მსოფლიო ბანკი საქართველოს 140 მლნ აშშ დოლარს გამოუყოფს

0
22
მსოფლიო ბანკი საქართველოს 140 მლნ აშშ დოლარს გამოუყოფს

მსოფლიო ბანკი საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის დაფინანსების მიზნით 140 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს.

როგორც “ინტერპრესნიუსს” ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავარი სატრანსპორტო მაგისტრალის განახლების მხარდაჭერას განაგრძობს.

უწყების ინფორმაციით, საქართველოსა და მსოფლიო ბანკის რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას “აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტის” (ჩქაროსნული მაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთი) დაფინანსების მიზნით 140 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური რესურსის გამოყოფის თაობაზე.

ხელშეკრულებას ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა მოაწერეს ხელი. ცერემონიალს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია დარჩიაშვილი დაესწრო.

უწყების ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებულია ზემო ოსიაური – ჩუმათელეთის დაახლოებით 14.1 კმ. სიგრძის მონაკვეთზე ახალი ოთხზოლიანი გზის მშენებლობა. აღნიშნული მონაკვეთიდან, მსოფლიო ბანკის მიერ დაახლოებით 8.3 კმ დაფინანსდება.

“აღსანიშნავია, რომ პროექტს მსოფლიო ბანკთან ერთად აფინანსებს ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), რომელიც ამ მიზნით გამოყოფს 49.45 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებას. ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) ზემო ოსიაურიდან ჩუმათელეთის მიმართულებით დაახლოებით 5.8 კმ. სიგრძის მონაკვეთის მშენებლობას დააფინანსებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, პროექტი აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაგრძელებას წარმოადგენს, რომლის მშენებლობის დაფინანსების მიზნით, დღეის მდგომარეობით, მხოლოდ მსოფლიო ბანკის მიერ, ჯამურად გამოყოფილია, დაახლოებით, 367 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიანი ფინანსური რესურსი. აღნიშნული სახსრებით დაფინანსდა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის აღაიანი-ზემო ოსიაური მონაკვეთი, ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა რიკოთის გვირაბს.

“სატრანსპორტო-საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი წარმოადგენს ქვეყნის მთავარ სატრანსპორტო არტერიას. მისი მშენებლობა აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ საქართველო ჩამოყალიბდეს როგორც რეგიონის სავაჭრო, ეკონომიკური, სატრანზიტო და ლოგისტიკური ცენტრი”, – ნათქვამია განცხადებაში.

წყარო