“ვითიბი ბანკმა” 2015 წელს სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით 3 000 000 ლარი გაიღო

0
13

2015 წელს “ვითიბი ბანკმა” სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით 3 000 000 ლარი გაიღო, – ამის შესახებ “ვითიბი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელზეც მან 2015 წლის განმავლობაში კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრა.

როგორც არჩილ კონცელიძემ განაცხადა, 2015 წელს “ვითიბი ბანკმა” კორპორატიული სოციალური პასუხიმგებლობის მიმართულებით სამი მილიონი ლარი გაიღო, აღნიშნული თანხით ქართულ სპორტსა და კულტურას მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა გაეწია. მისივე თქმით, “ვითიბი ბანკი” მორაგბეთა ეროვნული ნაკრების და საქართველოს წყალბურთის ეროვნული ნაკრების, სპორტული ტანვარჯიშის ფედერაციის, საცხენოსნო სპორტის ფედერაციის გენერალური სპონსორია. როგორც კონცელიძემ აღნიშნა, 2015 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაეწია ფეხბურთისა და რაგბის ბავშვთა გუნდებს, ავტოსპორტს, სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრს და ღონისძიებას. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რაგბის მსოფლიო თასის დროს, “ვითიბი ბანკის” მიერ საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის გაწეული მხარდაჭერა. ბანკის ინიციატივით საქომაგო კამპანია – #მევარმე16 გაიმართა, რომელშიც მრავალი კომერციული კომპანია, სხვადასხვა სპორტული ფედერაციები, გუნდები, დიპლომატიური კორპუსი და ათასობით გულშემატკივარი ჩაერთო. “ვითიბი ბანკის” გენერალური დირექტორის თქმით, 2015 წელს “ვითიბი” აქტიურად აფინანსებდა კულტურის სფეროში განხორციელებულ პროექტებს, ბანკის გენერალური სპონსორობით სხვადასხვა კონცერტი, თეატრალური ფესტივალი და სპექტაკლი გაიმართა.

გაგრძელდა რუსთაველის თეატრის, გრიბოედოვის და თელავის თეატრების სპონსორობა. ვითიბი ტრადიციულად მხარს უჭერს საგანმანათლებლო პროექტებს ბავშვებისთვის და სტუდენტებისთვის. როგორც არჩილ კონცელიძემ აღნიშნა, 2015 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა საქველმოქმედო პროექტების დაფინანსება. 13 ივნისს მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად “ვითიბი ბანკმა” პირველ ეტაპზე, 2014 წლის მოგების ერთი პროცენტი – 207 575 ლარი გადარიცხა. ხოლო მოგვიანებით, აღნიშნული მოვლენების შედეგად მთლიანად განადგურებული ტანვარჯიშის ფედერაციის შენობის აღდგენითი და სარემონტო სამუშაოები 1 200 000 (ერთი მილიონ ორასი ათასი) ლარით დააფინანსა.

“ვითიბი ბანკი” უკვე მეათე წელიწადია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოში. ჩვენი საქმიანობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა, რადგან ვთვლით, რომ ბანკის წარმატება უნდა იყოს განპირობებული არა მარტო ფინანსურად მომგებიანი პროექტებით, არამედ საზოგადოების წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებით. ჩვენ აქტიურად ვაფინანსებთ სპორტს, რადგან ეს არის მომავალი ჯანსაღი თაობის საფუძველი, თანმიმდევრულად წლიდან წლამდე ვზრდით დაფინანსებას ამ მიმართულებით. 2015 წელს “ვითიბი ბანკმა” ჯამურად სამი მილიონი ლარი გაიღო, რადგან მიგვაჩნია, რომ სპორტის, კულტურის, საგანმანათლებლო და საქველმოქმედო პროექტების მხარდაჭერა მნიშვნელოვნად ხელს უწყობს საზოგადოების წინსვლას და განვითარებას”,

– განაცხადა “ვითიბი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ.