2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი

0
31
2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი

მიმდინარე წლის 27 ნოემბერს, მთავრობის სხდომაზე, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობას 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი გააცნო.

“2016 წლის ბიუჯეტი 10 მილიარდ 145 მილიონი ლარი იქნება. ეს არის პარამეტრი, რომელზეც ჩვენ ავაგეთ ბიუჯეტის პროექტი და წარვუდგენთ საქართველოს პარლამენტს”,

– განაცხადა ფინანსთა მინისტრმა და აღნიშნა, რომ 2012 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის მოცულობა დაახლოებით 8 მილიარდ ლარს შეადგენდა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ  მომავალი წლის ბიუჯეტში გაზრდილია სოციალური ხარჯები – 2016 წლის 1 ივლისიდან სახელმწიფო პენსია 20 ლარით გაიზარდება და ის 180 ლარით განისაზღვრება, ბიუჯეტიდან ამ მიზნით 1.6 მილიარდი ლარი დაიხარჯება.

მომავალ წელს ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 3 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებზე 800 მლნ ლარამდე დაიხარჯება, მათ შორის მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის შეუფერხებელი განხორციელებისათვის 570 მლნ ლარი მიიმართება.

კიდევ ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რომელზეც სახელმწიფო მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს მიმართავს განათლების სფეროა. ამისათვის ბიუჯეტში 1 მილიარდ ლარზე მეტია გათვალისწინებულია. 2012 წელთან შედარებით 2016 წელს 55 %–ით გაიზრდება განათლების სისტემის ბიუჯეტი.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მომავალ წელს დევნილთა განსახლების ღონისძიებისთვის გათვალისწინებული თანხები ახალი სახლების მშენებლობასა და დევნილთათვის ბინების შეძენას მოხმარდება. დღეის მონაცემებით, უძრავი ქონების მესაკუთრე 10 400-ზე მეტი დევნილი ოჯახი გახდა და ეს პროცესი კვლავაც გრძელდება.

მაღალმთიანი რეგიონებისთვის 2016 წლიდან სხვადასხვა სოციალური დახმარება ამოქმედდება. მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, მაღალმთიანი დასახლების განვითარების ფონდისთვის 20 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის, 2016 წლის ბიუჯეტის მიხედვით, გამოყოფილია 950,0 მლნ ლარი, აქედან დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარი საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მოხმარდება. 280 მილიონი ლარია გათვალისწინებული რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისთვის. გარდა ამისა, მომავალ წელს კვლავ გაგრძელდება აგროდაზღვევისა აგროკრედიტის პროგრამები.