მომავალ წელს ბაზარზე პირველი ქართული ტელევიზორი გამოჩნდება

0
35

მომავალ წელს ბაზარზე პირველი ქართული ტელევიზორი გამოჩნდება. ტელევიზორებს რუსთავში არსებული ქართულ-აზერბაიჯანული კომპანია  „AG Telekom“-ი გამოუშვებს.

„AG Microelectronics“-ის ტიპის ქარხანაერთადერთია ამიერკავკასიაში და ის 2013 წლიდან არსებობს. ქართულ ბაზარზე არსებული პრობლემების, კომპანიისა და მისი გეგმების შესახებ „კომერსანტს“ კომპანია „AG Telekom“-ის დირექტორი მიხეილ ღლონტი ესაუბრება:

–  ვინ არიან კომპანიის დამფუძნებელბები  და რა ოდენობის ინვესტიცია ჩაიდო წარმოების დასაწყებად?

–  ეს არის ქართულ-აზერბაიჯანული კომპანია. აზერბაიჯანში ამ დასახელების, AG Telecom-ის კომპანია უკვე არსებობს. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი საკაბელო ტელევიზია და ისიც ქართულ-აზერბაიჯანულ კომპანიას წარმოადგენს. იგივე წარმოების დაფინანსებულია ეს ქარხანა საქართველოში. სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ერთი პერიოდი იყო ჩართული ჩვენთან, თუმცა, შემდეგ გამოეთიშა ამ ყველაფერს. დაფინანსება, როგორც ასეთი, „აწარმოე საქართველოში“ მხრიდან არ არის. რაც შეეხება ინვესტიციას, საკმაოდ დიდი თანხა ჩაიდო, დაახლოებით 2 მილიონი დოლარი.

–   „აწარმოე საქართველოში“ მონაწილეობა რა მიმართულებით იყო?

–   საუბარი შეეხებოდა პერიოდს, როდესაც ქარხანა უკვე გამართული იყო. იყო განხილვები იმასთან დაკავშირებით, რომ ძირითადი საშუალებების დაფინანსება მომხდარიყო, თუმცა 20%-80%-ზე ასეთი პროცენტული გადანაწილება არ გვაწყობდა ძირითად საშუალებებზე, რადგანაც  ძირითადი საშუალებები დასამატებელი არ გვქონია. ჩვენი ერთადერთი საჭიროება თანხაში იყო ნედლეულის შეძენაზე. თუმცა, ამ მიმართულებით დაფინანსება არ არის, რადგან ბანკს აწყობს, რომ შეიძინოს ძირითადი საშუალება  და მაგალითად არა ნედლეული. „აწარმოე საქართველოში“ კი კომპანიის მიერ მოპოვებული კრედიტის დაფინანსებაა იმ შემთხვევაში თუ 80% არის ძირითადი საშუალება.  ჩვენ კი არ გვაწყობს, რომ 80% კიდევ ახალი ძირითადი საშუალებები დავამატოთ და ნედლეული არ გვქონდეს საწარმოებლად.

–  ქარხანაში უამრავი სხვადასხვა პროდუქციის წარმოებაა შესაძლებელი, მათ შორის სმარტფონების, led ნათურების, პლანშეტების, ტელევიზორების და ა.შ. რას აწარმოებთ ახლა და ყველაზე მეტად რომელ პროდუქციაზეა მოთხოვნა?

–  led ნათურებს უკვე ვაწარმოებთ, მაღაზიებშიც იყიდება. ვაწარმოებთ myvideo.ge-ს TV -ბოქსებს. ასევე ვაწარმოებთ საკაბელო ტელევიზიებისთვის „რესივერებს“, ასევე ციფრული „რესივერები“ მთლიანად ჩვენი გამოშვებულია. სწორედ ამ მიმართულებით არის ყველაზე დიდი მოთხოვნა, რადგან საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდა.

 led ნათურებიც საკმაოდ მოთხოვნადი აღმოჩნდა, რადგან ხარისხიც კარგია და ფასიც დაბალი. პირველი საცდელი პარტია, რაც გამოვუშვით პრაქტიკულად აღარ არის. ჩვენ ისიც არ ვიცოდით, რომელი უფრო მეტი გაიყიდებოდა, თეთრი ნათებით თუ ყვითელი ნათებით. ყვითელ ფერზე დაფიქსირდა მოთხოვნა და დაბალვატიან ნათურებზე.

– რაც შეეხება სმარტფონებს, ტელევიზორებს.  ამ მიმართულებით თუ გაქვთ დაგეგმილი წარმოება?

– ტელევიზორების მიმართულებაზე პრაქტიკულად ვამთავრებთ მუშაობას, მომავალი წლიდან, ალბათ თებერვალი-მარტიდან დაიწყება გამოშვება. ეს იქნება პირველი ქართული ტელევიზორი, რომელსაც ეკრანის გარდა სრულად ჩვენ ვაწარმოებთ. ყველაფერს, რასაც ვუშვებთ, ჯერჯერობით ვარქმევთ ქარხნის სახელს AG-ის.

