მიკროსაფინანსო ბაზრის მიმოხილვა და ანალიზი

0
87

საფინანსო სექტორი ეკონომიკის ერთ-ერთ წამყვან და მნიშვნელოვან დარგს წარმოადგენს. ჩვენს მიერ განხორციელდა სტატისტიკის სამსახურის და ეროვნული ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბაზრის მოკლე ანალიზი.

საქართველოს საფინანსო სექტორის მოცულობა 2014 წელს 831 მლნ ლარს შეადგენდა, რაც მშპ-ს 2,3%-ია. 2006-2014 წლების მანძილზე სექტორის საშუალო წლიური რეალური ზრდის ტემპი 11%-ს შეადგენდა, რაც ეკონომიკის ზრდის ტემპების საშუალო მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება.

ამ სფეროში რენტაბელობა საკმაოდ მაღალია, კერძოდ, თუ გავაანალიზებთ ამ დარგში შექმნილ დამატებული ღირებულების და მთლიანი გამოშვების ფარდობას, 2006-2014 წლების მონაცემებზე დაყრდნობით საშუალო წლიური მაჩვენებელი 37%-ია, აღნიშნული მაჩვენებელი პრაქტიკულად ფასნამატს წარმოადგენს. ეს მაჩვნებელი ახლოს არის განვითარებადი ქვეყნების არასაბანკო და არასადაზღვეო ფინანსური მომსახურეობის EBITDASG&A მაჩვენებელთან, რომელიც მეტი სტაბილურობით ხასიათდება და შეადგენს დაახლოებით 30%-ს.

bpn

საგულისხმოა, რომ 2015 წელს მე-2 კვარტალში საფინანსო სექტორში (კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების) მხოლოდ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემულმა სესხებმა 1 108 მლნ ლარი შეადგინა, რაც ამ სექტორში გაცემული სესხების 7%-ს შეადგენს. 2008 წელს კი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემულმა სესხები ამ სექტორში გაცემული სესხების 1.85%-ს შეადგენდა, 2008 წელთან შედარებით მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წილი 4 ჯერ გაიზარდა, ხოლო მთლიანი ბრუნვა კი 9.8-ჯერ (112 მლნ ლარიდან 1 108 მლნ ლარამდე), ამ სეგმენტის საშუალო წლიურმა რეალურმა ზრდის ტემპმა 2008-2014 წლებში 40% შეადგინა. ხოლო 2015 წლის ორი კვარტლის ჯამში – 28%.

bpn

2008 წლიდან 2015 წლის მეორე კვარტლამდე 24-დან 73-მდე გაიზარდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რიცხვი, რაც საკმაოდ კონკურენტლ გარემოს ქმნის ბაზრის ამ სეგმენტში. ერთი ორგანიზაციის საშუალო წილი ბაზარზე წარმოადგენს 1,4%-ს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი ბაზარზე არის სასესხო პორტფელის მოცულობა. ამიტომ ანალიზში ის საბაზისო პარამეტრად გამოვიყენეთ:

• მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში მისაღები საპროცენტო მოთხოვნების და გაცემული სესხების თანაფარდობა მთლიან სესხებთან 2006-2015 წლებში საშუალოდ 2.88%-ს შეადგენს და ბოლო პერიოდში ძირითადად სტაბილურად მერყეობს 2,5%-3,5%-იან დიაპაზონში.
• გრძელვადიანი სასესხო ვალდებულებების და გაცემული სესხების თანაფარდობა საშუალოდ 83%-ს შეადგენს და ბოლო პერიოდში 80%-90%-იან დიაპაზონში მერყეობს. ეს მაჩვენებელი ზრდადი დინამიკით ხასიათდება.
• გადასახდელი საპროცენტო ვალდებულებების და გრძელვადიანი სასესხო ვალდებულებების თანაფარდობა საშუალოდ შეადგენს 2.6%-ს შეადგენს და 1.7%-3.4%-იან დიაპაზონში მერყეობს.

• საკუთარი კაპიტალის და გაცემული სესხები თანაფარდობა საშუალოდ 36%-ს შეადგენს და 30%-42%-იან დიაპაზონში მერყეობს. ეს მაჩვენებელი კლებადი დინამიკით ხასიათდება.
• გაუნაწილებელი მოგების წილი საკუთარ კაპიტალში მზარდი დინამიკით ხასიათდება და 2015 წლის მე-2 კვარტლის მდგომარეობით 73%-ს შეადგენს. 2008 წელთნ შედარებით ეს მაჩვენებელი 3.2-ჯერ გაიზარდა.
• მოზიდული და საკუთარი სახსრების თანაფარდობა მზარდი დინამიკით ხასიათდება და 2015 წლის მე-2 კვარტლის მდგომარეობით საშუალოდ, 312%-ს შეადგენს.
• ხოლო მოზიდული სახსრების მთლიან სახსრებთან თანაფარდობა საშუალოდ 69%-ს შეადგენს და 63%-75%-იან დიაპაზონში მერყეობს. ეს მაჩვენებელი ბოლო წლებში მზარდი დინამიკით ხასითდება.
• კაპიტალური დანახარჯების თანაფარდობა მთლიან აქტივებთან საშუალოდ ბოლო წლებში 0.46%-ს შეადგენს, ხოლო განვითარებად ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 2014 წლის მონაცემებით 0,64%-ია.

მიკროსაფნანსო ორგანიზაციების ბაზარზე კონკურენცია მაღალია, პირობები და საპროცენტო განაკვეთები ბაზარზე პრაქტიკულად იდენტურია. ბაზარზე არ ვაკვირდებით მონოპოლიებს და ბაზარზე შესვლა და გამოსვლასთან დაკავშირებით არ არის მნიშვნელოვანი ბარიერები. ამასთან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ექცევიან ეროვნული ბანკის რეგულირების სფეროში, სადაც რეგულირების პირობები საკმაოდ ბუნდოვანია.

აღსანიშნავია, რომ ინვესტიციები ფინანსურ სექტორში სტაბილურობით არ ხასიათდება და 2014 წელს 2013 წელთან შედარებით აღნიშნულ სექტორში ინვესტიციები მოცულობა დაახლოებით 30%-ით შემცირდა.

საფინანსო სექტორის ზრდასთან ერთად მცირდება დასაქმებულთა რაოდენობა ამ სექტორში. 2005 წელთან შედარებით 2013 წელს დასაქმების მაჩვენებელი დაახლოებით 6%-ით არის შემცირებული. დასაქმების შემცირებასთან ერთად იზრდება საშუალო თვიური ნომინალური შრომის ანაზღაურება, კერძოდ 2007 წელთან შედარებით შრომის ანაზღაურება დაახლოებით 1.56-ჯერ გაიზარდა, ხოლო საშუალო წლიურმა რეალურმა ზრდამ 7% შეადგინა.

რაც შეეხება უშუალოდ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გაუნაწილებელი მოგების მაჩვენებელს, ის 2008-2014 წლებში საშუალო წლიურად 50%-იანი ზრდით ხასიათდება.

bpn

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სეგმენტი საკმაოდ მზარდი სფეროა საფინანსო ბაზარზე. იგი სახიასთება ძალიან მაღალი მოზიდული სახსრების მოცულობით, ამასთან გაუნაწილებელი მოგების ზრდის ხარჯზე მაღალი ზრდის ტემპებით იზრდება საკუთარი კაპიტალის მოცულობაც. ასევე საქართველოში ამ ბიზნესის რენტაბელობა უფრო მაღალია განვითრებადი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელებთან შედარებით.

ნიკოლოზ ოსტაპენკო
ეკონომიკური კვლევის ცენტრი