ალიხე, მალიხე, სალიხე – ბარჟას გამობმული ტიტა და აბორდაჟზე აყვანილი საქართველო

0
34
ალიხე, მალიხე, სალიხე - ბარჟას გამობმული ტიტა და აბორდაჟზე აყვანილი საქართველო

 

პოლიტიკიდან გაქრა ჯანსაღი პრაგმატიზმი, პოლიტიკური არენიდან – პოლიტიკოსები, საინფორმაციო სივრცე მთლიანად უზურპირებული აქვთ ნაცებს, პოლიტიკურ პარტიებს, კლანებს და ინტერესთა ჯგუფებს. ეროვნული ბანკის ყოფილი ,,დამოუკიდებელი” პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ნაცების სიის პირველ ათეულშია – აკი, არ იღებს დირექტივებს ოდესის გუბერნატორისგანო? დამოუკიდებელი ექსპერტი რომან გოცირიძე კონსულტაციებს სავარაუდოდ ბოკერიასთან გადის და ასევე ნაციონალების პირველ ათეულში მოიაზრება. აბა, 2030-ის ექსპერტი მიხეილ დუნდუა, ისედაც ,,ქართული ოცნების” სიაში იგულისხმებოდა და ნაცების მხარდამჭერი მედიას რა ვაი-ვიში უნდა, საკვირველია სწორედაც. ამასობაში, ბოკერიამ და რამიშვილმა, ოდესის გუბერნატორთან შეთანხმებით, საინფორმაციო ომი გააძლიერეს ,,ოცნების” მთვლემარე, დეზორგანიზებული და დეზორიენტირებული გუნდის წინააღმდეგ. ხალხში ნდობადაკარგული ,,რუსთავი 2″-დან და ,,ტაბულადან” აქცენტი ინგა გრიგოლიათი გაძლიერებულ ,,პირველზე” გადავიდა. ერთი და იგივე თემები, ერთი და იგივე რიტორიკა, ერთი და იგივე რესპოდენტები. ეთერიდან ეთერამდე გადარბენას ვერ ასწრებენ, საბრალონი. ,,ობიექტივზე” ,,პატრიოტთა ალიანსი” გუგუნებს. კოტე გოგელია ისევ თავის დაკარგულ ბიზნეს-შანსს მისტირის – გადაზიდვების ბიზნესში რომ არ დაუშვეს. პატარკაციშვილების ოჯახი თავის კლანურ ინტერესებს ლობირებს. საზოგადოებრივი მაუწყებელი ისევ ოდესის გუბერნატორის ტყვეობაშია…

საგონებელში ჩავარდნილან NDI და IRI. ,,კავკასიის რესურს ცენტრი” და IPM. მათაც კი შეწყვიტეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნება, იმდენად წარმოუდგენელი პროპორციები ფიქსირდება ხალხის მხრიდან, განწყობების თვალსაზრისით. 20% ,,ოცნება”, 10% ნაცები, სარჩევნო ბარიერთან ,,თავისუფალი დემოკრატები”, ბურჯანაძე და ნათელაშვილი. ,,პატრიოტთა ალიანსი” – 15%-მდე, როგორც კოშმარი პრომიშური და დანარჩენი პრორუსული პარტიებისთვის. გზაკვალაბნეული მსოფლიო დონის ბანი და უკრაინიდან დევნილი ქობულეთელი ოლიგარქი ჩერნოვეცკი, გირჩები, როგორც ნაძვის ხის სათამაშოები და სულ ესაა… რაც შეეხება იმათ, ვინც BELOW ZERO, მათ არც ფული აქვთ და არც პერსპექტივა უახლოეს მომავალში. და მაინც, მართალია ირინა სარიშვილი – ახლა, ამ ქვეყანაში მხოლოდ ორნი ასრულებენ არიას, – ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი, ოღონდ რომელია აბესალომი და რომელი მურმანი, ამაზე განახევრებული საქართველო ურთიერთგამომრიცხავ პასუხს იძლევა. თუმცა, ,,ოცნების” 20% და ნაცების 10, თავისთავად ამბობს სათქმელს.

.. და მიცურავს ბარჟა, როგორც გემი, ფელინის რომელიღაც ნეორეალისტურ შედევრში. შესცქერის ამ გემს მშიერი საქართველო და ხელმოცარული პოლიტიკოსების ჯგრო და ისმის საყოველთაო ღაღადისი – ალიხე, მალიხე, სალიხე… ალიხე, მალიხე, სალიხე… ღმერთო, გვაპოვნინე ნატვრისთვალი!

,,რა იქნება შენს მახლობლად მეც ვიყო, შენს ეზოში გადარგული ხე ვიყო”…

რა გინდათ, მეგობრებო? ბათუმის გაჩანაგებულ ბოტანიკურ ბაღს პატრონობს, თბილისის ბოტანიკურ ბაღს, ასევე. თბილისის ზღვაზე ზოოპარკს გიშენებთ. საჯარო ბიბლიოთეკა, რომ არ გენგრევათ თავზე, ესეც მისი დამსახურებაა. ოპერის თეატრი და სხვა ღირსშესანიშნავი ნაგებობები თბილისის, სხვათა შორის, ქართველი ბიზნესმენების და სომეხი დიდვაჭრების აშენებული რომ არ დაგენგრათ თავზე, ესეც მაგ კაცმა გააკეთა. სამებაც მაგან აგიშენათ და ხუთასი ძველი ეკლესია-მონასტერიც მაგან შეაკეთა. ნაცების სიამაყე – ,,ციცინათელა”, რომელიც 50 მილიონი ევრო დაუჯდა და მერე მიშამ შეაწერა, მაგისი ფულით აშენდა. 18 მილიონ ევროიანი ბაკურიანის საბაგიროც მაგან გააკეთა და მერე მიშას ,,აჩუქა”. შეკვეთილის ულამაზესი საკონცერტო კომპლექსიც ერთი 100 მილიონი დაუჯდა, სულ რაღაც. გულზე მჯიღებს რომ იბაგუნებთ, ჩვენი რაგბისტების წარმატებების გამო, მაგ სახეობის ინფრასტრუქტურაშიც სულ რაღაც 100 მილიონი აქვს ჩადებული.

