთებთ სამომავლოდ, როგორც ეს ხდება ევროპის და ამერიკის ბაზრებზე. ინფორმაცია, თუ რა ხდება საქართველოს ბაზარზე, იცის ხოლმე ძალიან ვიწრო წრემ და არ იცის მოსახლეობამ. ეს ნამდვილად არ ამყარებს ლარისადმი ნდობას. საჭიროა და აუცილებელია, რომ ეროვნული ბანკის, ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს მთავრობის მხრიდან მკვეთრი მესიჯები, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის სიცხადის შეტანა ამ კუთხით. სიტუაცია სხვა კუთხით რომ შევხედოთ, თუ რამ გამოიწვია ლარის ასეთი უცაბედი ვარდნა, გამოიწვია ძალიან მარტივმა მოვლენამ: 2012-2013 წლის მიჯნაზე მიმოქცევაში იყო 4 მილიარდი ლარი და ლარის კურსის მკვეთრი ვარდნის პერიოდში ლარის მასა მიმოქცევაში გაიზარდა თითქმის 6 მილიარდ ლარამდე.

მოგეხსენებათ, საქართველოს ეკონომიკა 50%-ით არ გაზრდილა. ამჟამად 4 მილიარდი – 6 მილიარდამდე ზრდა შემცირებულია დაახლოებით 5 მილიარდ 400 მილიონამდე. თუმცა ნდობის ფაქტორი ლარის მიმართ საკმაოდ შემცირებულია. მე არ ვამბობ, რომ დამატებით უნდა შევამციროთ ლარის მასა მიმოქცევაში, მაგრამ ეს 5,5 მილიარდის მასა, რაც გვაქვს მიმოქცევაში და რაც შეადგენს ეკონომიკის მხოლოდ 20%–ს, რადგან დანარჩენი 80% არის დოლარიზებული, ანუ ჩვენ არცერთ ძვირადღირებულ საქონელს ლარში არ ვყიდულობთ. საქართველოს ეკონომიკის ეს 20% მაინც გარკვეულწილად უნდა გამყარდეს და სტაბილიზაციის ნიშნები იგრძნოს, რაც შემდეგ ლარისადმი ნდობაში გამოვლინდება.

სხვათა შორის, იმატა ინვესტიციებმა სხვადასხვა ქვეყნიდან, მეზობლებს შორის არასტაბილურმა სიტუაციამ შესაძლოა გარკვეულწილად ხელი შეუწყო, რომ აზერბაიჯანიდან მკვეთრად იმატა შემოდინებამ და ეს დადებითი ფაქტორია ლარისათვის.

თქვენ ამბობთ, რომ აუცილებელია ოფიციალური პროგნოზის გაკეთება. მცურავი კურსის პირობებში რამდენად შესაძლებელია ამის გაკეთება?

– მე არ ვამბობ, რომ უნდა ვთქვათ ოფიციალურად როგორი კურსი იქნება, უნდა იყოს მკვეთრი ფულად-საკრედიტო თუნდაც მოკლევადიანი გეგმა. თუ რას ვაპირებთ, როგორი იქნება საპროცენტო განაკვეთი, რანაირად აპირებს მთავრობა განავითაროს ფინანსური ბაზარი, როგორ იზიდავს ინვესტიციებს, რას აპირებს არასაბანკო ინსტიტუტების განვითარების კუთხით და ა.შ. ის მესიჯები, რაც გვესმის, უფრო საწინააღმდეგო ტენდენციაზე მეტყველებს. მაგალითად ონლაინ სესხები, იმის ნაცვლად, რომ გაიზარდოს ამ სფეროში დაბანდება და იყოს ფულადი რესურსი მოზიდული, დაიწიოს საპროცენტო განაკვეთმა, ამის ნაცვლად გვესმის კომუნისტური გამონათქვამები, რომ ავკრძალოთ ეს სფერო. ეს არ არის საბაზრო ეკონომიკისთვის დამახასიათებელი ნიშნები. რეგულაცია არ შველის ფინანსურ ბაზარს. ფინანსურ ბაზარს მხოლოდ საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდა შველის. თუ იშოვება ამ დარგში მეტი საპროცენტო შემოსავალი მაშინ კითხვა უნდა დაისვას რატომ ამ მიდის ამ დარგში, სადაც რამოდენიმე კვლევის თანახმად ასობით წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი გამოდის, რატომ არ მიდის ამ ბაზრის მიმართ უფრო მეტი ფინანსური რესურსი. აი მანდ უნდა ეძებოს მთავრობა გამოსავალი და მიმართოს რაც შეიძლება მეტი რესურსი ამ დარგში. თუ ეს დარგი არის განვითარებული და მზარდი მოთხოვნა არსებობს მოსახლეობის მხრიდან, თუნდაც კომპანიების მხრიდან. უნდა გაიზარდოს კონკურენცია. მეტი საინვესტიციო შესაძლებლობა გაჩნდეს ამ ბაზარზე, რაც დასწევს საპროცენტო განაკვეთს უფრო ნორმალურ, გონიერ დონემდე. ვთქვათ, საწყის ეტაპზე იქნება 20-30%, თუნდაც 40% საწყის ეტაპზე, რაც, რა თქმა უნდა, წაადგება სამომავლოდ სიტუაციას და დაეხმარება ქვეყანას ეკონომიკურ წინსვლაში და საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდაში.

