საზღვარგარეთ არასრულწლოვანთა გაყვანა ახლებურად დარეგულირდება

0
18
საზღვარგარეთ არასრულწლოვანთა გაყვანა ახლებურად დარეგულირდება

საზღვარგარეთ არასრულწლოვანთა გაყვანა ახლებურად დარეგულირდება. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, კანონპროექტის მიზანი ბავშვთა და ორივე მშობლის უფლებების თანაბრად და უკეთ დაცვაა.

“პასპორტი არის სამგზავრო დოკუმენტი და დღეს პასპორტის არასრულწლოვანი შვილისთვის აღება საჭიროებს ორივე მშობლის თანხმობას. თუმცა, არ არსებობს მექანიზმი, რომლითაც ბავშვის საუკეთესო ინტერესი იქნება დაცული მაშინ, თუკი პასპორტის აღების შემდეგ მშობლებს შორის მოხდება უთანხმოება, გაშორება ან სხვა ტიპის კონფლიქტი და ერთ-ერთი მშობელი გადაწყვეტს, რომ მანამდე, ჰარმონიული ცხოვრების პირობებში აღებული პასპორტი გამოიყენოს, მოაშოროს არასრულწლოვანი შვილი მეორე მშობელს და ის წაიყვანოს სამუდამოდ საზღვარგარეთ. ასეთ შემთხვევაში ბავშვი არ არის დაცული იმისგან, რომ ის არ გახდეს მშობლებს შორის უთანხმოების რეალური მსხვერპლი. ჩვენ შემოგვაქვს ვალდებულება მშობლებისთვის − როდესაც ისინი აიღებენ თავიანთი არასრულწლოვანი შვილისთვის პასპორტს, შეავსებენ სპეციალურ ფორმას, სადაც გააკეთებენ გათვითცნობიერებულ და ინფორმირებულ არჩევანს იმის შესახებ, რომ პასპორტი არის სამგზავრო დოკუმენტი და როდესაც არასრულწლოვანს სამგზავრო დოკუმენტს უმზადებენ, ეს ნიშნავს იმას, რომ მეორე მშობელმა ბავშვი შეიძლება გაიყვანოს მისი თანხმობის გარეშე საზღვარგარეთ”, − აღნიშნა თეა წულუკიანმა.

გარდა ამ ვალდებულებისა, მისი თქმით, კანონში შევა ცვლილება და მშობლები შეიძენენ ახალ ბერკეტს, რომ უკეთესად დაიცვან საკუთარი შვილის ინტერესები. ცვლილების თანახმად, თუ რომელიმე მშობელი უკან გაიტანს თავის თანხმობას პასპორტის აღების შესახებ, ბავშვზე გაცემული პასპორტი გაუქმდება.

“ჩვენ კანონში შევიტანთ ცვლილებას და მივცემთ მშობლებს იმ ბერკეტს, რომელიც დღეს არ აქვთ. ამიერიდან ერთი მშობლის მოთხოვნა იქნება საკმარისი იმისთვის, რომ მანამდე მისივე თანხმობით გაცემული პასპორტი გაუქმდეს. სანამ ეს ცვლილება შევა კანონში და ამ ახალ ბეკრეტს შეიძენს თითოეული მშობელი, მინდა, დღეიდან გავაფრთხილო ყველა მშობელი, რომელთაც არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ, რომ, თუკი აუღებთ ერთობლივი თანხმობით თქვენს შვილს პასპორტებს და გაჩნდა კონფლიქტი, მაშინვე მიმართეთ იუსტიციის სახლებს, ტერიტორიულ სამსახურებს და უკვე მოითხოვეთ პასპორტის გაუქმება იმისთვის, რომ ის ბავშვი, რომელიც არასრულწლოვანია და რომელიც თვითონ არ აკეთებს არჩევანს, არ აღმოჩნდეს მსხვერპლი ორ სრულწლოვან ადამიანს შორის გაჩენილი უთანხმოებისა”, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

მისივე ინფორმაციით, კანონპროექტის მომზადება პრობლემურმა ვითარებამ განაპირობა, რომელიც საქართველოში შეიქმნა ბავშვთა ქვეყნიდან გაყვანის მხრივ. მან კონკრეტულ შემთხვევაზე ისაუბრა, როდესაც ბავშვი ქვეყნიდან ერთ-ერთმა მშობელმა მეორის ინფორმირების გარეშე გაიყვანა.

ipn.ge

[wpolling id=”11″ width=”” height=””]