უძრავი ქონების კომპანიები გაზაფხულზე სამშენებლო ბუმს ელოდებიან

0
69
უძრავი ქონების კომპანიები გაზაფხულზე სამშენებლო ბუმს ელოდებიან

უძრავი ქონების სააგენტოები გაზაფხულზე სამშენებლო ბაზრის გააქტიურებას ელოდებიან. უძრავი ქონების კომპანია „კიბე.ჯის” წარმომადგენელი ეკატერინე ბარათელი რადიო „კომერსანტთან” ამბობს, რომ იანვართან შედარებით თებერვალში მოთხოვნა კომერციულ ფართებზე გააქტიურდა, რაც არ შეინიშნება ბინებზე, თუმცა, მისივე თქმით, ზოგადად წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით ბაზარზე კლების მაჩვენებელია. ბარათელი ამბობს, რომ დღეს  მეტია მიწოდების მაჩვენებელი,  ვიდრე მოთხოვნა ფიქსირდება. ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე კი უძრავ ქონებაზე ფასები 15-17%-ით არის შემცირებული.

 

„კიბე.ჯის” წარმომადგენელი ამბობს, რომ ცენტრალური უბნების პარალელურად მოთხოვნადი გახდა დიღმის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ფასები კვადრატულისთვის 450-600 დოლარის ფარგლებშია. ვაკე-საბურთალოს რაიონში კი ახალაშენებულ კორპუსებში ფასები 750-1000 დოლარზე ფიქსირდება.  უძრავი ქონების აგენტი ამბობს, რომ ლარის კურსმა და მოთხოვნის ნაკლებობამ გავლენა კომერციულ ფართებზეც იქონია – პეკინზე კვადრატულის გასაქირავებელი ფასები 50–დან 25 დოლარამდე შემცირდა. ეკატერინე ბარათელის ინფორმაციითვე, პერიოდში შეინიშნება სამშენებლო კომპანიების გააქტიურება მიწის ნაკვეთების მიმართულებით, რაც ნიშნავს, რომ გაზაფხულზე ახალ მშენებლობებს უნდა ველოდოთ.

 

„ერდო ჯგუფის” დამფუძნებელი გურამ ფალავანდიშვილიც ამბობს, რომ დღეს ბაზარზე სტაგნაციაა,  მნიშვნელოვანი არაფერი ხდება, თუმცა გაზაფხულზე 10-20% გააქტიურებას ელოდებიან. ფალავანდიშვილის თქმით, ლარის კურსმა და ზოგადად მეზობელ ქვეყნებში არსებულმა მდგომარეობამ გავლენა იქონია და ფასები 10%–ით შეამცირა. თუმცა დღეისათვის ახალი მსხვილი კომპანიების გააქტიურება იწყება, რის გამოც გაზაფხულზე ეს ჩავარდნა, როგორც ფასების ისე მოთხოვნის მხრივ უნდა აღმოიფხვრას.

წყარო