“2010 წელს გამოვაცხადეთ, რომ ჩვენი მთავარი გამოწვევა დოლარიზაციის შემცირება იქნება”

0
13
არჩილ მესტვირიშვილი - 2010 წელს გამოვაცხადეთ, რომ შემდგომი წლებისათვის ჩვენი მთავარი გამოწვევა - დოლარიზაციის შემცირება იქნება

2010 წელი, დოლარიზაციის მაჩვენებელი – 69%, 2016 წელი დოლარიზაციის მაჩვენებელი  – კვლავ 69%

გთავაზობთ ჟურნალ Business Time Georgia-თვის მიცემულ ინტერვიუის საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან არჩილ მესტვირიშვილთან.

ბატონო არჩილ, პირველ რიგში, რომ გვითხრათ, რატომ დაიწყო სებ-მა 2010 წელს ლარიზაციის პოლიტიკა, რა ინსტრუმენტები აამუშავეთ ამისთვის ?
საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსი მოქმედებს და თუ ჩვენ გვინდა სტაბილური, მაღალი და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა, რადგან ვართ მცირე ზომის ღია ეკონომიკის ქვეყანა, საკურსო პოლიტიკის სხვა არჩევანი უბრალოდ არ გვაქვს. ამიტომ მცურავი კურსის პირობებში, კურსის მერყეობისაგან რომ დავიცვათ ეკონომიკა აუცილებელია, დოლარიზაციის დონე იყოს დაბალი. ძალიან რომ გავამარტივოთ, ლარიზაცია ნიშნავს იმას, რომ ლარის გრძელვადიანი სესხები იყოს ხელმისაწვდომი. დაბალი დოლარიზაცია მოსახლეობისა და ბიზნესისთვის ამცირებს სესხის მომსახურების ტვირთს, ზრდის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და შედეგად ხელს უწყობს მაღალ და გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას. ანუ დაბალი დოლარიზაცია ხელს უწყობს მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას. ბოლო წლებში მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ გატარებულმა რეფორმებმა, შექმნა დოლარიზაციის ეტაპობრივი შემცირების პირობები. სწორედ ამიტომ 2010 წელს გამოვაცხადეთ, რომ შემდგომი წლებისათვის ჩვენი მთავარი გამოწვევა – დოლარიზაციის შემცირება იქნება. ამ მიზნის მისაღწევად, რამდენიმე ინსტრუმენტი ავამოქმედეთ, რამაც საშუალება მოგვცა ნაწილობრივ ჩაგვენაცვლებინა დოლარის სესხები ლარის გრძელვადიანი სესხებით, მათ შორის უპირველესად ფიზიკური პირებისათვის. აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან იპოთეკური სესხები ლარით ხელმისაწვდომი გახდა და ბანკებს საშუალება მიეცათ რომ 10, 15 და 20-წლიანი სესხები გაეცათ ეროვნული ვალუტით, რაც მანამდე  შეუძლებელი იყო. რაც შეეხება ღონისძიებებს, ჩვენი მიზანია, ლარი გავხადოთ უფრო მეტად მიმზიდველი და ნაკლებად გამოვიყენოთ ადმინისტრაციული მეთოდები. ამ ეტაპზე, მაგალითად, გვაქვს დიფერენცირებული სარეზერვო მოთხოვნები, რომელიც ლარისთვის უფრო პრეფერენციულია. ასევე, რადგან უცხოური ვალუტით სესხი უფრო რისკიანია, მათ შორის სესხის გამცემისათვის, ამიტომ კომერციულ ბანკებს მოეთხოვებათ უფრო მაღალი კაპიტალი, თუ ისინი გასცემენ სესხებს ისეთ მსესხებლებზე, ვისაც შემოსავალი არ აქვთ უცხოური ვალუტით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ეროვნული ვალუტით ტრანზაქციული ხარჯების შემცირება. 2010 წელს ჩვენ დავასრულეთ ახალი ანგარიშსწორების სისტემის დანერგვა, რომელიც უსაფრთხო, დაბალხარჯიანი და სწრაფია და აქედან გამომდინარე, ლარით ტრანზაქციები საქართველოში არის გაცილებით მოქნილი და იაფი, ვიდრე უცხოური ვალუტით. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ყველაზე მნიშვნელოვანია ლარის გრძელვადიანი რესურსის არსებობა. რას ნიშნავს გრძელვადიანი ლარი? – როგორც ყველგან, ისე საქართველოშიც ფინანსურ სექტორში ვალდებულებები იქნება მოკლევადიანი  და სახელმწიფოს როლია შექმნას მაკროეკონომიკური გარემო, რომ საფინანსო სექტორმა შეძლოს მოკლევადიანი ვალდებულებით წარმოქმნას გრძელვადიანი აქტივები, დამატებითი რისკების გაჩენის გარეშე. ამ კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია – ლიკვიდობის რისკის შემცირებარისთვისაც, რეფინანსირების სესხები აუცილებელი კომპონენტია. ასევე, გრძელვადიანი ლარის არსებობისთვის მნიშვნელოვანია ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება. ჩვენ წარმატებით განვავითარეთ კაპიტალის ბაზრის სხვადასხვა სეგმენტი და ამ მიმართულებით მთავრობასა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ. იმედი მაქვს, რომ ახლო მომავალში კორპორატიული ობლიგაციების ლიკვიდური ბაზარიც გაჩნდება ქვეყანში, რასაც მომავალში სხვა სეგმენტებიც დაემატება. მაგალითისთვის – ერთი თვის წინ დავიწყეთ ლარის შემოსავლიანობის მრუდის გამოქვეყნება ეროვნული ბანკის საიტზე. ეს მრუდი ასახავს ლარის „ფასს“ და თვითონ ეს მრუდი ეფუძნება სახელმწიფო ფასიან ქაღალდებს, რომელიც არის ე.წ. „ურისკო“ ფასიანი ქაღალდები ქვეყანაში და კაპიტალის ბაზრის განვითარების ყველაზე აუცილებელი ელემენტი.

