,,საქართველოს ბანკის” ინტერესების გამო, ქვეყანაში საბანკო გარანტიების გამოყენებას აზრი ეკარგება

0
78
,,საქართველოს ბანკის” ინტერესების გამო, ქვეყანაში საბანკო გარანტიების გამოყენებას აზრი ეკარგება

სამართლის სპეციალისტები სასამართლოს გადაწყვეტილების ბიზნესზე და ეკონომიკაზე გავლენის უარყოფით მოლოდინებზე საუბრობენ

უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ შეიძლება გამოუწორებელი ზიანი მიაყენოს ბიზნეს-სუბიექტებსა და სამეწარმეო გარემოს, ვინაიდან საბანკო გარანტიების გამოყენების, დანიშნულებისა და მიზნის შესახებ, სასამართლომ საზოგადოებას სრულიად ახალი მიდგომები და არასწორი პრაქტიკის დამკვიდრების დაშვება შესთავაზა. საბანკო გარანტია, რომელიც დღითიდღე უფრო პოპულარული საბანკო ინსტრუმენტი ხდება სამოქალაქო ბრუნვაში, შესაძლებელია, გარკვეული ხარვეზებით დახასიათდეს, რადგანაც სასამართლოს გადაწყვეტილებამ, საბანკო გარანტიის მიმღებთა კეთილსინდისიერების ქცევის საკითხს, სრული იგნონირება გაუკეთა. როგორც ცნობილია, ამ მოქნილი და იაფი საბანკო ინსტრუმენტის გამოყენება სამოქალაქო ბრუნვის მხარეებს შორის, ხელშეკრულებით დადგენილი მომსახურების გაწევისას, სამუშაოს შესრულებისას, ნასყიდობისას, ან საერთაშორისო ვაჭრობისას, ფულადი თანხის გადახდის გარანტიაა ხელშეკრულების მეორე მხარისთვის იმ შემთხვევაში, თუ გადახდა არ მოხდება იმ მხარის მიერ, რომელსაც ხელშეკრულების ძალით წარმოეშვა გადახდი ვალდებულება. აღქმა იმ გარემოებისა, რომ თუ გარიგების მხარემ დათქმულ დროში დათქმული თანხა არ ან ვერ გადაუხადა ხელშეკრულების მეორე მხარეს – მაშინ ამ თანხას გადაიხდის ბანკი – ხშირად დაუჯერებელია მათთვის, თუმცა, ვისაც ერთხელ მაინც მიეცა საშუალება გამოეყენებინა ეს ფრიად მოქნილი და იაფი საბანკო ინსტრუმენტი, ხშირად მიმართავს ბანკს განცხადებით ამ მომსახურების მისაღებად, ვინაიდან აღნიშნული ფინანსური ინსტრუმენტი საშუალებას აძლევს ხელშეკრულების მეორე მხარეს, დარწმუნებული იყოს თავისი კუთვნილი თანხის მიღებაში მაშინაც კი, თუ ხელშეკრულების მხარე არ ან ვერ გადაიხდის ხელშეკრულებით დათქმულ თანხას. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩამოყალიბებულ ამ ურთიერთობებს, რაც სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისთვის განმსაზღვრელი მნიშვნელობა გააჩნია, მნიშვნელოვანი საფრთხე დაემუქრა.

