გამოკითხვის მონაწილეთა 54%-ი ეროვნულ ბანკში გიორგი ქადაგიძის მმართველობას უარყოფითად აფასებს    

0
18
გამოკითხვის მონაწილეთა 54%-ი ეროვნულ ბანკში გიორგი ქადაგიძის მმართველობას უარყოფითად აფასებს    

 

 საქართველოს ეროვნული ბანკის აწ უკვე ყოფილ პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს სებ-ის ხელმძღვანელობის ვადა მიმდინარე წლის 25 თებერვალს გაუვიდა. იგი 7 წელი (2009-2016 წწ) ედგა ქვეყნის ცენტრალურ ბანკს სათავეში. ამ ხნის განმავლობაში იყო აღმავლობაც და დაცემებიც, ქადაგიძის საქმიანობის შეფასებაში აზრი ორად იყოფა, ერთნი მკვეთრად დადებითად აფასებენ მის საქმიანობას, ხოლო მეორენი პირიქით უარყოფითად. გაზეთმა “ბანკები და ფინანსებმა” გადაწყვიტა ჩაატარებინა გამოკითხვა, თუ როგორ აფასებს საზოგადოება გიორგი ქადაგიძის ეროვნულ ბანკში 7 წლიან მოღვაწეობას. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ საზოგადოების ინტერესი ქადაგიძის პერსონის მიმართ საკმაოდ მაღალია. ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციით, ქადაგიძეს მომდევნო არჩევნებზე “ნაციონალური მოძრაობის” სიის პირველ ხუთეულშიც კი მოიაზრებენ.

გამოკითხვა გაზეთ ,,ბანკები და ფინანსების” ვებ-გვერდ ბფმ.გე-ზე ორი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და მასში 1700-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. გამოკითხულთა 54%-ი (914 ხმა) გიორგი ქადაგიძის მმართველობას უარყოფითად აფასებს, 34%-ი (570 ხმა) დადებითად, 9%-ი ნეიტრალურად (150 ხმა), ხოლო 4%-ს (66 ხმა) პასუხი არ აქვს.

 [wpolling id=”12″ width=”” height=””]

როგორც ვხედავთ, გიორგი ქადაგიძის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაც უარყოფითია და მათაც მიაჩნიათ, რომ მისი მმართველობა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რანგში საკმაოდ წარუმატებელი აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, ასეთი შეფასებისთვის საზოგადოებას რამოდენიმე მიზეზი გააჩნია, თუმცა, უმთავრესი მაინც ლარის კურსი და მასთან დაკავშირებული პროცესებია. გიორგი ქადაგიძის მმართველობის ბოლო წლებში მომხდარი ლარის გაუფასურება ყველაზე მძიმედ სწორედ მოსახლეობაზე აისახა და როგორც გამოკითხვიდანაც ჩანს ამ ყველაფერში მთავარ დამნაშავედ სწორედ გიორგი ქადაგიძეს მიიჩნევენ ისინი.

ჩვენ ასევე დავუკავშირდით ეკონომიკის ექსპერტებს, ლია ელიავას და ლევან კალანდაძეს, ვთხოვეთ, მოკლედ შეეფასებინათ გიორგი ქადაგიძის მმართველობის პერიოდი და ამავდროულად გაეკეთებინათ კომენტარი ბფმ.გე-ს გამოკითხვის შედეგებთან და გიორგი ქადაგიძის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებასთან დაკავშირებით.

,,ეროვნულმა ბანკმა თავიდან ვერ აიცილა მწვავე სავალუტო კრიზისი და არ გამოიყენა მის ხელთ არსებული ინსტრუმენტები, კრიზისის შესარბილებლად”

ლია ელიავა

ლია ელიავა, ეკონომიკის ექსპერტი:

მე ის უფრო მაინტერესებს, გიორგი ქადაგიძის მმართველობა დადებითად რატომ შეაფასა მოსახლეობის 34%-მა პროცენტმაც კი. მიკვირს დადებითი რა იპოვეს მის მმართველობაში. 7 წლის განმავლობაში ეროვნული ბანკი არღვევდა ორგანული კანონს, ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფის შესახებ.  ბუნებრივია, კანონის დარღვევა უკვე არის საქმიანობის უარყოფითად შეფასების სერიოზული საფუძველი. გარდა ამისა, ეროვნულმა ბანკმა ვერ უზრუნველყო დოლარიზაციის მაჩვენებლის შემცირება ეკონომიკაში და პირიქით, ხელი შეუწყო მის ზრდას. ეროვნულმა ბანკმა და მისმა ყოფილმა მმართველმა ვერ უზრუნველყო კომერციული ბანკების ადეკვატური რეგულირება და ზედამხედველობა. შესაბამისად, საბანკო სექტორი გადაიქცა მონსტრად, რომელიც ხელს უშლის ეკონომიკის, სხვა დარგების, სხვა სექტორების განვითარებას.