შედეგებით, რომელიც დღეს გვაქვს, კმაყოფილი ხართ?
თუ შევადარებთ რეგიონის სხვა მსგავს ქვეყნებს, კარგი შედეგები გვაქვს დოლარიზაციის შემცირების მასშტაბების კუთხით. 2012 წლიდან დაწყებული სესხების ლარიზაცია მუდმივად იზრდება ანუ უფრო მეტი სესხი გაიცემა ეროვნული ვალუტით, ვიდრე უცხოურით. ფიზიკური პირების დოლარიზაცია, ბოლო წლებში, გადაფასების ეფექტის გამორიცხვით, 28 პროცენტული პუნქტით შევამცირეთ, რაც თავისთავად კარგი შედეგია თუმცა კმაყოფილი ვიქნებოდი რომ მოგვესწრო საგარეო შოკამდე მისი გაცილებით მეტად შემცირება. შედეგებით კმაყოფილები მხოლოდ მაშინ ვიქნებით, როდესაც დოლარიზაცია აღარ იქნება მაკროეკონომიკური პრობლემა, ანუ სანამ მისი მასშტაბები არ ჩამოცდება 20%-30%-იან დონეს.

დაახლოებით, რამდენი წელია საჭირო ამისთვის?
სხვა ქვეყნების გამოცდილებით, ამას 10 წელი მაინც სჭირდება, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად აქტიური პოლიტიკა ხორციელდება და ეს პოლიტიკა მხოლოდ ეროვნული ბანკის კომპეტენციის ფარგლებში არ არის. კომპლექსური მიდგომაა საჭირო ქვეყანაში დედოლარიზაციის კუთხით. მათ შორის, მნიშვნელოვანია საზოგადოების მხარდაჭერა და ყველა იმ რისკის სწორი აღქმა, რაც ფინანსურ ოპერაციებთანაა დაკავშირებული.

კომპლექსური მიდგომა ახსენეთ, რამდენად არსებობს ეს მიდგომა დღეს?

