ნავთობის მსოფლიო ფასები შესაძლოა 30 დოლარს მიუახლოვდეს

0
66
ნავთობის მსოფლიო ფასები შესაძლოა 30 დოლარს მიუახლოვდეს

ნავთობის ფასი ვარდნას განაგრძობს და შესაძლოა არა 2008 წლის, არამედ 2004 წლის ანტირეკორდი მოხსნას, როდესაც ბარელი 30 დოლარზე ოდნავ მეტი ღირდა.

ეს პერსპექტივა განსაკუთრებით აშინებს რუსეთს, რომლის ბიუჯეტიც სერიოზული საფრთხეების წინაშე დგება. შედეგად სახელმწიფომ მენავთობეებს შესაძლოა შემოსავლების განაწილება მოსთხოვოს.

სამშაბათს Brent–ის ფასი ბარელზე 40 დოლარს ჩამოსცდა, რომელიც ფსიქოლოგიურ ნიშნულად ითვლება. მოგვიანებით ფასმა 40,31 დოლარამდე აიწია.

40 დოლარის „ფსიქოლოგიურობა“ ძირითადად იმაში მდგომარეობს, რომ კოტირებები 2008 წლის მინიმუმს უახლოვდება, როდესაც ფასები 36–37 დოლარამდე დაეცა. თუმცა სპეციალისტები არ გამორიცხავენ ფასის კიდევ უფრო დაწევას. ამ შემთხვევაში საუბარია 2004 წლის მაჩვენებლებზე.

რუსი ექსპერტის სერგეი პიგარევის განცხადებით, ნავთობის ფასი შესაძლოა კიდევ უფრო ქვემოთ წავიდეს, რაც ბაზარზე ირანული ნავთობის დამატებითი მოცულობების გამოსვლას უკავშირდება. თეირანმა უკვე განაცხადა, რომ სანქციების მოხსნის შემდეგ, რომლებიც ნავთობის ექსპორტს ზღუდავს, მიწოდებას სულ მცირე დღეში 500 ათასი ბარელით გაზრდის.

იმის გათვალისწინებით, რომ უკვე დღეს მსოფლიო ბაზარზე მიწოდების სიჭარბე, სხვადასხვა მონაცემით, დღე–ღამეში 1,5–2 მილიონ ბარელს აღწევს და ფასები ქვემოთ მიდის, ახალი მოცულობები კოტირებებზე დამატებით ზეწოლას მოახდენს.

„ოპეკის“ ქვეყნები, რუსეთი და სხვა მწარმოებლები არ ჩქარობენ მოპოვების შემცირებას, და ირანს მოუწევს მყიდველებს მნიშვნელოვანი ფასდაკლებები შესთავაზოს, რათა სანქციების გამო დაკარგული ბაზრის წილი დაიკავოს,“ – აცხადებს პიგარევი.

რუბლის ვარდნა რუს მენავთობეებს ჯერჯერობით უნაზღაურებს ფასების ვარდნის გამო წარმოქმნილ დანაკლისს. ექსპერტების თქმით, ბარელზე 40 დოლარიანი ფასისა და დოლარის 70–75 რუბლის კურსის შემთხვევაში კომპანიები უპრობლემოდ  გააგრძელებენ საქმიანობას, თუმცა ბიუჯეტი სერიოზულად დაზარალდება. ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებამ დახმარება შესაძლოა ისევ მენავთობეებს სთხოვოს.

ამ ტიპის ბოლო ინიციატივით გამოვიდა ფინანსთა სამინისტრო. საუბარია ნავთობზე საექსპორტო გადასახადის „გაყინვაზე“, რომელიც მომავალ წელს უნდა შემცირებულიყო.

ნავთობის სიჭარბემ მსოფლიოში ბენზინი მნიშვნელოვნად გააიაფა. გაზეთი „ჩიკაგო ტრიბუნი“  წერს, რომ „გასულ კვირაში „ოპეკის“ ნავთობსარეწი კარტელის გადაწყვეტილებამ – არ შეამციროს ნავთობის მოპოვება, კიდევ უფრო გააიაფა ნავთობი საერთაშორისო ბაზრებზე. ფასები დაეცა ყველაზე დაბალ დონემდე ბოლო 7 წლის განმავლობაში. ქვეყნის მასშტაბით, ერთი გალონი, ანუ თითქმის 4 ლიტრი რეგულარული ბენზინის საშუალო ფასი დაახლოებით 2 დოლარს გაუტოლდა.

კომერსანტი