რას გულისხმობს უმაღლესი განათლების გერმანული მოდელი

0
124
რას გულისხმობს უმაღლესი განათლების გერმანული მოდელი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა 16 თებერვალს განაცხადა, რომ საქართველო უმაღლესი განათლების გერმანულ მოდელზე გადადის. მისი განცხადების თანახმად, ეს გულისხმობს ეკონომიკისთვის პრიორიტეტული მიმართულებების დაფინანსებას.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, გიორგი შერვაშიძემ გააგრძელა პრემიერ მინისტრის დაწყებული თემა. მან დაფინანსების ეკონომიკის პრიორიტეტების მიხედვით განსაზღვრის გარდა, პროფესიული განათლების ორმაგი სისტემის გერმანული მოდელის შემოღებაზე ისაუბრა.

ეს მოდელი გულისხმობს იმას, რომ პროფესიულ განათლებას ადამიანი იმავე სექტორში დასაქმების პარალელურად იღებს. სახელმწიფო დამსაქმებელს პროფესიულ პროგრამაში ჩართული ადამიანის ხელფასის ნაწილს უნაზღაურებს. ამით, პროფესიულ მიმართულების სტუდენტის დასაქმებისა და განათლების ხარისხის ამაღლების შანსები გერმანიაში იზრდება.

ამ განცხადებებს მოყვა დისკუსიები გერმანული უმაღლესი განათლების სისტემის უპირატესობების შესახებ. ერთ-ერთი მოსაზრებით გერმანიაში უმაღლეს განათლებაში ჩართულების მეტი რაოდენობაა, ვიდრე ვთქვათ ამერიკაში, რადგან გერმანიაში უმაღლესებში სწავლა უფასოა. სინამდვილეში ეს ასე არ არის.

როგორც ზედა ცხრილში შეგიძლიათ ნახოთ, გერმანიაში უმაღლესი დამთავრებული 25-34 და 55-64 წლის მოსახლეობის 30%-ს აქვს, ხოლო მაგ. აშშ-ში 40%-ზე მეტს. თუ გერმანიაში ნაკლები ადამიანი სწავლობს უმაღლესში, მაშინ რა შეიძლება ჩაითვალოს გერმანიის მიღწევად?

ზოგიერთი პერსპექტივიდან, დადებითია ის, რომ გერმანიაში უნივერსიტეტები ახლოსაა ერთმანეთთან ხარისხით. აშშ-ს უმაღლესებს შორის ძალიან დიდი დაშორებაა. ამერიკის უნივერსიტეტების ნაწილს აქვს მნიშვნელოვნად უფრო მეტი სამეცნიერო პროდუქცია, ვიდრე სხვებს და მათ შორის ვიდრე გერმანულ უნივერსიტეტებს. მნიშვნელოვნად განსხვავდება დასაქმების შანსები სხვადასხვა უნივერსიტეტდამთავრებულებს შორისაც. ეს კი საზოგადოების მოწყობის განსხვავებული მოდელებისა და უმაღლესების მიმართ დამოკიდებულების განსხვავების შედეგია.

გერმანელებისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ თუ უმაღლეს განათლებას იღებს ადამიანი, მაშინ ეს განათლება უნდა იყოს მეტნაკლებად თანაბრად ხარისხიანი. ეს გამორიცხავდა ე.წ. ელიტური უმაღლესების არსებობას, როგორიც არის მაგალითად ჰარვარდი აშშ-ში და კემბრიჯი და ოქსფორდი ბრიტანეთში.
თუმცა თანასწორობისა და ხელმისაწვდომობის საკითხი ასე მარტივად უმაღლესების თანაბარი ხარისხის მიწოდებით არ წყდება.

გერმანელების განათლების სისტემაში სულ ბოლო დრომდე პრობლემად ითვლება, რომ სკოლის დაწყებით საფეხურზევე ბავშვების მნიშვნელოვან ნაწილს ეუბნებიან, რომ მათი ადგილი უნივერსიტეტებში არ არის. უნივერსიტეტებში მოსახვედრად მნიშვნელოვანია, რომ დაამთავრო გიმნაზია. გიმნაზიაში მოხვედრა კი ძალიან ძნელია მასწავლებლების მხარდაჭერის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ გიმნაზიის გვერდის ავლით არსებობს თეორიული შანსი უმაღლესებში მოხვედრის, ამ გზას ბევრი ვერ იყენებს. შესაბამისად, არსებობს საუნივერსიტეტო და არასაუნივერსიტეტო სასკოლო განათლების გზები, რომლებიც საკმაოდ ადრევე იყოფა. ეს კი სოციალური ნიშნით მნიშვნელოვნად ახარისხებს მოსწავლეებს.

გერმანული განათლების პოლიტიკა ორივე მიდგომას ცვლის. ერთი მხრივ ცდილობს, რომ ნაკლები შერჩევა ხდებოდეს სკოლებში. მეორე მხრივ ცდილობს გამოავლინოს საუკეთესო პოტენციალის მქონე უნივერსიტეტები და ისინი გააძლიეროს (იხ. ე.წ. ექსელენს კლასტერები). ამ თვალსაზრისით გერმანია ანგლო-საქსურ მოდელის მიმართულებით ვითარდება, სადაც შესაძლებელია იყოს ელიტარული უნივერსიტეტები მაღალი კომპეტენციების და წარმადობის პროფესურის კონცენტრაციით.

როდესაც უმაღლესი განათლების გერმანულ მართვის მოდელზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ გერმანელები აფინანსებენ არა მხოლოდ ეკონომიკურად მომგებიან მიმართულებებს, არამედ ყველას. შესაბამისად უმაღლესში სწავლა უფასოა, როგორც მაგალითად ისტორიკოსებისთვის ისე ინჟინრებისთვის. შესაბამისად ჩვენთან დაფინანსების პრიორიტეტების ეკონომიკის მიხედვით განსაზღვრას გერმანიასთან ბევრი კავშირი არ აქვს.

ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ გერმანიაში არის უნივერსიტეტების სისტემაში ჩვენი კონტექსტისთვის სრულიად მიუღებელი მართვის ელემენტებიც. მაგალითად იქ პროფესურას და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წევრებს სახელმწიფო ქირაობს და არა უნივერსიტეტი. ეს გერმანიის პოლიტიკურ ვითარებაში არ ნიშნავს იმას, რომ პროფესურას ავტონომია არ აქვს. ჩვენს ვითარებაში კი პოლიტიკური მანიპულაციის საფრთხეები მნიშვნელოვნად უფრო დიდი იქნება.

გერმანიაში სახელმწიფო წყვეტს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ადგილების რაოდენობას მიმართულებების მიხედვით. ეს ჩვენს პირობებში ასევე პოლიტიკური ვაჭრობისა თუ შანტაჟის თემაც შეიძლება იყოს. გავიხსენოთ რას ამბობდა 2012 წელს უმრავლესობაში მოსული განათლების, კულტურისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის თავჯდომარე ვანო კიღურაძე. მისი აზრით უნივერსიტეტების პროფესურა პარტიული ნიშნითაა დანიშნული და მათი “გაწმენდა” მნიშვნელოვანი იქნებოდა.

ამის გათვალისწინებით სასარგებლოა, თუ გერმანიაში ვნახავთ რა მუშაობს და რა არა და შემდეგ დავფიქრდებით, თუ როგორი გვინდა ჩვენი სისტემა იყოს. განათლების სისტემის ცალკეული ელემენტების სესხება შედეგის მომტანი ვერ იქნება კონტექსტის გათვალისწინების გარეშე. მაგალითად პროფესიული განათლების ე.წ. დუალური მოდელიც კი შეიძლება მუშაობდეს კარგად გერმანიაში, მაგრამ არ მუშაობდეს საქართველოში. ჩვენ არ ვიცით დამსაქმებლების რეაქცია ამ სისტემაზე, და ამავდროულად ვიცით, რომ საკმაოდ დაბალი პრესტიჟი აქვს პროფესიულ პროგრამებს. ამიტომ აზრი აქვს საკუთარის შექმნას, სხვისი გამოცდილების გააზრებით.