ვგულისხმობ მთავრობის მხრიდან მხარდაჭერასაც…მთავრობა სრულად აღიქვამს დოლარიზაციის ნეგატიური გავლენის მასშტაბებს, ამიტომ მათთან აქტიურად ვმუშაობთ ამ საკითხებზე და სხვადასხვა ღონისძიებაზე მიდის მსჯელობა თუ როგორ დავაჩქაროთ ეს პროცესი. რადგან ეს არის გრძელვადიანი პროცესი, ისევე როგორც ყველგან, ეკონომიკური პოლიტიკის გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირი არის განვითარების, მათ შორის დოლარიზაციის შემცირების აუცილებელი პირობა.  მთავრობის მიერ პროცესების ხელშეწყობის კუთხით, მაგალითად მნიშვნელოვანია მთავრობის ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება, რაც 2009 წლიდან დაიწყო და ეხლაც მიმდინარეობს.ქვეყანაში ლარის გრძელვადიანი რესურსის გაჩენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი რომ მთავრობა უშვებს ორ,ხუთ დაათწლიან ფასიან ქაღალდებს. ხანდახან აღიქმება ისე, თითქოს ლარიზაცია ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვინდა უცხოური ვალუტის შემოდინება, რაც ასე არ არის. ლარის კაპიტალის ბაზარზე, არარეზიდენტი ინვესტორებიც იღებენ მონაწილეობას. ანუ ვალუტის შემოდინება ხდება დაკონვერტირდება ლარით, ანუ არარეზიდენტი ინვესტორები იღებენ სავალუტო რისკს და შესაბამისად ქვეყანას უმცირდება სავალუტო რისკი. არიან ინვესტორები, რომლებსაც სურთ ადგილობრივი ვალუტით რისკის აღება თავიანთი პორტფელის სხვა რისკების დასაბალანსებლად. ამ ეტაპზე ჩვენ ორი ასეთი არარეზიდენტი ინვესტორი გვყავს და იმედი გვაქვს, რომ მომავალში უფრო მეტი გვეყოლება და ინვესტიციის მასშტაბებიც გაიზრდება. ინვესტორთა სახელებს ცხადია ვერ დავასახელებ, თუმცა მათ ხელთ არსებული ფასიან ქაღალდებზე ინფორმაცია ყოველთვიურად ქვეყნდება ჩვენ ვებ-გვერდზე.

თუ რეალურად ეროვნული ვალუტის მიმართ მოსახლეობაში ნდობა არ გაიზარდა, რეალურად აზრი აქვს ამ ინსტრუმენტებს?
ეროვნული  ვალუტის მიმართ ნდობა არის ამ პროცესის აუცილებელი ნაწილი და პირიქით, დაბალი დოლარიზაცია ზრდის ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობას. დოლარიზაციის შემცირება ზრდის ქვეყანაში საგარეო ინვესტიციებსაც, რაც კურსზეც დადებითად მოქმედებს. იმ ქვეყნებში სადაც დოლარიზაცია შეამცირეს, გაუფასურება აღარ აღიქმება პრობლემად და პირიქით გამყარებაა ხდება ეკონომიკისათვის გამოწვევა. სხვა ქვეყნების გამოცდილებით, მცურავი კურსის არსებობა არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობის არსებობისათვის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ნდობა ეროვნული ბანკის მიმართ, რომ ის დამოუკიდებლად შეძლებს განახორციელოს მისი საქმიანობა და უზრუნველყოს ფასების სტაბილურობა გრძელვადიან პერიოდში. ამ ეტაპზე, ლარის მიმართ ნდობა არის საკმარისი იმისთვის, რომ მეტი სესხი იყოს გაცემული ეროვნული ვალუტით. ლარის დეპოზიტები არის საკმარისი, მაგრამ ეს დეპოზიტები არის მოკლევადიანი. ამიტომ როგორც ადრეც აღვნიშნე, ჩვენი მიზანია, და სახელმწიფოს როლია, რომ შევქმნათ ისეთი პირობები, რომ ფინანსურ ინსტიტუტებს შეეძლოთ მოკლევადიანი დეპოზიტების გრძელვადიან სესხებად გარდაქმნა. ეს საკმარისი იქნება შემდგომი რამდენიმე წლის განმავლობაში, ეკონომიკის ზრდის შესაბამისად სესხების დაფინანსებისათვის, თუმცა შემდგომ ეტაპზე უკვე საჭირო იქნება უფრო გრძელვადიანი დეპოზიტების გაჩენა, ამისთვის მთავრობა მუშაობს და აქვს სხვადასხვა ინიციატივა. მათ შორისაა, კაპიტალის ბაზრის განვითარება, საპენსიო რეფორმა და სხვა ინსტიტუციური ინვესტორების გაჩენა. თუმცა ამ ეტაპზემთავარი გამოწვევაა, შევქმნათ პირობები მოკლევადიანი დეპოზიტების გრძელვადიან აქტივებად გარდასაქმნელად.

