ანდრი კუზმა: „ჰუმანითის ეფექტი“ მომავალშიც გაგრძელდება

0
58

ფარმაცევტული კომპანია ჰუმანითი ჯორჯიას გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში კომპანია ბაზარზე კიდევ 200 დასახელების ხშირი მოხმარების მედიკამენტს შემოტანს. „უახლოეს პერიოდში ჩვენ შემოგვაქვს კიდევ 200 დასახელების პრეპარატი, რა თქმა უნდა ისინიც გაცილებით ხელმისაწვდომი იქნება ანალოგებთან შედარებით. დარწმუნებული ვარ, ამ პროცესის კვალდაკვალ, მოსახლეობა კარგად იგრძნობს, რომ ფასები მედიკამენტებზე შემცირდა“, – ამის შესახებ კუზმამ ეკონომიკურ პორტალ commersant.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ჰუმანითი საქართველოს ბაზარზე გრძელვადიანი გეგმით არის შემოსული და არ არის ორიენტირებულები მოკლე დროში ზემოგებების მიღებაზე. „ჩვენს ბიზნეს–ფილოსოფიაში უდიდესი ადგილი უჭირავს სოციალურ ფაქტორს. სტრატეგია მდგომარეობს იმაში, რომ ფარმაცევტული ბაზარი საქართველოში მოვამარაგოთ ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტებით. ამას მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად, ჩვენი ბიზნეს–გეგმის შესაბამისად, ვასრულებთ. უკვე შესულია ბაზარზე ჰუმანითის კარდიოლოგიური,  გინეკოლოგიური, ანტიფუნდალური, ანთების საწინააღმდეგო–ტკივილგამაყუჩებელი, გაციების საწინააღმდეგო, გასტროენტეროლოგიური, ანტიჰისტამინური და ანტიბიოტიკური ჯგუფების პრეპარატები“, – ამბობს კუზმა.

„რაც შეეხება კონკურენციას, ჩვენ პატივს ვცემთ ბაზრის ყველა მონაწილე და მივესალმებით ფაქტს, რომ მათ შეძლეს და გამონახეს საშუალება და მედიკამეტებზე ფასები დასწიეს. საქართველოში მედიკამენტები მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს და მოხარული ვარ, რომ ამ კუთხით ვითარება სასიკეთოდ იცვლება. თუმცა, ჩვენთვის არ არის პრინციპულად მნიშვნელოვანი კონკურენტების სტრატეგია. ჩვენ იმდენად ძლიერი კომპანია ვართ, რომ არ ვგეგმავთ ვინმეს მიერ თავსმოხვეული თამაშის წესებით მუშაობას. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, დროში გაწერილი განვითარების სტრატეგია და მივყვებით მას. დარწმუნებული ვარ, მოკლე პერიოდში მომხმარებლის ლოიალობასაც მოვიპოვებთ, რამდენადაც მათთვის მართლაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჰქონდეთ ხარისხიან და ხელმისაწვდომ მედიკამენტებზე წვდომა. საბოლოო ჯამში, ჰუმანითი მედიკამენტების ბაზარზე ღირსეულ პოზიციას დაიმკვიდრებს, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაზე იქნება გათვლილი. თუ კონკურენტებიც ამ სტრატეგიას მიმართავენ, შეამცირებენ მარჟას, ან გამონახავენ სხვა გზებს და თავადაც შეამცირებენ ფასებს მედიკამენტებზე, ეს იქნება ჩვენი სტრატეგიის კიდევ ერთი წარმატება, მხოლოდ გაგვეხარდება და მივესალმებით და ვიტყვი, რომ „ჰუმანითის ეფექტმა“ კარგად იმუშავა“, – აცხადებს ანდრი კუზმა.