საპატიმრო დაწესებულებებში ვიდეო-პაემანი უფასო გახდება

0
27
საპატიმრო დაწესებულებებში ვიდეო-პაემანი უფასო გახდება

საპატიმრო დაწესებულებებში ვიდეო-პაემნით სარგებლობისთვის დაწესებული საფასური გაუქმდება. ამასთან დაკავშირებით განცხადებები დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაკეთდა.

კერძოდ, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა, აღნიშნული საფასურის გაუქმება პატიმრებისთვის მნიშვნელოვანი სიკეთე იქნება. პასუხად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ თამარ ხულორდავამ განმარტა, რომ კანონში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება სამინისტროსთვის მისაღებია და მზად არის, ინიციატივა პარლამენტში წარდგენილ პროექტში ასახოს.
დღევანდელ სესიაზე, პირველი მოსმენით, “პატიმრობის კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს, რომლის მიხედვით, მსჯავრდებულს, რომელიც პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ნებართვითა და კონტროლით ინდივიდუალურ საქმიანობას ეწევა, უფლება ეძლევა, პენიტენციური დაწესებულების ხელშეწყობით, მის მიერ დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაცია მოახდინოს.

ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაციისა და ამ მიზნით ინდივიდუალური საქმიანობის წესს, ასევე იმ ინდივიდუალური საქმიანობების ჩამონათვალს, რომელსაც შეიძლება პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებული ეწეოდეს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი განსაზღვრავს.

ამასთან, პროექტის მიხედვით, მსჯავრდებულისათვის აღნიშნული უფლების შეზღუდვა დისციპლინური სახდელის ერთ-ერთ სახედ განისაზღვრება.