ქადაგიძის მონაგარი – გაუმჯობესებული საგადასახადო ბალანსის ფონზე, გაუფასურებული ლარი

0
31
ქადაგიძის მონაგარი – გაუმჯობესებული საგადასახადო ბალანსის ფონზე, გაუფასურებული ლარი

ეროვნულმა ბანკმა 2015 წლის მესამე კვარტლის საგადასახდელო ბალანსი გამოაქვეყნა. აღნიშნულმა მონაცემებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ივლისს-სექტემბერში, ტურისტული ნაკადის მკვეთრი ზრდის ფონზე, ლარის 43%-იანი დევალვაცია არ უნდა ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ გაკეთდეს ობიექტური ანალიზი, რატომ მოხდა ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება, რამაც მოსახლეობის დიდი ნაწილი სერიოზულად დააზარალა.

2015 წლის მესამე კვარტალში საგადასახდელო ბალანსი მეორე კვარტალთან შედარებით 66,56 მილიონი დოლარით გაუმჯობესდა და 2014 წლის მაჩვენებელს მხოლოდ 12,3 მილიონი დოლარით ჩამორჩება. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის ტენდენციის გათვალისწინებით, ქვეყანას მეოთხე კვარტალში 2014 წელთან შედარებით დადებითი ბალანსი უნდა ჰქონოდა. თუმცა, ამ მაჩვენებელს ლარის დევალვაციური მდგომარეობა ოდნავადაც არ შეუმსუბუქებია.

მესამე კვარტალში მთავარი პრობლემა ისევ საგარეო ვაჭრობის დეფიციტი იყო. ამ პერიოდში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 55%-მდე გაიზარდა. წლიურ ჭრილში, ექსპორტი 508 მილიონი დოლარით (24%) შემცირდა, ხოლო იმპორტი 56 მილიონი დოლარით (9%). ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულის საგადასახდელო ბალანსი აჩვენებს, რომ  ტურიზმიდან შემოსავალი 648,904  მილიონი დოლარი იყო, რაც 270 მილიონი დოლარით აღემატება წინა კვარტლის, ხოლო 84,8 მილიონი  დოლარით წინა წლის მაჩვენებელს. ასევე, მცირედით გაუმჯობესებულია შემოსავლები კავშირგაბმულობის მომსახურებიდან, მშენებლობიდან, ფინანსური მომსახურებიდან.

ამასთანავე, თავად ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შარშან, განსაკუთრებით წლის მეორე ნახევარში ბიუჯეტი გეგმის მიხედვით იხარჯებოდა და დეფიციტური ხარჯვა არ აღინიშნებოდა. ასეთი შეფასებისთვის ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გიორგი ქადაგიძეს მადლობაც კი გადაუხადა. ანუ, მესამე კვარტლის ჩათვლით ლარის კურსზე ზეწოლა, ძირითადად, საგარეო ვაჭრობის დეფიციტის გაზრდისა და ტრანსფერების შემცირების გამო ხდებოდა. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტურიზმიდან შემოსავლების ზრდამ ეს ზეწოლა გარკვეულწილად გაანეიტრალა.

შეგახსენებთ, რომ შარშან მაისში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის  ყოველწლიური შეხვედრა და ბიზნესფორუმი გაიმართა. საქართველოში ჩამოვიდა 60-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და 1500-მდე ბიზნესმენი.

გარდა ამისა, თბილისში ჩატარდა ახალგაზრდული ოლიმპიადა, სადაც მონაწილეობას 40-მდე ქვეყნის 4000 სპორტსმენი იღებდა. ოლიმპიადის სანახავად სხვადასხვა ქვეყნიდან რამდენიმე ათასი ადამიანი ჩამოვიდა. ამ ყველაფრის დამაგვირგვინებელი იყო სუპერთასის ფინალი, რომელიც თბილისში აგვისტოში გაიმართა. აქედან გამომდინარე ტურისტების რაოდენობის ასეთი მკვეთრი ზრდა არავის გაკვირვებია.

რა ხდებოდა ამ დროს საქართველოს სავალუტო ბაზარზე.

ივლისის ბოლოდან დოლართან მიმართებაში ლარის ნახტომისებური დევალვაცია განახლდა. 2,25 ნიშნულამდე ჩამოსული კურსი თვენახევარში 2,45  ლარამდე ავარდა.  ღია ბაზარზე კი 1 დოლარის ღირებულება 2,50 ლარს გადაცდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ იმ პერიოდში  მიმოქცევაში არსებული ლარის მასა მკვეთრად გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმზეა ავიდა – 2,471 მილიარდი ლარი.