ეროვნულმა ბანკმა თავიდან ვერ აიცილა მწვავე სავალუტო კრიზისი და არ გამოიყენა მის ხელთ არსებული ინსტრუმენტები, რომ სავალუტო კრიზისი შეერბილებინა მაინც. ეროვნული ბანკი 7 წლის განმავლობაში ვერ ახდენდა ინფლაციის თარგეთირებას. ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 7 წლის მანძილზე მიახლოებითაც კი ვერანაირად ვერ იქნა მიღწეული.

,,ლარის დევალვაციამ  და მძიმე ინფლაციურმა ტრენდმა, ჩამოაყალიბა ის საბოლოო შედეგი რაც ქადაგიძის საქმიანობის უარყოფითად შეფასებაში გამოიხატა”

 ლევან კალანდაძე

ლევან კალანდაძე, ეკონომიკის ექსპერტი:

მე ნანახი მაქვს თქვენი გამოკითხვა, თვითონაც მივიღე მონაწილეობა მასში. ფაქტია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ლართან მიმართებაში იყო გარკვეული პრობლემები, ამან ნეგატიური ასახვა ჰპოვა საზოგადოებაზე და შესაბამისად გამოკითხვის შედეგზეც. ლარის პრობლემამ, ანუ ის რომ ლარი 40%-ით გაუფასურდა, საბოლოო ჯამში ჩამოაყალიბა ნეგატიური დამოკიდებულება ეროვნული ბანკის მიმართ და საზოგადოების განწყობა ფორმირდა ქვეყანაში არსებული ლარის კურსის პრობლემიდან გამომდინარე.

 როდესაც თქვენ დაიწყეთ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, მე წინასწარვე გარკვეული აზრი ჩამომიყალიბდა და ვფიქრობდი, რომ საზოგადოება უარყოფითად შეაფასებდა გიორგი ქადაგიძის მმართველობას, რადგან, საბოლოო ჯამში, ყველაფერი მაინც დამოკიდებულია განწყობაზე. ეკონომიკა და ფინანსები არის სოციალური კატეგორია და შესაბამისად, განწყობა თამაშობს ძალიან დიდ როლს.  ერთის მხრივ ლარის დევალვაციის თემამ, ხოლო მეორეს მხრივ იმან, რომ ინფლაციური ტრენდი საკმაოდ მძიმეა ქვეყანაში, საბოლოო ჯამში ჩამოაყალიბა ის შედეგი, რაც ქადაგიძის საქმიანობის უარყოფითად შეფასებაში გამოიხატა.

 საზოგადოება ყურადღებას არ აქცევს და არ მსჯელობს იმაზე თუ რა პროცესები მიმდინარეობდა რეგიონში, რომ მაგალითად, გარკვეული ეგზოგენური ფაქტორების გამო, რეგიონში შექმნილმა მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ ლარის გაუფასურება გამოიწვია. საზოგადოება არ ასხვავებს შიდა და გარე ფაქტორებს, მისთვის მნიშვნელოვანი და უმთავრესია პირადი ბიუჯეტი.

ქადაგიძეს ჰქონდა მმართველობის კარგი და ცუდი პერიოდი. მე არ ვთვლი რომ, ცალსახად  დადებითად ან ან ცალსახად უარყოფითად უნდა შეფასდეს ქადაგიძის საქმიანობა. ვთვლი, რომ ქადაგიძეს ჰქონდა ბევრი შეცდომა, მაგრამ ქადაგიძის მმართველობის პერიოდში ეროვნულ ბანკში გაკეთდა ბევრი დადებითიც. საბოლოო ჯამში იყო ბევრი წარმატება და იყო ბევრი შეცდომაც, ბევრი გამოუყენებელი შესაძლებლობაც. მე მგონია, რომ ასეთი შეფასება უფრო სწორი იქნება, ვიდრე მისი მმართველობის ცალსახად კარგად ან ცალსახად ცუდად შეფასება.

გიორგი კაპანაძე