
„კომერსანტს“ ბევრი გულშემატკივარი დაუგროვდა. ამას მარტო ფორმალური რეიტინგებით არ ვგრძნობ, არც მხოლოდ დადებითი გამოხმაურებებით. ძალიან ხშირია გულწრფელი რჩევები, შენიშვნები, რეკომენდაციები, საყვედურებიც. ეკონომიკური პროფილის ჟურნალისტიკა ურთულესი სფეროა, განსაკუთრებით – საქართველოში, სადაც არ არსებობს ტრადიცია.
არ არსებობს პროფესიული ჟურნალისტური სკოლები ეკონომიკური მიმართულებით. მაღალკვალიფიციურ მედიას ქმნიან პროფესიონალი ჟურნალისტები და არანაკლებ პროფესიონალი რესპონდენტები. ამ უკანასკნელთა დეფიციტი კიდევ უფრო მეტად საგრძნობია ქვეყანაში.
ჩვენ ახალი პროექტი – politcommersant.ge დავიწყეთ. გვინდა შევეცადოთ და დადებითი ტენდენციები დავინახოთ ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში. რა გამოგვივა, ვნახოთ.
უცვლელი იქნება ჩვენი სლოგანი – „არ შეეჩვიოთ სიღარიბეს!“ ეს სიტყვები პატრიარქის ქადაგებიდან არის და ჩვენი საზოგადოების ყველაზე მგრძნობიარე პრობლემად მეჩვენება. არ შეიცვლება მიდგომები და თემატიკა: ბიზნესის პოპულარიზაცია; სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა; რიგითი მოქალაქის როლის წამოწევა; სიღარიბეზე დაფუძნებული ტოტალიტარული იდეოლოგიის მსხვრევა; ჩინოვნიკებისთვის იმის მუდმივი შეხსენება, რომ სახელმწიფო თანამდებობა არის პასუხისმგებლობა და არა პრივილეგია.
ჯიბრში ჩადგომა და შენიშვნები არც ბიზნესწრეებს მოაკლდებათ ჩვენგან. საქართველოში ბიზნესმენი და ფულიანი ადამიანი მუდმივად ერევათ ერთმანეთში. ბევრი პიროვნება, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში ბიზნესმენს ეძახიან, უბრალოდ ფულიანი ადამიანია და არა ბიზნესმენი. ბიზნესმენობაფულის რაოდენობით მოპოვებული სტატუსი არ არის. ის ისეთივე პროფესიაა, როგორიც ექიმი ან იურისტი, ამიტომ მის მოპოვებას მიზანმიმართულ შრომაზე დაფუძნებული გამოცდილება, უწყვეტი განათლება და სპეციფიკური უნარ-ჩვევები სჭირდება. ბიზნესმენობა უზომო პასუხისმგებლობას ნიშნავს ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე.
თანამედროვე ისტორიაში ბევრი მაგალითია, წარმატებული ბიზნესმენი როგორ ავითარებს მთელ დარგს, როგორ ამკვიდრებს ახალ ტექნოლოგიებს თავის სფეროში, ბიძგს აძლევს ახალი უნარ-ჩვევების, ცოდნის ჩამოყალიბებას, მისი ცხოვრების მაგალითზე მთელი თაობები იზრდებიან. ასეთი ტიპის ბიზნესმენების სერიოზული დეფიციტია დღეს ქვეყანაში. ჩვენ შევეცდებით, აღმოვაჩინოთ და მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ მათ, ქართული ბიზნესის რეალურ ისტებლიშმენტს.
ქვეყანაში ბიზნესმენების ახლებურად მოაზროვნე თაობა უნდა მოვიდეს, ვისთვისაც ბიზნესმენის სტატუსი მარტოოდენ ფულის მოცულობასთან არ იქნება დაკავშირებული.
ქვეყნის წინსვლისა და კრიზისიდან გამოყვანის ბევრი რეცეპტი მაქვს მოსმენილი ბოლო ოცწლეულის განმავლობაში. მათ შორის, ყველაზე რეალური შედეგის მომტანი სწორედ ქვეყანაში წარმატებული ბიზნესმენების ფენის ჩამოყალიბებაა. სახელმწიფო აპარატმა ყველაფერი უნდა გააკეთოს ბიზნესის რეალური განვითარებისთვის. ამ მიზანს ალტერნატივა არ გააჩნია.
სახელმწიფო ჩინოვნიკების უდიდესი ნაწილი ასე არ ფიქრობს. ბევრ მათგანს საკმარისი ცოდნა და სწორი ხედვები არ გააჩნია ამისათვის.
უზომოდ შემაშფოთებელია სახელმწიფო სტრუქტურებში არსებული ბიუროკრატიის მაღალი დონე. ეს თემა უმთავრესი საზრუნავი უნდა იყოს ნებისმიერი მმართველი ძალისთვის. ძალიან მენანება, რომ საკუთარი ძალისხმევის უდიდესი ნაწილი, სხვადასხვა დროს, სახელმწიფო აპარატთან ელემენტარული პრობლემების მოგვარებას შევალიე.
როდესაც რომელიმე მაღალჩინოსნის კაბინეტიდან გამოვდივარ, სადაც„სახელმწიფო ინტერესების სადარაჯოზე მდგომი“ ჩინოვნიკი გიმტკიცებს, რომ შენთვის შექმნილი პრობლემის მოგვარება სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება, მუდმივად რუზველტის სიტყვები მახსენდება: „რაც კარგია ჯენერალ მოტორსისთვის, კარგია მთლიანად ამერიკისთვის“. ასეთი მენტალიტეტით შენდებოდა დასავლური სამყარო. ჩვენთან კი, წლების განმავლობაში, სახელმწიფოს ინტერესების სახელით განხორციელებულ ძალადობაზე, უამრავ უკანონობაზე, მილიონობით ადამიანის ხელყოფილ სიცოცხლეზე და შელახულ ინტერესებზე აშენდა საბჭოთა სახელმწიფო, რომლის იდეოლოგია დღემდე დომინირებს ზოგიერთი სახელმწიფო მოხელის გონებაში. ეს ძალიან სახიფათოა! ასეთი ჩინოვნიკების გასაგონად მინდა მუდმივად ვიმეორო, რომ სახელმწიფო ვირტუალური წარმონაქმნი არ არის, ის კონკრეტული, ცოცხალი ადამიანების ერთობისაგან შედგება.
სახელმწიფოს ინტერესების დაცვა – თითოეული მოქალაქის, კონკრეტული სახელისა და გვარის უკან მდგომი მოქალაქის ინტერესების დაცვას გულისხმობს.
ყველამ უნდა დავიმახსოვროთ, რომ სახელმწიფოს სადარაჯოზე დგომა, საქართველოს ნებისმიერი რიგითი მოქალაქის უფლებებისა და ინტერესების სადარაჯოზე დგომას ნიშნავს. ამ თეზისს გამონაკლისები, ქვეტექსტები და ინტერპრეტაციები არ გააჩნია!!!
P.S. ბევრი ითქვა და დაიწერა გასული წლის 13 ივნისის თბილისის სტი ქიის შედეგების სალიკვიდაციოდ საკუთარი ნებით გამოსული ადამიანების შესახებ. პრესა-ტელევიზია და სოციალური ქსელები აჭრელებული იყო ტალახში ამოსვრილი ახალგაზრდების სურათებით. ცოტამ თუ მიაქცია ყურადღება იმ ფაქტს, რომ სტიქიით დაზარალებული თბილისის გასაწმენდად ძირითადად ერთი თაობის ადამიანები გამოვიდნენ. ფოტოებზე ვერსად იპოვიდით უფროსი თაობის ადამიანების სახეებს. რატომ ? მათ ხომ 20-25 წლის გოგო-ბიჭებზე მეტი აქვთ ნაცხოვრები ამ ქალაქში? მათ ხომ უფრო მეტად უნდა შესტკიოდეთ გული ქალაქზე, სადაც დაიბადნენ და გაიზარდნენ? სად იყო უფროსი თაობა? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა თქვენთვის მომინდვია, მე კი ჩემს სათქმელს იმით დავამთავრებ, რომ ახალი თაობა უკვე მოვიდა!!!
რაც მთავარია, პირდაპირ ბარებით და ნიჩბებით მოვიდნენ. მათ შრომა არ ეთაკილებათ, მათთვის სახელმწიფო ვირტუალური წარმონაქმნი არ არის.
ისინი უფროსი თაობებისგან გამოირჩევიან აზროვნების სტილით და სამოქალაქო პასუხისმგებლობის მეტი განცდით. ეს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების რეალური ნიშნებია. ამ პროცესს წინ ვერაფერი დაუდგება.
მას ყველამ ანგარიში უნდა გავუწიოთ და ხელი შევუწყოთ. „კომერსანტი“ ამისთვის მზად არის.