მომავალ წელს ბაზარზე პირველი ქართული ტელევიზორი გამოჩნდება

– როგორი იქნება თქვენს მიერ წარმოებული ტელევიზორის ფასი?

– საკმაოდ კონკურენტული იქნება ფასის და ხარისხით მიმართულებითაც. ჯერჯერობით არ დავკონკრეტდები.

– გადის თუ არა ექსპორტზე თქვენს მიერ წარმოებული პროდუქცია და რომელ ქვეყნებში?

– სხვათა შორის, არ ველოდით და მოგვივიდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2015 წელს ექსპორტირებული პროდუქციის რაოდენობით მესამე ადგილზე გავედით. პროდუქციის ძირითადი ნაწილი – 90% – აზერბაიჯანში გაგვაქვს.

 აკუმულატორიანი ლედნათურების ექსპორტზე აფრიკის რამდენიმე ქვეყანასთან გვაქვს მოლაპარაკება. ძირითადად იმ ქვეყნებთან, სადაც დენის პრობლემაა. აკუმულატორიანი ლედნათურები კი ელექტროენერგიის გარეშე 3 საათის განმავლობაში განათების საშუალებას იძლევა.

–  რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს, ამ მიმართულებით თუ აპირებთ ქართული პროდუქციის ექსპორტს?

–  რატომაც არ უნდა გავიდეს თუნდაც ტელევიზორები ევროპის ქვეყნებში? ხარისხით არავის ჩამოუვარდება და ფასი ექნება დაბალი. ჩვენ ერთი წლის ქარხანა ვართ და ნელ-ნელა ვცდილობთ, ყველაფერს ფეხი ავუწყოთ.

–  თქვენ ახსენეთ, რომ ერთი წელია, რაც საქართველოში ეს ქარხანა გაქვთ. რა პრობლემებს წააწყდით ამ ერთი წლის განმავლობაში? როგორ შეაფასებდით ქართულ ბაზარს და რა პრობლემის გამოსწორებას ისურვებდით თქვენ, როგორც ბიზნესმენი?

– პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ ინვესტიცია არ უნდა იბეგრებოდეს. ადრე არც იბეგრებოდა და მერე შემოვიდა ეს ნორმა. მე ქართველი კი ვარ, მაგრამ უცხოური ინვესტიცია მაქვს ჩადებული. რატომ უნდა დავიბეგრო დღგ-თი? ეს ცოტა აბსურდულად მიმაჩნია.

ასევე ეკონომიკის სამინისტრომ უნდა იფიქროს, ადგილობრივი საწარმოებისთვის ტენდერებში უპირატესობის მინიჭებაზე. მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში, როცა ადგილობრივი საწარმო იღებს ტენდერში მონაწილეობას, გერმანიაში მაგალითად 16-ით უნდა მოუგო ადგილობრივ კომპანიას, რომ მოიგო ტენდერი. სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა პროცენტული მაჩვენებელია. საქართველოშიც რაღაც მსგავსი კანონი უნდა შემოვიდეს. ეს არის მსოფლიო პრაქტიკა. ის თანხა, რომელიც ქვეყანაში რჩება მოგების გადასახადის სახით, 10%-15%-ს გაცილებით აღემატება.  ამიტომ ჯობია, ქართულ საწარმოს მისცე პრიორიტეტი და ზარალი სახელმწიფოს არ დაადგება, სამაგიეროდ, ქართულ საწარმოს ექნება უპირატესობა. ეს ეკონომიკურადაც გამართლებულია. ტენდერი არ არის მხოლოდ ერთი მიმართულება, რადგანაც თანხის მოზიდვა ტენდერით საწარმოს განვითარების საშუალებასაც აძლევს.

– ადგილობრივი წარმოების ხელშესაწყობად სახელმწიფოში არის რამდენიმე პროგრამა, მათ შორის „აწარმოე საქართველოში“. არ არის საკმარისი პროექტები ადგილობრივი წარმოების ხელშესაწყობად?

– ამ პროგრამით რამდენი რა გაკეთდა იცით? ძირითადად სოფლის მეურნეობის მიმართულებით ხდება ინვესტიციები. სოფლის მეურნეობა განავითარებს ქვეყანას?!

– გაქვთ კომუნიკაცია ხელისუფლებასთან რაიმე ფორმით? მაგალითად, „საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ აწყობსხოლმე შეხვედრებს ხელისუფლების წარმომადგენლებთან…

– გვქონდა შეხება ბიზნესასოციაციასთან. ახლა მგვინდა ჩამოვაყალიბოთ „ქართული ნაწარმის ასოციაცია“, სადაც უშუალოდ ჩართულები იქნებიან მწარმოებლები. ქართული ნაწარმის გამოფენა გაიმართება ამ თვეში, სადაც ბევრი ქართველი მეწარმე მოიყრის თავს და მოვილაპარაკებთ ამ საკითხზე.

წყარო: commersant.ge