სამართლის სპეციალისტებს საზოგადოების წინაშე საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება გამოაქვთ, სადაც პირდაპირ იკითხება ,,საქართველოს ბანკის” და მისი შვილობილი კომპანია ,,დაირექტ დებიტ ჯორჯიას” მოქმედებების შეუსაბამობები საბანკო გარანტიის გამოყენების მიმართ. ამასთან, ცხადი ხდება სასამართლოს მკვეთრად მიკერძოებული დამოკიდებულება განსახილველი დავის მიმართ და ,,საქართველოს ბანკის” და მისი შვილობილი კომპანიის ინტერესების შესაძლო ლობირება.
დავის ისტორია ასეთია, – ,,საქართველოს ბანკის” შვილობილ კომპანიასა და ერთ-ერთ საწარმოს შორის არსებობდა არსებობდა 2012 წლის მარტში გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, შპს ვალდებული იყო 170 ცალი ფეიბოქსი საკუთრებაში გადაეცა შპს ,,დაირექტ დებიტ ჯორჯია” -სთვის. ამავე დროს, ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, შპს ,,დაირექტ დებიტ ჯორჯიასა” და სს ,,პრივატბანკს” შორის გაფორმდა საბანკო გარანტიის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, შპს-ს სასარგებლოდ გაიცა საბანკო გარანტია 200 000 ლარის ფარგლებში. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მართალია, შპს-მ სრულად შეასრულა ნასკირი ვალდებულება ბანკის შვილობილი კომპანიის მიმართ და იმავე დროს, საბანკო გარანტიის მიღებაც წარმოადგენდა კანონიერს. სამართლის სპეციალისტების განცხადებით, საკასაციო სასამართლო მსჯელობა არამართლზომიერია, ვინაიდან საბანკო გარანტია არ შეიძლება გაგებულ იქნეს იმგვარად, რომ ბენეფიციარს ნებისმიერ შემთხვევაში, შეუძლია მიიღოს, როგორც შესრულება, ასევე საბანკო გარანტიით განსაზღვრული ზიანის საკომპენსაციო თანხა. საბანკო გარანტია წარმოადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად, მხარისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების გარანტიას და არ შეიძლება განხილულ იქნეს ბენეფიციარის მიერ საკუთარი სურვილის მიხედვით, ნებისმიერ შემთხვევაში, მისაღებ კომპენსაციად.

იურისტი გიორგი გვენეტაძე ამბობს, რომ ქართული სასამართლოს პრაქტიკაში მოსამართლე ბანკს ან სადაზღვევო კომპანიას თანხის გადახდას მაშინაც კი აკისრებს, როცა გადახდის არავითარი წინაპირობა და საფუძველი არ არსებობს. ,,ბუნდოვანების და არსებული სასამართლო პრაქტიკის შედეგად, სახელმწიფო შემსყიდველი ორგანოების მხრიდან მასობრივი ხასიათი მიეცა ნებისმიერი მიზეზით ან ხშირად სრულიად უმიზეზოდ, საბანკო გარანტიის თანხის მოთხოვნას. მათ, როგორც ჩანს, სადაზღვევო კომპანიების და ბანკების რესურსები ამოუწურავი ჰგონიათ და იმის ნაცვლად, რომ სწორად ჩაატარონ ტენდერები, შემდეგ კი სათანადოდ გააკონტროლონ ხელშეკრულების შესრულება კონტრაქტორის მიერ, მიმართავენ ყველაზე მარტივ გამოსავალს და არაკეთილსინდისიერად ითხოვენ გარანტორებისაგან სოლიდური თანხების ანაზღაურებას”, – აცხადებს გვენეტაძე.

აღნიშნულ შეხედულებებს იზიარებს იურისტი ნინო ლიპარტიაც და სასამართლოს დაუშვებელ ინტერპრეტაციებზე საუბრობს. ,,როგორც ბიზნესომბუდსმენს, ისე ჩვენც მიგვაჩნია, რომ დავის შემთხვევაში, სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს არსებითად და შინაარსობრივად, როგორც გარანტსა და ბენეფიციარს, ისე ბენეფიციარსა და პრინციპალს (მოვალეს) შორის ურთიერთობაში და ისევ სამწუხარო ფაქტია, რომ დღეს საქართველოში თითქმის ყველა მოსამართლე იმარტივებს სამუშაოს და იყენებს ოდესღაც, სადღაც და ვიღაცის მიერ გაჟღერებულ ზედაპირულ სამართლებრივ მოსაზრებას, ისევ ხელმძღვანელობს ბუნდოვანი კანონის მიხედვით, თითქოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბენეფიციარის მოთხოვნა არამართლზომიერია, გარანტი ვალდებულია მისი მოთხოვნა მაინც დააკმაყოფილოს… და გარანტს არაფერი კავშირი არ აქვს ძირითადი ვალდებულების შესრულება-შეუსრულებლობასთან. ანუ თითქოს სასამართლო დავას კი არ იხილავს, არამედ კითხვას გვასწავლის, თუ რა წერია კანონში, მაგამ კანონში ეს წერია არა სადაო, არამედ უდაო შემთხვევისთვის, თორემ ისე თეთრ ქაღალდზე შავი ასოების კითხვა ყველამ ვიცით”,– აცხადებს ნინო ლიპარტია.

