“სახელმწიფო ბიზნესს ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში დაეხმარება”    

0
28

 

საქართველოს მთავრობა ტურიზმსა და აგრობიზნესში ჩართულ ბიზნესმენებს, საქმიანობის გაფართოებისა და დამატებითი სამუშაოების შექმნის სანაცვლოდ, კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში დაეხმარება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით,  “სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ინვესტიციის” (PPI) პროექტის მეორე ეტაპის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე, მსოფლიო ბანკის მდგრადი განვითარების პროგრამების კოორდინატორი სამხრეთ კავკასიაში, აჰმედ ეივეიდა და ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  შეხვედრაზე მოწვეულ 50-ზე მეტ  ბიზნესმენს,  ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და  მუნიციპალური განვითარების ფონდის  ხელმძღვანელმა პირებმა პროექტის მიზანსა და მნიშვნელობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და “სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ინვესტიციის” (PPI) პირველ ეტაპის შედეგები გააცნეს.

გაზეთი “ბანკები და ფინანსები” საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს ჯუანშერ ბურჭულაძეს ესაუბრა.

– ბატონო ჯუანშერ, რას ითვალისწინებს “სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ინვესტიციის” პროექტი?

– “სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ინვესტიციის” პროექტის ძირითადი მიზანი კერძო ბიზნესის ხელშეწყობაა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აღნიშნულ პროექტს მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.  საქართველოს მთავრობა ბიზნეს წარმომადგენლებს, რომელთა ბიზნეს საქმიანობა და ინტერესი ტურიზმისა და აგრობიზნესის განვითარებისკენ არის მიმართული, მნიშვლელოვან მხარდაჭერას გაუწევს. კერძოდ, საუბარია გზის, წყალმომარაგების, კანალიზაციის, ელექტრომომარაგებისა და მსგავსი ტიპის ინფრასტრუქტურის გამართვაზე.  თავის მხრივ, ბიზნესის წარმომადგენლებმა ვალდებულება უნდა აიღონ, რომ გააფართოებენ საკუთარ ბიზნესს და შექმნიან დამატებით სამუშაო ადგილებს. PPI-ის მიზანია, ხელი შეუწყოს  მუნიციპალიტეტებში კერძო ბიზნესის განვითარებას, შეიტანოს წვლილი აგრობიზნესის განვითარებასა და ტურიზმის გაძლიერებაში, შექმნას დამატებითი სამუშაო ადგილები. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და მათი სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას.

– როგორც ცნობილია,  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი პროექტის მეორე ეტაპს იწყებს, რომ გავმიჯნოთ,  რას მოიცავდა პირველი ეტაპი და კონკრეტულად რა გაკეთდა პირველი ეტაპის ფარგლებში?

– “სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ინვესტიციის”  პროექტი (PPI) 2012 წელს დაიწყო და 2019 წლამდე გაგრძელდება. კერძო და საჯარო სექტორის თანაინვესტირების პირველი ეტაპი მხოლოდ კახეთის რეგიონს  მოიცავდა, რომლის ფარგლებშიც 10-მდე პროექტი განხორციელდა. მაგალითისთვის მოგახსენებთ, რომ პროექტის პირველი ეტაპის განხორციელების შედეგად  სასტუმრო “როიალ ბატონს”, ფონდის ძალისხმევით, სასტუმრომდე მისასვლელი გზა გაუკეთდა. ასევე, გაიმართა კანალიზაციისა და წყალმომარაგების სისტემები, სასტუმროს მენეჯმენტმა კი აიღო ვალდებულება, რომ შექმნიდა 40 სამუშაო ადგილს და ააშენებდა 32-ნომრიან სასტუმროს, რაც უკვე განახორციელა. პროექტის ფარგლებში, ფონდის ძალისხმევით, შპს “შუხმან ვაინზ ჯორჯიაში”,  გზის, დრენაჟისა და წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდა. სანაცვლოდ კი, კომპანიამ დამატებითი სამუშაო ადგილები შექმნა და ბიზნესი გააფართოვა.  სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის (PPI-ის) ფარგლებში, მგფ-მა სასტუმრო “ლოპოტამდე” მისასვლელი გზა გააკეთა. ამას გარდა, განხორციელდა წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. თავის მხრივ, სასტუმრო “ლოპოტას”  მენეჯმენტმა 500 000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა და შექმნა 50 სამუშაო ადგილი. PPI-ის პირველ ეტაპზე,  გარდა სასტუმრო ბიზნესისა, მგფ-მა თანამედროვე ტიპის რძის მწარმოებელ ფირმას (შპს “ყვარლის ბაგა”)  მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული დახმარება გაუწია. გაკეთდა ფერმამდე მისასვლელი გზა, მოწესრიგდა წყალმომარაგების სისტემა, მოხდა გაზიფიცირება და გაიმართა ტელეკომუნიკაციები. თავის მხრივ, PPI-ის ფარგლებში ბიზნეს-საწარმომ განახორციელა 2,7 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება სოფელ კუჭატანში და დაასაქმა ადგილობრივი მოსახლეობა.

-რას გულისხმობს პროექტის მეორე ეტაპი და რამდენი ბიზნესმენის დახმარება იგეგმება?

– პროექტის მერე ეტაპი, განსხვავებით პირველისგან,   საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს, რაც შეეხება ბიზნესმენების რაოდენობას, წინასწარ განსაზღვრული არ არის, პროექტების რაოდენობა დამოკიდებული იქნება ბიზნესის აქტიურობაზე და იმ წინადადებებზე, რომელსაც ისინი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში წარმოადგენენ.

– რა ნიშნით ხდება იმ ბიზნესმენთა შერჩევა, რომლებიც პროექტის ფარგლებში სამინისტროსთან ითანამშრომლებენ?

– პროექტი ძირითადად გათვლილია ტურიზმსა და აგრობიზნესში ჩართულ ბიზნესმენებისთვის. რაც შეეხება პროცედურას და კრიტერიუმებს, ისინი დეტალურად არის გაწერილი პროექტის ვებ გვერდზე: ჰტტპ://მდფ-პპი.ბიზ, ბიზნესის წარმომადგენელი, რომელიც პროექტში მიიღებს მონაწილეობას უნდა აკმაყოფილებდეს წინასწარ განსაზღვრულ რამდენიმე კრიტერიუმს. კრიტერიუმები გაწერილია წინასწარი შეფასების კითხვარში, ყველა კითხვაზე დადებითი პასუხის გაცემის შემთხვევაში, ბიზნესსუბიექტი ავსებს ონლაინ სააპლიკაციო ფორმას, ამის შემდეგ, მფგ-ის სამუშაო ჯგუფი განიხილავს შემოსულ აპლიკაციებს და განსაზღვრავს საინტერესო პროექტების მოკლე სიას, რის შემდეგაც აპლიკანტები წარმოადგენენ სრულ მოთხოვნას. საინვესტიციო წინადადებებს, რომელსაც, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, სპეციალური კომისია შეაფასებს. გამოვლინდება გამარჯვებული და გაფორმდება ხელშეკრულება ვალდებულებათა შესრულების შესახებ.  ეს ყველაფერი დეტალურადაა გაწერილი პროექტის ვებ გვერდზე:  ჰტტპ://მდფ-პპი.ბიზ.

– როგორი იყო ბიზნესმენების მხრიდან გამოხმაურება?

– პრეზენტაციას 70-ზე მეტი ბიზნესმენი ესწრებოდა. დანარჩენ ნაწილს ინფორმაცია მედიასაშუალებით მივაწოდეთ, აღსანიშნავია, რომ გამოხმაურება იყო ძალიან პოზიტიური და ამის შესახებ, ალბათ, უმჯობესია თავად ბიზნესის წარმომადგენლებს ჰკითხოთ აზრი. შეხვედრაზე ყველა მათგანმა  აღნიშნა, რომ სამინისტროსა და ფონდის ინიციატივა, ბიზნესის ხელშეწყობისა და განვითარებისთვის, ძალზედ მნიშვნელოვანია და ჩვენი მიზანიც სწორედ ეს გახლავთ.

– როგორია მოლოდინი პროექტის საბოლოო შედეგებთან დაკავშირებით, რას მივიღებთ პროექტის დასრულების შემდეგ?

– როგორც  ინტერვიუს დასაწყისში მოგახსენეთ, პროექტის მიზანია, მუნიციპალიტეტებში, კერძო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა, აგრობიზნესის განვითარებასა და ტურიზმის გაძლიერებაში წვლილის შეტანა, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას. პროექტის პირველმა ეტაპმა  დადებითი შედეგები აჩვენა, შესაბამისად, მეორე ეტაპი, რომელიც უკვე მთელ საქართველოს დაფარავს, კიდევ უფრო  წარმატებული იქნება და უფრო მეტ ადამიანს მოუტანს სარგებელს. საბოლოო ჯამში, ჩვენ  მივიღებთ განვითარებულ ბიზნესს, დასაქმებულ ადამიანებს და გამართულ ტურისტულ ინფრასტრუქტურას, რაც ეკონომიკის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.