რამდენი ლარით გაიზრდება პენსია ყოველწლიურად – ახალი სისტემის დეტალები

0
14
რამდენი ლარით გაიზრდება პენსია ყოველწლიურად – ახალი სისტემის დეტალები

საბაზისო პენსია ყოველწლიურად მინიმუმ ინფლაციის დონის მიხედვით მოიმატებს. თუმცა, ზრდა მხოლოდ ამის გათვალისწინებით არ მოხდება: თუ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა მაღალი იქნება, ეს პენსიაზეც შესაბამისად აისახება, დაბალი ეკონომიკური ზრდის პირობებში კი ის ნაკლებად გაიზრდება. ამას საპენსიო რეფორმა ითვალისწინებს, რომელსაც ხელისუფლება ამუშავებს.

სახელმწიფო საბაზისო პენსიის გაზრდის ახალი სისტემა ძალაში სავარაუდოდ 2018 წელს შევა, მანამდე კი პენსიის გაზრდა-არგაზრდის შესახებ გადაწყვეტილებას მთავრობა მიიღებს, როგორც ამას გასულ წლებში აკეთებდა.

ახალ სისტემაზე გადასვლით, ხელისუფლება ვალდებულებას იღებს, რომ ყოველ წელს პენსია გარკვეული ოდენობით მოიმატებს და არ იქნება ისეთი წელი, როგორიც 2014 იყო, როცა პენსია არ გაზრდილა და 2013 წლის მაჩვენებელზე  – 150 ლარზე – დარჩა.

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის სექტემბრიდან ასაკით პენსიონერთა პენსია 20 ლარით უნდა გაიზარდოს. პენსია 10 ლარით გაიზარდა 2015 წლის სექტემბრიდანაც. როგორც საპენსიო რეფორმის ხელმძღვანელი ოთარ ძიძიკაშვილი  აცხადებს, დღევანდელი სისტემის თანახმად, გაურკვეველი და

ბუნდოვანია, თუ რის მიხედვით ხდება პენსიის მატება, რის გამოც  ახალი სისტემის დანერგვა აუცილებელია. ოთარ ძიძიკაშვილი „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ ახალი სისტემით, პენსიის ზრდა მომდევნო საბიუჯეტო წლისთვის გასული წლის წლიური ინფლაციის მაჩვენებლის საფუძველზე მოხდება.

რამდენი იქნებოდა პენსიის მინიმალური ზრდა 2016 წელს ამ სისტემის მიხედვით?

2015 წელს ინფლაციის (სამომხმარებლო ფასების ინდექსის) წლიური მაჩვენებელი 4,9% იყო.  პენსია გასულ წელს 160 ლარს შეადგენდა, შესაბამისად, მინიმალური ზრდა 2016 წლისთვის 160 ლარის 4,9% უნდა ყოფილიყო, რაც დაახლოებით 8 ლარს (7,84 ლარი) შეადგენს.

როგორც საპენსიო რეფორმის ხელმძღვანელმა გასულ კვირას მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, პენსიის ინფლაციაზე მიბმით მთავრობა პენსიონერის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ცდილობს. ძიძიკაშვილმა განმარტა, რომ ეს ნაბიჯი პენსიონერს ინფლაციური რისკებისგან იცავს და სოციალურად უფრო მეტად უზრუნველყოფილს ხდის.

„საკმაოდ დიდი მატება გამოდის, ეს სისტემა რომ ამუშავდება პენსია 180 ლარი არ იქნება, ალბათ, უფრო მეტი იქნება. თუ ინფლაცია იქნება 10%, მაშინ 180 ლარის 10%-ით გაიზრდება პენსია. თუ ეკონომიკური ზრდა მაღალი იქნება, მეტით გაიზრდება. თუ არ იქნება ინფლაცია მაღალი, ნაკლებად გაიზრდება“,- აღნიშნავს ოთარ ძიძიკაშვილი „კომერსანტთან“.

რამდენად მართებულია ახალი სისტემის შემოღება და ხომ არ იქნება წნეხი ეს სახელმწიფო ბიუჯეტისთვის?

“საქართველოს რეფორმების ასოციაციის” (GRASS)-ის ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე ახალი სისტემის შემოღებას არ ემხრობა და აცხადებს, რომ ეს სისტემა მხოლოდ განვითარებულ ქვეყნებში ამართლებს, სადაც ინფლაციური რისკები ნაკლებია.

„საქართველო მაღალი ინფლაციური ქვეყანაა და ეს სწრაფად გაგვიზრდის საპენსიო ხარჯებს. ქვეყნებში, სადაც ეს ინდექსაციაა, მრავალი ათეული წლებია ეს პრობლემა არ უდგათ. ზოგადად, განვითარებული ქვეყნები ნაკლები ინფლაციურობით ხასიათდებიან, რადგანაც მაღალკონკურენტული ბაზარი და კარგად ჩამოყალიბებული მონეტარული პოლიტიკა აქვთ, დოლარიზაციის მაჩვენებელი არ არის მაღალი და ა.შ. ევროპა დღეს პირიქით, ცდილობს დეფლაციიდან გამოვიდეს, რომ ფასები გაიზარდოს,“- აცხადებს ნამჩავაძე.

მისივე თქმით, შესაძლოა, საქართველოში ორნიშნა ინფლაციაც დაფიქსირდეს, რაც საპენსიო ხარჯებს ძალიან გაზრდის.

ექსპერტ ლევან კალანდაძეს კი მიაჩნია, რომ თუ ქვეყანას დასავლური სტანდარტების საპენსიო სისტემა სურს,  ამისთვის გარკვეული დანახარჯი უნდა გასწიოს.

„რამდენად აწევადია ეს ტვირთი? ალბათ აწევადია, იმის გათვალისწინებით, რომ ეს სისტემა ერთბაშად არ იქოქება, ეს იქნება წლების განმავლობაში ზრდადი სისტემა და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პარალელურად  უნდა უზრუნველვყოთ ამ სისტემის ზრდადობა“,- აღნიშნავს ლევან კალანდაძე.

მისივე თქმით, მოდელში, რომელიც შემუშავებულია, მაქსიმალურად არის ასახული  რისკები ქართული რეალობის გათვალისწინებით. მისივე განცხადებით, ეს მოდელი, როგორც სოციალური დაცულობის გარკვეული სტანდარტი, ბევრ ქვეყანაში მუშაობს და საქართველოსთვისაც აუცილებელია.

„მოდელი, რაც შემუშავებულია, დიდი ხნის განმავლობაში იტესტებოდა და შესწავლილი იყო მსოფლიოს ბევრი მოდელი. ის მაქსიმალურად აპრობირებულია ქართულ სინამდვილესთან. მაქსიმალურად არის ასახული ის რისკები, რაც შეიძლება, რომ ქართული რეალობის გათვალისწინებით არსებობდეს ამ სისტემის წინაშე. მაგრამ არ უნდა დავუშვათ, რომ ეს შეიძლება იდეალური მოდელი იყოს. სისტემის იმპლემენტაციის პროცესში მუდმივად გამოჩნდება რაღაც, რაც დასახვეწი იქნება. ეს სისტემა მორგებული უნდა იყოს ყველას ინტერესზე. არ შეიძლება მხოლოდ ბენეფიციარის ინტერესი იყოს  გათვალისწინებული და ამის ხარჯზე უკან დავაყენოთ ბიზნესის ინტერესი. ინფლაციის კომპონენტის გათვალისწნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იქნება“,- აცხადებს ლევან კალანდაძე.

ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი