საქართველომ, ირანმა, სომხეთმა და რუსეთმა ენერგეტიკის სფეროში დოკუმენტი გააფორმა

0
22
საქართველომ, ირანმა, სომხეთმა და რუსეთმა ენერგეტიკის სფეროში დოკუმენტი გააფორმა

ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ქ. ერევანში საქართველოს, ირანის ისლამური რესპუბლიკის, სომხეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციას შორის “ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის შესახებ” მემორანდმუმს ხელი მოაწერა.

მემორანდუმი ითვალისწინებს საკოორდინაციო საბჭოს შექმნას და რეგიონალურ სადისპეჩერო ცენტრზე მუშაობას, რაც ხელს შეუწყობს ოთხივე ქვეყნის ელექტროსისტემის მუშაობის ეფექტურობის გაზრდას, სწრაფ რეაგირებას კრიზისული და საგანგებო სიტუაციების დროს, ელექტროენერგიის ტრანზიტისა და ვაჭრობის განვითარებას, სამხრეთ კავკასიაში ელექტროენერგიის სფეროში რეგიონალური თანამშრომლობის სათანადო სასისტემო და სისტემათაშორისი ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც შექმნის ინვესტიციების მოზიდვის წინაპირობას, ხელს შეუწყობს ელექტროენერგიით ვაჭრობის განვითარებას და მდგრადი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან. კახა კალაძემ და ჰოვიკ აბრაჰამიანმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის მიმდინარე ურთიერთობების გაღრმავებასა და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივებზე.