არარეზიდენტმა ბანკებმა საქართველოდან 800 მილიონი დოლარი გაიტანეს

0
106
არარეზიდენტმა ბანკებმა საქართველოდან 800 მილიონი დოლარი გაიტანეს

შარშან არარეზიდენტმა ბანკებმა კომერციული ბანკებისგან რეკორდული რაოდენობის დოლარი შეისყიდეს. სპეციალისტები შიშობენ, რომ ამ ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში ლარზე ნეგატიური ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება და ქვეყნის ეკონომიკას სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდება.

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, 2015 წელს კომერციულმა ბანკებმა 13,434 მლრდ დოლარი გაყიდეს. განსაკუთრებით საყურადღებოა ერთი დეტალი, თუ განვიხილავთ სავალუტო ბაზარზე აშშ დოლარით განხორციელებული ვაჭრობის შედეგებს, ვნახავთ, რომ გაყიდული დოლარის ყველაზე დიდი წილი არარეზიდენტ ბანკებზე მოდის. 2014 წლის ჯამური მონაცემებით, არარეზიდენტი ბანკების მიერ აშშ დოლარის წმინდა შესყიდვებმა (შესყიდვებს მინუს გაყიდვები) 488 მლნ დოლარს გადააჭარბა, 2015 წელს კი 800 მილიონ დოლარი შეადგინა. ანუ არარეზიდენტი ბანკების მიერ დოლარის წმინდა შესყიდვები ერთ წელიწადში 63%-ით გაიზარდა.

შარშან სამ კვარტალში არარეზიდენტი ბანკების მიერ დოლარის შესყიდვის რეკორდი უკვე დაფიქსირდა (600 მილიონ დოლარამდე). “ბანკები და ფინანსების” მეშვეობით ეკონომისტები მთავრობას აფრთხილებდნენ, რომ წლის ბოლომდე არარეზიდენტების მიერ დოლარის წმინდა შესყიდვები 1 მლრდ დოლარს მიაღწევდა, ქვეყნიდან კი ამ რაოდენობის დოლარის გადინება სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიდა საქართველოს ეკონომიკა. სპეციალისტების განცხადებით, დოლარი მსოფლიოს ბევრი ქვეყნის ვალუტასთან მყარდება, რეგიონში კი დოლარის დეფიციტი აშკარად იგრძნობა, შესაბამისად გასაკვირი არც არის არარეზიდენტი ბანკების ეს მოქმედებები.

ეკონომისტი მერაბ ჯანიაშვილი განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ არარეზიდენტ ბანკებს ასეთი დიდი რაოდენობის დოლარის მასა ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებისთვის დასჭირდათ, მათ დოლარის მასა საქართველოდან ან თვითონ, ან საკუთარი ქვეყნის კომპანიების მეშვეობით გაიტანეს.

“არარეზიდენტი ბანკების მიერ დოლარის ასეთი ოდენობის შესყიდვა მიუთითებს იმაზე, რომ მათ დოლარი ქვეყნიდან გაიტანეს.  ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ფული მთლიანად ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებისთვის დასჭირდათ. როგორც წესი ასეთი ბანკები ემსახურებიან საკუთარი ქვეყნის წარმომადგენელ ბიზნესმენებს და მათ სავალუტო ოპერაციებს”, – ამბობს მერაბ ჯანაშვილი და დასძენს, რომ შეიძლება დოლარი პირდაპირ არარეზიდენტმა ბანკებმა არ გაიტანეს, მაგრამ გაიტანა მათმა მომხმარებელმა.

“მეზობელ ქვეყნებში გაუფასურდა ვალუტები, აზერბაიჯანში საერთოდ კრიზისული სიტუაცია შეიქმნა. ბუნებრივია, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქვეყნიდან რაღაც რაოდენობის დოლარი გავიდა”, – აცხადებს ჯანიაშვილი.

მნიშვნელოვანია აგრეთვე იურიდიული პირების შესყიდვებიც, რომელთა მხრიდან აშშ დოლარზე მოთხოვნა პირდაპირ კავშირშია ექსპორტ-იმპორტის დინამიკასთან. 2014 წლის ჯამური მონაცემებით იურიდიული პირების მიერ განხორციელებულმა წმინდა შესყიდვებმა 977მლნ დოლარზე მეტი შეადგინა, ხოლო 2015 წელს 575 მლნ დოლარი, რაც2014 წლის წლიური მაჩვენებლის 58%-ზე ნაკლებია. აქედან აშკარად ჩანს, რომ 2015 წლის განმავლობაში აშშ დოლარის მოთხოვნაზე ექსპორტისა და იმპორტის დინამიკის ზეგავლენა საგრძნობლად არის შესუსტებული.

რაც შეეხება ფიზიკური პირების წმინდა შესყიდვებს, რომელზედაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფულადი გზავნილების მოცულობა, პირადი სავალუტო ვალდებულებები და ასევე საზოგადოებრივი მოლოდინები, ვნახავთ, რომ 2015 წელს უარყოფითი მაჩვენებელი -345 მლნ დოლარი არის დაფიქსირებული, რაც იმას ნიშნავს რომ მოსახლეობა პირიქით უფრო მეტ დოლარს ყიდის, ვიდრე ყიდულობს.

ბოლო ორი ჯგუფის (იურიდიული და ფიზიკური პირების) წმინდა შესყიდვების განხილვიდან აშკარაა რომ საგარეო ფაქტორების გავლენა დოლარის შესყიდვაზე და მის გამყარებაზე 215 წელს არც ისე საგანგაშო იყო. ასევე აშკარაა რომ არარეზიდენტი ბანკების მიერ მკვეთრად არის გაზრდილი დოლარზე მოთხოვნა, მათი წმინდა შესყიდვები კი საგანგაშო მაჩვენებლებს აღწევს. ეს მაშინ, როდესაც საქართველოში შექმნილი დოლარის დეფიციტის გამო ლარი მკვეთრად უფასურდება.

ეკონომისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ სიტუაციაში აუცილებელია დაწესდეს ერთგვარი შეზღუდვა_ლიმიტი მათ მიერ ადგილობრივ სავალუტო ბაზარზე დოლარის შესყიდვაზე, ხოლო ეროვნული ვალუტის კურსის განსაზღვრის წესში შევიდეს ცვლილება, რომლითაც არარეზიდენტი ბანკების ფილიალების სავაჭრო გარიგების შედეგების გათვალისწინება არ მოხდეს კურსის განსაზღვრისას. ვინაიდან არარეზიდენტი ბანკების მიერ დოლარის მასშტაბური შესყიდვა კურსზე ნეგატიურად მოქმედებს.

მერაბ ჯანიაშვილი კი რეგულაციების დაწესებას დიდ შეცდომად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ გამოსავალი საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაშია, რათა უცხოურ კომპანიებსა და ბანკებს ფულის საქართველოში დაბანდების სურვილი გაუჩნდეთ.

“მე მეეჭვება, რომ ასეთი საკითხის მკაცრი რეგულაციებით დარეგულირება გამოსავალი იყოს. თუ სახელმწიფო რეგულაციებს დააწესებს საქართველო საინვესტიციო მიმზიდველობას დაკაგავს”, – ამბობს ჯანიაშვილი.

ფაქტი კი ერთია, არასტაბილური ვალუტა ინვესტორებს აფრთხობს და ეკონომიკის განვითარებასაც უკან წევს. ამიტომაც, საფინანსო ზედამხედველობის მიმართულებით მთავრობას გარკვეული ნაბიჯების გადადგმა მაინც მოუწევს.

 

მაკა ვარადაშვილი

[wpolling id=”11″ width=”” height=””]