არადა, მთავრობაში გვარწმუნებდნენ, რომ ტურისტული სეზონის გამყარების შემდეგ ეროვნული ვალუტა გამყარებას დაიწყებდა. ეკონომიკის მაშინდელი მინისტრი კი ამტკიცებდა, რომ ლარის კურსის რყევა მოსალოდნელი არ იყო.

საზოგადოება ელოდა, რომ ეროვნული ბანკის წარმომადგენლები ლარის მკვეთრი გაუფასურების მიზეზებზე კონკრეტულ მონაცემებზე დაყრდნობით  ისაუბრებდნენ, ან გარკვეული სახის ანალიზს გამოაქვეყნებდნენ. ამის სანაცვლოდ, მოულოდნელად, გიორგი ქადაგიძემ ლარის გაუფასურებას პარლამენტის მიერ „ეროვნული ბანკის შესახებ’’ კანონში ცვლილებების დამტკიცებას დააბრალა, ასევე  აღნიშნა, რომ სავალუტო ბაზარზე არსებული მდგომარეობა არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი იყო.

სებ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ისიც დაამატა, რომ ლარის კურსის მერყეობაზე მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენდა ეროვნული ბანკის წინააღმდეგ მიმართული „დაუღალავი კამპანია’’ „უთავმოყვარეო’’ ეკონომისტების მიერ. გიორგი ქადაგიძის გამოსვლიდან აღმოჩნდა, რომ ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზი თურმე, ეკონომისტების მიერ მის მიმართ გამოთქმული შენიშვნები იყო. თუ მის ლოგიკას მივყვებით, ვინაიდან 2016 წლის თებერვლის ბოლომდე ქადაგიძე არ შეუქიათ (რამდენიმე ეკონომისტისა და მედია წარმომადგენლის გარდა) ეროვნულმა ვალუტამაც ვერ ამოისუნთქა. 1-ლი მარტიდან კი, როდესაც ქადაგიძემ თანამდებობა დატოვა (შესაბამისად მას აღარავინ აკრიტიკებდა), ლარის ისეთივე ნახტომისებური გამყარება დაიწყო, როგორიც გაუფასურება იყო.

ისევ 2015 წლის მესამე კვარტალს რომ დავუბრუნდეთ, ტურისტების ნაკადის ზრდით გახარებულმა და ეროვნული ვალუტის დევალვაციის გაგრძელებით გაოგნებულმა მთავრობამ, საღამოს 9 საათზე კანცელარიაში ქადაგიძე დაიბარა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ლარის სტაბილურობაზე პასუხისმგებლობას თავადაც აიღებდა (მანამდე ამ პასუხისმგებლობას ქადაგიძე არ აღიარებდა). მეორე დღესვე, ეროვნულმა ვალუტამ გამყარება დაიწყო.

ეს ფაქტებიც კი ნათლად ადასტურებს, რომ ლარის მკვეთრი გაუფასურება მთლად ობიექტური მიზეზებით არ იყო განპირობებული. ეკონომისტების განცხადებით, მესამე კვარტალში ტურისტების რაოდენობა კი გაიზარდა, მაგრამ ეროვნული ბანკი რეფინანსირების სესხების რეკორდულ რაოდენობას უშვებდა და დოლარის შემოსვლის პარალელურად მიმოქცევაში ლარის მასას ზრდიდა.

მეოთხე კვარტლის საგადასახდელო ბალანსი ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ წინასწარი მონაცემებით ბალანსი დადებითი უნდა იყოს. მეოთხე კვარტლიდან რიცხობრივ მონაცემებში  იმპორტი უფრო მეტად შემცირდა ვიდრე ექსპორტი. ასევე შემცირდა ტრანსფერების ვარდნის მაჩვენებელი. 2016 წლის იანვარში კი, იმპორტის რეკორდული 25%-მდე ვარდნა დაფიქსირდა, ეროვნული ვალუტის სტაბილურობა კი მაინც ვერ შენარჩუნდა. სულ ცოტა ხნის წინ 1 დოლარი 2,5 ლარი ღირდა.

მაკა ვარადაშვილი