Home » ბიზნესი » 2016 წლის 1 იანვრიდან სატელევიზიო რეიტინგების ბაზარზე ახალი კომპანია შემოდის
2016 წლის 1 იანვრიდან სატელევიზიო რეიტინგების ბაზარზე ახალი კომპანია შემოდის

2016 წლის 1 იანვრიდან სატელევიზიო რეიტინგების ბაზარზე ახალი კომპანია შემოდის

2016 წლის 1 იანვრიდან სატელევიზიო რეიტინგების ბაზარზე ახალი კომპანია შემოდის. „ტრი მედია ინტელიჯენსი” ტელევიზიებისა და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებს რეიტინგის გაზომვის ახალ მეთოდს სთავაზობს. სიახლის მიუხედავად, სატელევიზიო რეიტინგის ბაზარზე ახალი კომპანიის გამოჩენა შეკითხვებს უჩენს ტელევიზიების წარმომადგენლების ნაწილს. რეიტინგების ბაზარზე კონკურენტი კომპანიის შემოსვლა ეჭვებს უჩენს „თივი ემ არ საქართველოს”, რომელიც 11 წელის სატელევიზიო ბაზარზე მუშაობს.

სატელევიზიო რეიტინგებს საქართველოში, ამ დრომდე, მხოლოდ ერთი კომპანია ზომავს. ქვეყნის მასშტაბით 450-მდე ოჯახში ჩამონტაჟებული ეგრეთწოდებული „ფიფლ მეტრები” და ამ ოჯახებიდან მიღებული ინფორმაცია – სწორედ ამ გზით ადგენს კომპანია „თივი ემ არ საქართველო” სატელევიზიო რეიტინგებს. 2016 წლის პირველი იანვრიდან კი ბაზარზე ახალი კომპანია გამოჩნდება. ამ პერიოდიდან გეგმევს მუშაობას „ტრი მედია ინტელიჯენსი”, რომელიც საერთაშორისო კომპანია „კანტარ მედიასთან” თანამშრომლობს. 7 დიდ ქალაქში დამონტაჟებულ 800-მდე „ფიფლ მეტრი” – ახალი კომპანია უკვე მოქმედისთვის კონკურენციის გაწევას ამ გზით გეგმავს.

„ვინს არის ბიზნეს ორიენტირებული ტელევიზია, ის ჩვენთან იმუშავებს. თუ სხვა მოტივებია, გასაგებია. ჩვენ არავის გამოვეკიდებით. ბისნეს ორიენტირებულ მედიას დიდი ალტერნატივა არც ექნება”, – აცხადებს კომპანია „ტრი მედია ინტელიჯენსის” თანადამფუძნებელი მერაბ ფაჩულია.

ტელეკომპანიები კი, რომელთა რეიტინგსაც, ამ დროისთვის, „თივი ემ არ საქართველო” ზომავს, ახალ კომპანიასთან კონტრაქტების გაფორმებას არ ჩქარობენ.

„ჩვენ დავაკვირდებით პროცესებს და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, ამ კომპანიასთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით”, – განმარტავს „რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

„ჩვენნაირ ბაზარზე ორი კომპანია უბრალოდ ვერ იქნება. ახალი კომპანიის გამოჩენა ალბათ რაღაც ახალი ეტაპის და ახალი ბრძოლის დასაწყისი იქნება”, – მიიჩნევს ტელეკომპანია „კავკასიას” ხელმძღვანელი ნინო ჯანგირაშვილი.

ახალ კომპანიასთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს ტელეკომპანია „ჯი დი ესი”, რომელიც გამოცემა „ჯორჯია თუდეის” მიერ მომზადებული სტატიის მიხედვით, მზარდი რეიტინგით ხასიათდება. სტატიაში აღნიშნულია, რომ რებრენდირებულმა კომპანიამ მალე შესაძლოა სატელევიზიო ბაზარზე წამყვანი ადგილი დაიკავოს.

„შემდეგი 12 თვე ყველაფერს ვიზამთ, რომ ამ პოზიციაზე საბოლოოდ გავიდეთ და გავმყარდეთ. მოვისმენთ კიდევ ერთ ორგანიზაციას, რომელიც გვეტყვის, როგორ აპირებს იმის გაზომვას, რაც აქამდე საკმაოდ აქტიური კითხვის ნიშნის ქვეშ იყო”, – ამბობს ტელეკომპანია „ჯიდიესის” მარკეტინგის მენეჯერი ზურა შარაშენიძე.

სატელევიზიო რეიტინგების ბაზარზე კონკურენტი კომპანიის გამოჩენას ეჭვის თვალით უყურებენ „თივი ემ არ საქართველოში”.

„მიმდინარე ეტაპზე, როდესაც სარეკლამო სატელევიზიო ბაზარი შემცირდა და რეალურად დაფინანსება შეუმცირდა ყველა მის მოთამაშეს როგორც სატელევიზიო არხებს, ასევე სარეკლამო სააგენტოებს, გაუგებარია, საიდან წარმოიქმნა ფული, რომლითაც დაფინანსდა ახალი კომპანია”, – აცხადებს „თივი ემ არ საქართველოს” დირექტორი ნინო გოგოლაძე.

„მნიშვნელოვანი ნაწილი არსებული პროდუქტის ხარისხით კმაყოფილი არ არის. შესაბამისად, „კანტარ მედიამ” გადაწყვიტა, რომ ეს კარგი შესაძლებლობაა მათთვის, რომ კიდევ ერთი ქვეყანა დაიმატონ თავის სიაში და კიდევ ერთ ქვეყანაში შემოვიდნენ”, – განმარტავს „ტრი მედია ინტელიჯენსის” დირექტორი ცოტნე მირცხულავა.

კომპანია „ტრი მედია ინტელიჯენსი” სატელევიზიო ბაზარზე შემოსვლას ოფიციალურად 2016 წლის პირველი იანვრიდან გეგმავს. ისინი სწორედ ამ პერიოდისთვის აპირებენ 20-მდე სატელევიზიო არხის რეიტინგების გამოქვეყნებასაც, რომელთაც პირველ ეტაპზე უკვე აკვირდებიან. სავარაუდოდ, სწორედ ამ რეიტინგების გამოქვეყნების შემდეგ გადაწყვეტენ ტელევიზიები დაუკვეთონ თუ არა რეიტინგი ახალი კომპანიას. მანამდე კი ტელევიზიების რეიტინგებს კვლავ „თივი ემ არ საქართველო” ზომავს, რომელსაც, პარალელურად, სასამართლო დავა აქვს საგადასახადო სამსახურთან. დავა კი 2014 წელს დაწყებულ პროცესებს უკავშირდება, როდესაც კომპანიაში შემოსავლების სამსახური შევიდა.

წყარო: commersant.ge

Share