საკითხთან დაკავშირებით, ,,ბ&ფ”-სთან საუბარში სასამართლოს არამართლზომიერ პრაქტიკაზე საუბრობს ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ადვოკატების” მთავარი იურისტი ანა კიკნაძეც. მისი თქმით, სასამართლოს სადაო გადაწყვეტილებიდან ჩანს, რომ იმ შემთხვევაში, თუ შპს ვერ შეასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას, ბანკის შვილობილ კომპანიას ,,დაირექტ დებიტ ჯორჯიას” ჰქონდა უფლება მოეთხოვა საბანკო გარანტიის მიღება. მოცემული შემთხვევის მიხედვით, მხარემ შეასრულა სრულად ნაკისრი ვალდებულება. ბანკის შვილობილმა კომპანიამ მას შემდეგ, რაც სრულად მიიღო ნასყიდობის საგანი, ჩაიბარა ფეიბოქსები, მიმართა ს.ს `პრივატბანკს~ და მოითხოვა საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის სრულად გადახდა. შედეგად მიიღო 200 000 ლარი, რაც მისი განმარტებით, წარმოადგენდა ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს, რაც საქმეში, არ დასტურდება. ,,სასამართლოს ერთი მოსამართლის გადაწყვეტილება, ქვეყანაში არამართლზომიერ პრაქტიკას ამკვიდრებს, რაც ზიანს აყენებს ჩამოყალიბებულ სამეწარემო ურთიერთობებსა და ბიზნეს-საქმიანობას. დაშვებული პრეცედენტი საშუალებას აძლევს კომპანიებს, მოიქცნენ არაკეთილსინდისიერად, მიიღონ შესრულებაც და ამავე დროს მიიღონ საბანკო გარანტიაც, რის შედეგადაც, შემსრულებელი კომპანიები იღებენ დიდ ზიანს, ხოლო დამკვეთი კომპანიები, უსაფუძვლოდ მდიდრდებიან”, – განაცხადა ანა კიკნაძემ.

მოსამართლე, რომელმაც უაღრესად სადავო გადაწყვეტილება მიიღო, ნინო ბექაქურია, რომელიც საკასაციო სასამართლოში, 2014 წლის 17 ოქტომბრიდან საქმიანობს. მოსამართლეს გააჩნია ხანგრძლივი პრაქტიკული გამოცდილება საგადასახადო და ადმინისტრაციულ დავებზე მუშაობის. შესაბამისად, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ამ თვალსაზრისითაც, ძალიან საკამათოა და გარკვეულ კითხვებს ბადებს. ფაქტი ერთია, ,,საქართველოს ბანკის” გავლენის შესაძლო დაშვებით, ვღებულობთ ისეთ ვითარებას, რომელიც არასახარბიელო მდგომარეობაში ამყოფებს მომავალში საბანკო გარანტიის მიმღებ მხარეებს. იკარგება კეთილსინდისიერების საკითხი. შესაბამისად, საკითხზე ფართო დისკუსია არის გამოსავალი, რადგანაც არ დამკვიდრდეს ისეთი სასამართლო პრაქტიკა, რომელიც გამოუსწორებელ შედეგებს მიაყენებს ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს და ბიზნესს.