„ქართულ ბანკებს დოლარში სესხების გაცემა უნდა აეკრძალოთ“

0
30
„ქართულ ბანკებს დოლარში სესხების გაცემა უნდა აეკრძალოს“

ეკონომიკის ექსპერტმა თემურ ბასილიამ საინტერესო ინიციატივა გააჟღერა – სავალუტო ფონდის რეკომენდაციიდან გამომდინარე, რომელიც ქართულ საბანკო სექტორში დოლარიზაციის მაღალ მაჩვენებელს უკავშირდება, ბასილიამ განაცხადა, რომ ქართულ ბანკებს უნდა აეკრძალოს ოპერაციების, მათ შორის კრედიტების დოლარში გაცემა, როგორც ეს 2008 წლამდე იყო.

მისი თქმით, მსგავსი პრინციპი მოქმედებს მთელ განვითარებულ სამყაროში.

აქედან გამომდინარე, „კომერსანტი“ დაინტერესდა, როგორი პრაქტიკაა ევროპაში და გერმანიის ერთერთი საფინანსო ინსტიტუტის თანამშრომელს გაესაუბრა. მისი თქმით, გერმანიაში უცხოურ ვალუტაში სესხის აღება აკრძალული არ არის, შესაძლებელია მოქალაქე მივიდეს ბანკში, გაესაუბროს მრჩეველს და უცხოურ ვალუტაში აიღოს სესხი, თუმცა მისი თქმით, გერმანიაში ამას ძალიან ცოტა მომხმარებელი აკეთებს და ევროს გარდა სესხის სხვა ვალუტაში გამოტანა იშვიათ შემთხვევებშია შესაძლებელი.

„კრედიტის აღებისას მოვალეს აქვს საპროცენტო განაკვეთის რისკი, მაგალითად შესაძლოა ბანკში კრედიტი 10%–ად აიღო და 1 თვეში ბაზარზე განაკვეთები 5%–მდე დაეცეს,  გამოვა, რომ შენ ბანკს  ბაზართან შედარებით 5%–ით მეტს გადაუხდი. იმ შემთხვევაში კი როცა უცხოურ ვალუტაში ხდება კრედიტის აღება, საპროცენტო განაკვეთის რისკს გაცვლითი კურსის რისკი ემატება, რაც ბევრად დიდია ვიდრე საპროცენტო განაკვეთის რისკი”.  ირკვევა, რომ გარკვეული პერიოდის წინ გერმანიის ცენტრალურმა ბანკმა გასცა გაფრთხილება, რომ მოსახლეობა უცხოურ ვალუტაში კრედიტების აღებას მოერიდოს.

მისი თქმით, საქართველოში  შესაძლოა ბანკები დოლარში ცოტათი დაბალ პროცენტს სთავაზობენ  ლართან შედარებით, არადა გაცვლითი კურსის რისკი რომ ძალიან მაღალია, ამას მომხმარებლის დიდი ნაწილი ვერ ხვდება.

რაც შეეხება ევროპას –  გარკვეული პერიოდის წინ  ევროპაში შვეიცარიული ვალუტა იყო ძალიან პოპულარული, საპროცენტო განაკვეთი თითქმის ნულს უტოლდებოდა და შედარებით ბევრს  შვეიცარიულ ფრანკში ჰქონდა კრედიტი, თუმცა 1 წლის წინ შვეიცარიამ ეგრეთ წოდებული „cap” მოხსნა და ვალუტა გაძვირდა, შედეგად კომპანიებმაც და ხალხმაც დიდი ზარალი ნახა.

ფინანსისტი განმარტავს, რომ გერმანიაში ბანკებს არაპირდაპირ მაინც აქვთ შეზღუდვა  უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემასთან დაკავშირებით, იმის გამო რომ მაღალი რისკი არ ჰქონდეთ. რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს- გერმანიაში საშუალოდ 6-7% ის ფარგლებშია, თუმცა არის სესხები სადაც განაკვეთი შესაძლო 0% იყოს. ევროპის ცენტრალურ  ბანკს ძალიან დაბალი საპროცენტო განაკვეთი აქვს დაწესებული იმისთვის, რომ ეკონომიკას დაეხმაროს, ამიტომ ბანკებში ჭარბი თანხებია. თავად სესხის გაცემის პროცედურები მკაცრია, თუმცა  ძირითადი არის შემოსავალი, რომელიც უნდა ჰქონდეს მოქალაქეს, ბინა და მანქანა, უძრავი ქონება ნაკლებად აინტერესებთ.

კომერსანტი