“თბილისის 2016 წლის ბიუჯეტი 80 მილიონი ლარით იზრდება”  

0
87
“თბილისის 2016 წლის ბიუჯეტი 80 მილიონი ლარით იზრდება”  

 

“მომდევნო წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებად ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლება, გამწვანების ღონისძიებები, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა რჩება”

 

რამდენიმე დღის წინ საკრებულომ დედაქალაქის ბიუჯეტი დაამტკიცა, თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების, პრიორიტეტების და მთავარი ინიციატივების შესახებ, “ბანკები და ფინანსებთან” თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ლექვინაძემ ისაუბრა.

– როგორია დედაქალაქის 2016 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები, რა მიმართულებები იქნება პრიორიტეტული მომავალ წელს?

– თბილისის 2016 წლის ბიუჯეტი 815 მლნ. 900 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2015 წლის თავდაპირველად დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობებთან მიმართებაში, რომელიც შეადგენდა 735 მლნ. 700 ათას ლარს, გაზრდილია 80 მლნ. 200 ათასი ლარით. 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში კვლავ პრიორიტეტებად რჩება ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლება, გამწვანების ღონისძიებები, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა.

– ბიუჯეტში განსაკუთრებული ზრდა არის ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით, კონკრეტულად რომელ პროექტებზეა საუბარი, დეტალურად რამდენი დაიხარჯება ამ პროექტების განხორციელებაზე?

– ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 2016 წელს განსაზღვრულია 271 მლნ. ლარი, რაც 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (210 მლნ.) 61 მლნ. ლარით მეტია.

ამასთან, 13 ნოემბერს საკრებულოში წარდგენილი ბიუჯეტის პირველად ვარიანტთან შედარებით, გაიზარდა ისეთი პროექტების დაფინანსება, როგორიცაა გზების მოვლა-შეკეთება რაიონებში – 2 მლნ. 600 ათასი ლარით; ბინათმშენებლობა და ავარიული შენობების გამაგრება – 3 მლნ ლარით; კეთილმოწყობის ღონისძიებები რაიონებში – 4 მლნ ლარით. 2016 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია ისეთი მნიშვნელოვანი და მსხვილი პროექტების განხორციელება, როგორიცაა: ხიდების და გვირაბების მშენებლობა-რეაბილიტაცია – 17 მლნ. 800 ათასი ლარი, მათ შორის, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენითი სამუშაოები და კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის მოწყობა; 10 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა – 7 მლნ. 800 ათასი ლარი; ქალაქის განვითარების პროგრამის ფარგლებში – 42 მლნ ლარი, მათ შორის, გათვალისწინებულია მარჯანიშვილის მეტროდან ზაარბრუკენის მოედნამდე ტერიტორიის განვითარება და შენობების რეაბილიტაცია – 19 მლნ ლარი; გუდიაშვილის მოედნის მიმდებარედ კონსერვაციის გეგმის ფარგლებში, აღდგენითი-სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 7 მლნ. 700 ათასი ლარი; 7 მეტროს სადგურის – ვაგზლის მოედანი-1, მარჯანიშვილი, რუსთაველი, თავისუფლების მოედანი, ავლაბარი, ვარკეთილი და ახმეტელის თეატრი კაპიტალური რეაბილიტაცია – 7 მლნ ლარი;

ახალი რაგბის მოედნის მშენებლობა – 6,0 მლნ ლარი, რომელიც რაგბისტების ახალი თაობების აღზრდას მოემსახურება და უმასპინძლებს 2017 წლის რაგბის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს; ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა – 3 მლნ ლარი; ვაკის პარკისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მოწყობა;

– არის საუბარი იმაზეც, რომ იგეგმება დამატებითი პროექტების განხორცილება, რომლებიც ბიუჯეტში ჩადებული არ არის, იგულისხმება კერძო ინიციატივები და დონორების მონაწილეობით განხორციელებული პროექტები, რა პროექტები განიხილება ამ კუთხით?

– ორი უმნიშვნელოვანესი სფეროსათვის განხორციელდება თანხების მოძიება დონორი და საფინანსო ინსტიტუტებიდან. 2016 წლის განმავლობაში დაგეგმილია საქალაქო ავტობუსების პარკის განახლება 150 ერთეულით. ასევე, დაგეგმილია მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელი პოლიგონის პირველი და მეორე უჯრედის დახურვისა და გაზშემკრები მილების მშენებლობისათვის 9 მლნ. 600 ათასი ლარისა და ახალი მე-3 უჯრედის მშენებლობისათვის 13 მლნ. 400 ათასი ლარის მოზიდვა. ამასთან, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა მუნიციპალური ავტობუსების პარკის მშენებლობისთვის დამატებითი თანხების მოძიებასთან დაკავშირებით, რომლისთვისაც საჭიროა 19 მლნ ლარი.

– ბოლო პერიოდში საკმაოდ გააქტუალურდა თბილისის ბოტანიკური ბაღის საკითხი, როგორია დედაქალაქის მთავრობის გეგმები ამ კუთხით და არსებობს თუ არა მიმდინარე ეტაპზე პროექტის განხორციელების  კონკრეტული კონცეფცია?

– ბოტანიკურ ბაღში განხორციელდა საკადრო ცვლილება რომელიც დაკავშირებულია ახალ ამოცანებთან. ჩვენი სურვილია ბაღის ტერიტორია იყოს უფრო მოვლილი და მოწესრიგებული, უნდა მოხდეს არსებული მცენარეული ბაზის განახლება და განვითარება, სამეცნიერო პოტენციალის უფრო ეფექტურად გამოყენება, ბოტანიკური ბაღის პოპულარიზაცია, რამაც უნდა გაზარდოს ვიზიტორთა რიცხვი. ვაპირებთ ბოტანიკური ბაღი გაფართოვდეს და მიემატოს ახალი ტერიტორია. მოხდეს ბაღის პროექტირება და ახალი ამოცანების შესაბამისად განვითარება. ასევე მერია ავითარებს დენდროლოგიური პარკის პროექტს, რომელიც თბილისის ზღვაზე მდებარეობს, დაგეგმილია ვერეს ხეობის განვითარება როგორც დიდი სარეკრეაციო სივრცე და არის იდეა ეს სარეკრეაციო ზონები მოექცეს ახალი მენეჯმენტის ქვეშ. ბოტანიკური ბაღის ახალი დირექტორი არის პროფესიონალი, საკმაოდ კარგი გამოცდილების მქონე ახალგაზრდა, ახლებური ხედვებით. მას უკავშირდება  ბათუმის ბოტანიკური ბაღის წარმატებული პროექტი და გვინდა იგივე მოხდეს თბილისშიც. სხვადასხვა ინტერპრეტაციები, თითქოს ბაღში ინფრასტრუქტურული და გასართობი ობიექტები იგეგმება არის აბოსლიტური სიცრუე. ასევე საუბრები იმაზე თითქოს ყოფილ დირექტორზე ვინმე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა. არსებობს ახალი გამოწვევები და მას სჭირდება შესაბამისი ხედვები და რეაგირება.

– დედაქალაქის მთავრობამ ასევე წარმოადგინა შემოვლითი რკინიგზის პროექტის ახალი ვარიანტი, კონკრეტულად რაზეა საუბარი და რა ვადებში იგეგმება პროექტის განხორციელება?

– თბილისის მთავრობას საქართველოს რკინიგზამ შესთავაზა 3 სცენარი, თუ როგორ შეიძლება გაგრძელდეს შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა. მინდა გითხრათ რომ თავდაპირველ პროექტს ჰქონდა მნიშვნელოვანი ხარვეზები და იზრდებოდა საოპერაციო დანახარჯები. მოხდა ამ პროექტის დახვეწა და ეს ვარიანტები გადმოეცა თბილისს, მისი განხილვა მოხდება თბილისის გენერალური გეგმის ფარგლებში და მოხდება საუკეთესო ვარიანტის შერჩევა. გენ. გეგმის დასრულების შემდეგ ცნობილი იქნება რომელ ვარიანტზე ხდება უპირატესობის მინიჭება. სამივე ვარიანტი ბევრად უფრო უკეთესია ვიდრე პროექტის თავდაპირველი ვარიანტი.

– დედაქალაქის მთავრობა 150 ახალი ავტობუსის შემოყვანას გეგმავს, რა ეტაპზეა ეს ინიციატივა, რა ტიპის ავტობუსებზეა საუბარი, ასევე, როგორია მერიის ხედვა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიმართულებით?

– მომავალ წელს თბილისს ეყოლება ახალი ავტობუსები, გვექნება ასევე კვლევა თუ როგორი უნდა იყოს არსებული სატრანსპორტო კომპანიის მომავალი, უნდა გაგრძელდეს მისი მართვა არსებული მოდელით თუ იმართოს კერძო ოპერატორის მიერ. ასევე გვექნება ტრანსპორტის ე.წ. მასტერპლანი, რომელიც მოგვცემს გადაწყვეტილებებს როგორ უნდა იყოს უკეთესად ორგანიზებული მოძრაობა. დაგეგმილია კუს ტბა-ჭავჭავაძის საბაგიროს გახსნა, შეირჩევა ასევე ახალი საბაგირო ხაზი, დაგეგმილია 7 მეტროსადგურის გარემონტება და ვაგონების რეაბილიტაცია.

 ესაუბრა ბაჩო ჯინჭარაძე