ონლაინ სესხების ველური ბაზარი იზრდება

0
83
ონლაინ სესხების ველური ბაზარი იზრდება

 

“ბაზარი არის უკონტროლო, შესაბამისად, იგი ქვეყნის ეკონომიკისა და მოსახლეობისთვის საზიანოა”

ონლაინ სესხების გამცემი ორგანიზაციების მატებას ეკონომისტები საგანგაშოს უწოდებენ და ხელისუფლებას საკრედიტო საქმიანობის შესახებ კანონის სასწრაფოდ მიღებისკენ მოუწოდებენ. მათი აზრით, ასეთი ორგანიზაციების მომრავლება არც ქვეყნის ეკონომიკას და მით უფრო, არც გაღატაკებულ მოსახლეობას არ წაადგება.

ონლაინ სესხების გამცემი საკრედიტო ორგანიზაციები ქართულ ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდნენ. მათი გაცემული პირველი კრედიტი უპროცენტოა და ამ ფაქტს რეკლამას ინტენსიურად უწევენ, თუმცა მეორედ და მესამედ აღებული სესხების საპროცენტო განაკვეთზე არაფერს ამბობენ. დღესდღეობით საქართველოს ბაზარზე ონლაინ სესხს ათზე მეტი კომპანია გასცემს. თანხა, საშუალოდ, 50-დან 700 ლარამდე მერყეობს. საკრედიტო ორგანიზაციები მომხმარებელზე მოკლევადიან მცირე კრედიტებს ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე, მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე გასცემენ, რომლის დამტკიცებასაც 15 წუთიდან 1 საათამდე დრო სჭირდება. სესხის ასაღებად ერთადერთი მოთხოვნა კლიენტის ასაკია. საკრედიტო ორგანიზაციები კლიენტის მინიმალურ ასაკად 20-21 წელს ასახელებენ.

რაც შეეხება პირობებს, რომელიც სესხის მიმღებისთვის სავალდებულოა, იგი სიმარტივესთან ერთად, მიმზიდველიცაა. მომხმარებელს მხოლოდ მის მიერვე შერჩეული კომპანიის ვებ-გვერდზე მოცემული აპლიკაციის შევსება ევალება. მითითებულ კალკულატორზე მან უნდა აირჩიოს სასურველი თანხა და ვადა, დააჭიროს ღილაკს – “სესხის აღება”, შეავსოს რეგისტრაციის ველები და გაიაროს იდენტიფიკაცია.

აღსანიშნავია, რომ პირველი უპროცენტო სესხი მხოლოდ ზოგიერთ საკრედიტო ორგანიზაციას აქვს, უმეტესობა კი მსგავს შეღავათს მომხმარებელს არ სთავაზობს. გამარტივებული პირობების მიღმა უპრეცედენტოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთებია. მომხმარებელს, რომელიც ონლაინ სესხით სარგებლობს, ყოველთვიურად 30-32%-ის გადახდა უწევს, ხოლო წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მოცულობა 392%-ია. სპეციალისტების ინფორმაციით, ასეთი სესხების უმრავლესობა კი 500-დან 1500 ლარამდე თანხაზე მოდის. მაღალი საპროცენტო განაკვეთების მიუხედავად, ონლაინ კომპანიები მომხმარებლებისთვის მიმზიდველი ხდება და მათი პოპულარობაც დღითიდღე მატულობს.

საბანკო სფეროს ექსპერტებს აქვთ საფუძვლიანი ეჭვი, რომ ონლაინ კომპანიების მომრავლება და უპრეცედენტოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთები მოსახლეობის გაღარიბებას, საბოლოოდ კი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის შეჩერებას გამოიწვევს. ონლაინ კომპანიების მომრავლებას სწრაფ ფულზე მოთხოვნის ზრდასაც უკავშირებენ.

საბანკო სფეროს ექსპერტ ლია ელიავას შეფასებით, მრავალმხრივია საფრთხე, რომელიც შეიძლება ინტერნეტსესხების გააქტიურებამ მოსახლეობას და ქვეყნის ეკონომიკას შეუქმნას. “ონლაინ სესხების ბაზარი არის უკონტროლო. სახელმწიფოსგან უკონტროლო ბიზნესი კი ქვეყნის ეკონომიკისა და მოსახლეობისთვის საზიანოა. ეკონომიკისთვის იმიტომ, რომ ის რეალური სექტორიდან იღებს ფულს და ფინანსურში მიმართავს, მოსახლეობისთვის კი იმიტომ არის ცუდი, რომ ასეთი სესხის მომსახურება ძალიან ძვირი უჯდება. კიდევ არის ერთი საკითხი. საინტერესოა, რამდენად ფლობს ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ონლაინ-გამსესხებლებზე? არიან თუ არა ასეთი ორგანიზაციები აღრიცხულნი და იხდიან თუ არა ისინი გადასახადებს? ხდება თუ არა მათი შემოსავლის აღრიცხვა და შემდგომ გადასახადის გადახდა? როგორც ვიცი – არა. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, ვინაიდან ბიუჯეტს გარკვეული თანხა აკლდება. პრაქტიკულად, ეს არის ველური დარგი, რომელიც ხელისუფლების მიერ ვერ ან არ კონტროლდება”, – განაცხადა ელიავამ.

როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში ონლაინ-კრედიტების გაკონტროლება ძალიან რთულია, თანაც იმ ფონზე თუკი ამის შესახებ არც კანონმდებლობა არსებობს და არც შესაბამისი ადმინისტრაციული რესურსი. “ჩვენთან ეს არ არსებობს, ამიტომ ხელისუფლებისთვის ყველაზე მარტივი იქნებოდა, საერთოდ აეკრძალა ასეთი საქმიანობა, რადგან ამას ქვეყნისთვის კარგი არაფერი მოაქვს. უკეთესია თუ კომერციულ ბანკებს აეკრძალება ასეთი მიმართულებით სესხის გაცემა. ონლაინ-გამსესხებელი ორგანიზაციები ხომ ფინანსებს ძირითადად კომერციული ბანკებისგან იღებენ”, – ამბობს ელიავა.

ექსპერტი ვალის გაცემის მექანიზმის შემუშავებაზე საუბრობს და ხელისუფლებას რაც შეიძლება სწრაფად კანონმდებლობის შექმნისკენ მოუწოდებს. “საჭიროა, არსებობდეს კანონი საკრედიტო საქმიანობის შესახებ, სადაც გაწერილი იქნება, თუ ვის ექნება კრედიტის გაცემის უფლება, როგორ და რა პროცედურით, ანუ კანონი საკრედიტო საქმიანობის შესახებ აუცილებლად მისაღებია. ის უმნიშვნელო ნორმები კი, რომლებიც სამოქალაქო კოდექსშია ჩადებული, აბსოლუტურად არ არის საკმარისი საკრედიტო საქმიანობის იურიდიული და საკანონმდებლო უზრუნველყოფისთვის. სამუშაო არის ზღვა, თუმცა ვინ არის გამკეთებელი, ჯერ არ ჩანს”, – აცხადებს ელიავა.