“ლარის კურსის დადგენის მეთოდოლოგია ძალიან მახინჯი და არასწორია”

0
59

უკანასკნელი კვირის განმავლობაში ლარის კურსმა დაღმავალი ტრენდი აჩვენა. დღესდღეობით ლარის გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით 2,31-ია. ექსპერტთა ნაწილი ამ პროცესს ეროვნული ბანკის მმართველობაში მიმდინარე ცვილებებს უკავშირებს, არც საგარეო ფაქტორებისა და საბუჯეტო ხარჯების შემცირების დავიწყება შეიძლება. გთავაზობ ეკონომიკის ექსპერტ ლია ელიავას კომენტარს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

ლია ელიავა, ეკონომიკის ექსპერტი:

,,ლარის გამყარება განაპირობა ორმა ძირითადმა ფაქტორმა. პირველი ეს არის ნავთობის ფასის ზრდა, რამაც შეასუსტა დოლარი სხვა ვალუტებთან მიმართებაში. ამ მიზეზითაა გამოწვეული ის, რომ  სხვა ვალუტები, რომლებიც  გაუფასურებული იყო ბოლო პერიოდში ისინიც მყარდება. ხოლო მეორე ფაქტორი არის ის, რომ შეწყდა კაპიტალის გაქცევა ქვეყნიდან. კომერციულ ბანკებს აღარ აქვთ  უცხოური ვალუტის მწვავე საჭიროება.

სავალუტო კურსის პროგნოზირება არის შეუძლებელი. ჯერ-ჯერობით ტენდენცია ნარჩუნდება. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს ტენდენცია დიდხანს არ გასტანს. გააჩნია რას მოიმოქმედებს შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემა, როდესაც ივნისში, როდესაც მას ექნება მორიგი გადაწყვეტილების მიღების პროცესი მონეტალური პოლიტიკის განაკვეთთან დაკავშირებით. თუ ის გაზრდის მონეტალური პოლიტიკის განაკვეთს, ანუ გააძვირებს თავის ფულს, შესაძლებელია რომ ლარმა შეწყვიტოს ვარდნა. ყოველ შემთხვევაში, დღესდღეისობით ეს პროცესი არის აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი.

მაგრამ ამ პროცესებში ყველაზე მთავარი არის ის, რომ თვითონ ლარის კურსის დადგენის მეთოდოლოგია ძალიან მახინჯი და არასწორია. ეროვნული ბანკის მიერ ლარის კურსის დადგენის მეთოდიკა თუ არ შეიცვალა ჩვენს ქვეყანას ყოველთვის ექნება ძალიან მგრძნობიარე უცხოური ვალუტების ცვლილებასთან მიმართებაში. ამ მხრივ, აუცილებელია ეროვნულმა ბანკმა გადადგას გონივრული ნაბიჯები და ლარის კურსის ფორმირება მიუსადაგოს საქართველოს ეკონომიკას და არა უცხოური ქვეყნის ვალუტების მერყეობას. ეს აუცილებლადაა გასაკეთებელი”.