გავრცელდა ეროვნული ბანკის განცხადება, სადაც ის მომხმარებელს თანხის დაბანდებასთან დაკავშირებით აფრთხილებს, რა კომენტარს გააკეთებდით ეროვნული ბანკის ამ განცხადებაზე და ხომ არ არის მოსალოდნელი გარკვეული რეგულაციები დაწესდეს ე.წ. სწრაფ სესხებთან დაკავშირებით?

– პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ არიან ლიცენზირებულები, ყველა მათ მიერ გამოშვებულ თამასუქს გააჩნია წარწერა, რომ ეს არის კვალიფიციური ინსტიტუტი. ამ წარწერაზე აღნიშნულია, რომ ის არის გარკვეული რისკების შემცველი, უფრო მაღალი საპროცენტო შემოსავალი ნიშნავს მაღალ რისკს. მომხმარებელი როდესაც ყიდულობს ამა თუ იმ თამასუქს, წარწერა თამასუქზე არსებობს და ყველამ იცის, ვინაიდან მომხმარებელი ხელს აწერს. სხვა მხრივ რაც შეეხება ეროვნული ბანკის განცხადებას, ალბათ საუბარია უფრო ფართო საზოგადოებისთვის ინფორმაციის მოძიებაზე, თორემ იურიდიული კუთხით ყველა ამ თამასუქს, რასაც ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული ინსტიტუტი უშვებს, წარწერა გააჩნია. შესაძლო ან სავარაუდოა, რომ საუბარი არის ეროვნული ბანკის ლიცენზიის არმქონე საფინანსო კომპანიებზე, რომლებსაც არ აქვთ მსგავსი ვალდებულება. დასაზუსტებელია რას გულისხმობს ეროვნული ბანკი ამ ინფორმაციაში. ზოგადად რეგულაციების დაწესება, რა თქმა, უნდა შესაძლებელია, მაგრამ პირველ რიგში რეგულაციამდე საჭიროა საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდა. ანუ, ფულადი რესურსის მიმართვა ამ ბაზრისადმი, თორემ რეგულაციების, აკრძალვების და კომანდიტური ეკონომიკის შექმნას წინ არაფერი უდგას. ჩვენ შეგვიძლია ბნელ, კომუნისტურ წარსულშიც დავბრუნდეთ, ავკრძალოთ საერთოდ ეს ბაზარი.

ეროვნული ბანკი თვლის, რომ ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმაში გადატანით ვალუტის კურსის დადგენის პროცესი უფრო გამჭვირვალე გახდა, თუმცა მიაჩნიათ, რომ ჩვენი ტიპის მცირე და განვითარებადი ეკონომიკისთვის, სადაც ფინანსები მწირია, ისევ სავალუტო ბირჟის მექანიზმის დაბრუნება სჯობს პარალელურ რეჟიმში მაინც. თქვენ რამდენად ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

– ბლუმბერგის სისტემით ჩვენ არ ვიცით, რა რაოდენობის ვალუტის ყიდვა-გაყიდვის შედეგად ხდება კურსის დადგენა, ეს არის ბლუმბერგის სისტემის მთავარი მინუსი. ბანკთა შორის ბირჟაზე, რომელიც წლების წინ არსებობდა, შესაძლებლობა იყო, რომ დაგვენახა ნებისმიერი ბანკი და თვალი გვედევნებინა ვაჭრობისთვის. სამწუხაროდ ბლუმბერგის სისტემით რეალობაში მივიღეთ არატრასნპარენტული გარემო. ჩვენ არ ვიცით რა ბრუნვაა ამ ბლუმბერგზე. შესაძლოა 100 დოლარის ყიდვა-გაყიდვითაც ლარის კურსმა ცვლილება განიცადოს. ჩვენთვის გაუგებარია რამდენად სრულდება ბლუმბერგში დადებული განაცხადები, შესაძლოა ვიღაცამ არ შეასრულოს და არ ვიცით, რამდენადაა კურსი დაცული ასეთი “ფიქტიური” ვაჭრობისგან. ეს ინფორმაცია უნდა იყოს ღია და ვხედავდეთ.