და, რა გინდათ, – ამ თავის დენდროლოგიურ პარკში სამი ხე აღარ გადარგოს?! თუ რამდენიმე მილიონი დაუჯდა ეგ ამბავი, გზა ხომ გაუკეთა ხალხს ციხისძირში, ტრანსპორტირებაზე დასაქმებული კომპანიის თანამშრომლებს ხელფასს ხომ უხდის? ხარჯავს, ხომ არ გართმევთ? რამ დაგბოღმათ და გაგაბოროტათ?

არაფორმალური მმართველია და ეს კარგი არ არის. მმართველი კოალიცია არ შედგა და ეს ცუდია. პარტია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო~ ვერ ჩამოაყალიბა და ამის გამო ხელისუფლება ჰაერშია გამოკიდებული. პრემიერი კვირიკაშვილი, პარლამენტის სპიკერი უსუფაშვილი და სხვა მისთვის საჭირო საკვანძო თანამდებობის პირები დღეების და კვირეების განმავლობაში ელიან, როდის მოიცლის ამა თუ იმ საკითხის გადასაწყვეტად, რაც საქმეების კეთებას მნიშვნელოვნად აჭიანურებს, და ეს ცუდია. არჩევნები მოგვიახლოვდა და ამ საარჩევნო მარათონის ერთ-ერთ ფავორიტს, მმართველ კოალიციას შტაბი არ შეუქმნია ჯერ, არც ამ შტაბის მეთაური არსებობს. მის მთავარ სუბიექტებს – რესპუბლიკელები და სხვა, ჯერ არ გადუწყვეტიათ, ერთად იქნებიან, თუ ცალკ-ცალკე. ხშირად იქმნება შთაბეჭდილება, რომ ირგვლივ ქაოსია. ივანიშვილი მართლაც არ არის პოლიტიკოსი, ის ბიზნესმენია და ქვეყანას მართავს, როგორც კორპორაციას, აქედან გამომდინარე ნეგატივით. მას ფაქტობრივად არ ჰყავს პოლიტიკური გუნდი, ხოლო ის ნორჩი პრაქტიკანტები (საგარეო საქმეთა მინისტრი ჯანელიძე, ,,ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კობახიძე და სხვანი) ერთი ოცი წელი კერის, მოგერინის, ლავროვს, ალიევს და სარგსიანს თანასწორად სასაუბროდ კი არა, ბიძინასგან ამბის მიმტანადაც ვერ დაუჯდებიან სალაპარაკოდ. არაფერს ვამბობთ პრეზიდენტ მარგველაშვილზე, რომელიც დღევანდელი საკონსტიტუციო რეალობის გამო დიდ გაუგებრობაშია მოხვედრილი და ცდილობს ამერიკელების სარეზერვო ფიგურის როლი შეასრულოს. თუმცა, ის არ არის გენერალი ალ სისი, ეგვიპტის ძლიერი არმიის მთავარსარდალი, რომ მასზე დაყრდნობით ქვეყნის პირველ პირად გამოადგეს, საჭიროების შემთხვევაში, დასავლეთს. და არც საქართველოა ეგვიპტე. ეს გაცილებით რთული სამართავი ქვეყანაა, რომლის წამატებული მართვა ისეთმა უნიჭიერესმა ადამიანებმაც კი ვერ შეძლეს ერთპიროვნულად, გამსახურდია, შევარდნაძე და სააკაშვილი რომ იყვნენ.

სწორედ ეს ყველაფერია დღევანდელი საქართველოს მთავარი პრობლემა და არა ციხისძირიდან შეკვეთილში გადარგული ხე.

აი ასეთ ჯოჯოხეთში ცდილობს ივანიშვილი უწინამძღვროს ქვეყანას, გაიყვანოს სამშვიდობოს. მოდით მიეცით ამ კაცს დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანის საშუალება. აპატიეთ, რაც შეუძლებელი იყო და ვერ გააკეთა. აპატიეთ, რომ ყველას, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვერ გაუმართა ხელი.

განსაკუთრებით ნაციონალებმა და მათმა მხარდამჭერებმა. რომ არა ივანიშვილი, მიშას და მისი გუნდის ცეცხლთან თამაში შეიძლება ძალიან დიდი და მასშტაბური კატასტროფით დასრულებულიყო. არც ის იყო გამორიცხული, რომ ჰომსის და ალეპოს – სირიის რეალობა, ნანგრევებად ქცეული ქალაქები, საქართველოში გვეხილა – საქართველოში არანაკლები, რაოდენობრივად და სიმძაფრით, ინტერესები იკვეთება გიგანტების.

ამიტომ, ფრთხილად, ქართველობო!
ალიხე, მალიხე, სალიხე.
ღმერთო, გვაპოვნინე ნატვრისთვალი!

ბექა ციხისელი