ნდობას რა განსაზღვრავს?
დაბალი ლარიზაცია ნიშნავს, რომ ეკონომიკა ნაკლებად განიცდის გარე შოკების უარყოფით შედეგებს, თუმცა მეორე მხრივ იზრდება ადგილობრივი ეკონომიკური პოლიტიკის გავლენა. ამიტომ გრძელვადიანი მოლოდინები ადგილობრივი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ და ინსტიტუტებისადმი ნდობა, განსაკუთრებით ეროვნული ბანკისადმი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. თუ ბიზნესი და მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ პოლიტიკური პროცესები ვერ ახდენს გავლენს ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებებზე და ის დამოუკიდებლად ახორციელებს თავის მანდატს, მაშინ არსებობს ნდობა, რომ ფასების სტაბილურობას მომავალში საფრთხე არ შეექმნება და, რომ ლარი არ დაკარგავს მსყიდველობით უნარიანობას. როდესაც გრძელვადიანი მოლოდინები პოზიტიურია, მოკლევადიანი მერყეობები, რაც დამახასიათებელია საბაზრო ეკონომიკისათვის აღარ იწვევს პანიკას და მერყეობებიც შედრებით მცირეა. ამიტომ აღიარებული და სტატისტიკურად დამტკიცებულია, რომ ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობა დადებითად აისახება ეკონომიკურ ზრდასა და მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე. რაც მეტია ნდობა მომავლის მიმართ, მით ნაკლებია დოლარიზაცია და მოკლევადიანი გაუფასურება რამდენიც არ უნდა იყოს, არავინ შეიძენს სხვა ვალუტას რისკის დასაზღვევად, რადგან იციან, რომ გაუფასურებას გამყარება მოყვება და გრძელვადიანად მათი ლარის დანაზოგები გაიზრდება რეალურ გამოხატულებაში, მათ შორის სხვა ძირითადი ვალუტების მიმართაც. თუ ნდობა არ არსებობს, მაშინ ეკონომიკური შოკის დროს, ხდება დოლარიზაციის მკვეთრი ზრდა, რაც დამატებით ზეწოლას იწვევს კურსზე და აძლიერებს როგორც შოკს ასევე მის უარყოფით შედეგებს. საქართველოში მიუხედავად ბოლოდროინდელი გაუფასურებისა და პრობლემებისა, დეპოზიტების დოლარი¬ზაციის მკვეთრი ზრდა არ მომხდარა, განსხვავებით წინა წლებში მომხდარი შოკებისა და განსხვავებით რეგიონის ზოგი ქვეყნისა. საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ბევრჯერ აღინიშნა, რომ საქართველოს ჰქონდა სწორი რეაგირება შოკზე და თავიდან იქნა აცილებული მოვლენების გაცილებით მძიმედ განვითარების სცენარი.

თუ რეალურად ეკონომიკა არ გაიზარდა ეროვნული ბანკის მიზანი – დედოლარიზაცია მხოლოდ ხელოვნურად შექმნილი ინსტრუმენტებით მიღწევადია? თქვენ რას ფიქრობთ?
მაკროეკონომიკური პოლიტიკის მთავარი მიზანი – გრძელვადიანი, სტაბილური, და მაღალი ეკონომიკური ზრდაა. ლარიზაცია არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის თანმდევი შედეგი დაგრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისხელშემწყობი. თუ შოკების მიმართ ჩვენი ქვეყნის მდგრადობა უფრო გაიზრდება, გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკური ზრდა უფრო მაღალი გვექნება, მაგრამ მეორეს მხრივ, ბუნებრივია მხოლოდ ლარიზაციით ეკონომიკას უფრო სწრაფად ვერ გავზრდით. საჭიროა, ქვეყნის ინსტიტუციური განვითარება და შესაბამისი რეფორმები, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეკონომიკის პოტენციალი და გავუმკლავდეთ როგორც შიდა ასევე საგარეო ეკონომიკურ გამოწვევებს. ლარიზაცია ჩვენი თვითმიზანი არ არის. ეროვნული ბანკის მთავარი მიზანი – ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა და შესაბამისად ვიღებთ მონეტარული პოლიტიკის კუთხით გადაწყვეტილებას. ფასებისა და ზოგადად მაკროეკონომიკურ სტაბილურობას კი დოლარიზაციის შემცირება მოყვება.

და ბოლო კითხვა, რადგან მოსახლეობის ნდობას ეროვნული ვალუტის მიმართ ერთბაშად ვერ გავზრდით, დღეს არსებული ინსტრუმენტები საკმარისია ლარიზაციისთვის? კიდევ რა მექანიზმებია საჭირო თქვენი აზრით?
ლარიზაცია არის გრძელვადიანი პროცესი და ინსტრუმენტების მუდმივ განვითარებას საჭიროებს. ჩვენ გავქვს საკმარისი რესურსი და წინაპირობები ლარიზაციის პოლიტიკის გასაგრძელებლად. ასევე თუ მომავალშიც დიდი შეცდომები არ დავუშვით, რადგან საქართველოს სწორი რეაგირება ჰქონდა საგარეო შოკზე, მისი მილევის შემდეგ გვექნება კარგი საფუძველი სწრაფი ეკონომიკური ზრდის, საფინანსო სექტორის განვითარებისა და მათ შორის ლარიზაციის შემცირების კუთხით და ეს შანსი არ უნდა დავკარგოთ.

P.S.

BFM.ge გთავაზობთ 2010 წლიდან დღემდე დოლარიზაციის კოეფიციენტის ცვლილებების სტატისტიკას:

2010 წლის გაზაფხულზე, როდესაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა „ლარიზაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა საქართველოს საბანკო სექტორში დოლარიზაციის მაჩვენებელი 68–69%–ს შეადგენდა. მას შემდეგ 2010 წლის ბოლოსთვის მცირედით გაიზარდა 70 პროცეტნამდე და პერიოდულად მცირე მერყეობის შემდეგ 2014 წლის შემოდგომისთვის 60%–მდეც კი შემცირდა, თუმცა ლარის კურსის მკვეთი გაუფასურების დაწყების პარალელურად დოლარიზაციის მაჩვენებელმაც იწყო ზრდა და 2015 წლის ბოლოსთვის კვლავ 69%–ს მიაღწია. ჯერ კიდევ 2010 წელს ეკონომიკის ექსპერტები და საბანკო სფეროს სპეციალისტები მოუწოდებდნენ გიორგი ქადაგიძეს, რომ დოლარიზაციის შემცირების მთავარი განმაპირობებელი ლარის კურსის სტაბილურობაა. თუ არ იქნა ქვეყნის ეროვნული ვალუტა სტაბილური ამაოა სხვა ყველა ბერკეტების გამოყენება. ამის ნათელი დასტურია განვლილი პერიოდი, როდესაც სებ–ის პრეზიდენტის მიერ „ლარიზაციის“ გამოცხადებიდან 6 წელი გავიდა და საქართველოს ეკონომიკაში დოლარიზაციის მაჩვენებელი იგივე დონეზეა. მარტივად, რომ ვთქვათ ეროვნული ბანკის ერთ–ერთი ძირითადი ამოცანის შესრულების წარმატებულობა ნულის ტოლია.