CT პარკის საურავები გაყალბებული ხელმოწერებით და ყადაღით

0
26
CT პარკის საურავები გაყალბებული ხელმოწერებით და ყადაღით

“ვაგრძელებ CT პარკის თემას და ყველას გაფრთხილებთ, თქვენც არ აღმოჩნდეთ ჩემს დღეში. მოიკითხეთ თქვენი ანგარიშები, გაფრთხილების გარეშე არ იყოს დაყადაღებული.

მეგონა, მხოლოდ მე გამიყალბეს ხელმოწერა, როგორც ჩანს, სერიზულად აყალბებენ ხელმოწერებს და ვიღაცა არც აპროტესტებს, ისე იხდის საურავებს.“ – მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომელი თამარ ბოდოკია თავის სოციალურ ქსელში დეტალურად ყვება იმ პროცედურებს, რაც მას შემდეგ გაირა, რაც მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ მისი ანგარიში სი-ტი პარკის გადაუხდელი საურავების გამო დაყადაღებული იყო.

როგორც თამარ ბოდოკია „აიპრესთან“ საუბრისას აცხადებს, იმ დღეს, როცა თითქოს ჯარიმას ხელი მოაწერა, თბილისში საერთოდ არ იმყოფებოდა. სამსახურეობრივი მივლინებით ქუთაისში იყო, რის დამადასტურებელი ბრძანებაც არსებობს

„დამირეკეს სააღსრულებო ბიუროდან, სამჯერ 180 ლარი უნდა გადაიხადოთ ჯარიმა, ანუ 540 ლარიო. მიმტკიცებენ ჩაგბარდათ ჯარიმები და ხელი მოწერილი გაქვსო.

6 აპრილს თბლისში არ ვყოფილვარ, ქუთაისში ვიყავი იუნისეფის და ბავშვზე ზრუნვის ღონისძიებაზე. ჯანდაცვიდან მივლინებაც მაქვს ამასთან დაკავშირებით. ამას გარდა, ეს არ არის ჩემი ხელმოწერა. შემიძლია ესეც დავამტკიცო… ბო-დო-კი-ა ვარ და არა ბიო-დო-გია…. ხელი კი სწორედ „ბიოდოგიათი“ არის მოწერილი.“

თამარ ბოდოკიას განცხადებით, მან „სი-ტი პარკის“ სახელზე საჩივარი დაწერა.

„დღეს დილით, ვიდრე მე განცხადებას ვწერდი სი-ტის ოფისში, რამდენიმე აღშფოთებული ადამიანის ისტორიაც მოვისმინე. ერთი იმერელი კაცი(კილოზე ეტყობოდა) ჩხუბობდა, მისამართზე რომ მიიტანეს განცხადება და მე არ დავხვდი ადგილზე, მამაჩემმა როგორ მოუწერა ხელი, კაცი 40 წლის წინ ავარიით დაიღუპაო? ყველა ანგარიში დაყადაღებული ქონდა.

მეორე კაცი ჩიოდა, მე რა ვქნა, მე, ხელი არ მქონდა მოწერილი და მაინც ათას ლარამდე საურავებში გადავიხადეო…

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, სერიოზული აფიორაა, ან ყველა გოიმი და ბრმა გონიათ. მიზანმიმართული ყვლეფა მიდის ადამიანების. ზოგიც ებმება ამ მახეში, ზოგიც არა.

არ ვარ ინტრიგანი, მაგრამ არც ისეთი ბრიყვი ვარ, რომ არაფერში 540 ლარი გადავიხადო…

მით უმეტეს, ჩემნარი აქაც ბევრი ვიპოვე. ვიდრე ჩემს ამბებს ვარკვევდი, ჩემი თანამშრომლის რძალმაც დაწერა ფეისბუკში,- მომილოცეთ, დღეს სითის დავა მოვუგეო… იმ გოგოს შემთხევით გაუგია, რომ ყველა ანგარიში და მანქანა დაყადაღებული ქონდა და სანამ დავას დაიწყებდა, მანამ 200 ლარიც ჩამოაჭრეს.

მოკლედ, ვისაც სითის ჯარიმების სიმწარე არ განუცდია,ალბათ ამ ამბავს გაატარებს, მაგრამ, ვიდრე თითოეული ჩვენგანი გავმწარებულვართ, იქნებ ვიღაცამ მაინც მოსთხოვოს ამ თავგასულ კომპანიას პასუხი და სერიოზული კამპანია დავიწყოთ – ნუ გაებმებით სითი პარკის მახეში!!!!“ – წერს თამარ ბოდოკია.

აღნიშნული ფაქტის გასარკვევად სი-ტი პარკს დავუკავშირდით.

– ქალბატონ თამარს ველაპარაკეთ, იცის და დაწერს განცხადებას, ჩვენ არ ვარიგებთ წერილებს, გვყავს კონტარქტორები, საფოსტო კომპანიები, რომლებიც არიგებენ ამ წერილებს და სწორედ მათთან მოუწევს ქალბატონ თამარს გარკვევა, რამდენად იყო მისი ხელმოწერა გაყალბებული…თუ დადასტურდა, რომ ხელმოწერა არის გაყალბებული, ამ შემთხვევაში ჩვენთან დაწერს განცხადებას, ჩვენ გადავაგზავნით მას მერიაში, შემდეგ გადაიგზავნება ეს განცხადება სამართალდამცავ სტრუქტურაში და მოხდება გამოძიება. თუ გამოიკვეთება რომ ვინმემ ვინმეს ხელმოწერა გააყალბა, კანონის წინაშე აგებს პასუხს.

სითი პარკს შეხება არ აქვს წერილების დარიგებასთან, ამას აკეთებენ საფოსტო კომპანიები, თუ დადასტურდა რომ არ არის ხელმოწერა რეალური, პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ თანამშრომელს , რომელმაც გააყალბა, თუ ასეთი რამ დადასტურდა.

-რომელ  საფოსტო კომპანიებთან თანამშრომლობთ?

-რამოდენიმე საფოსტო კომპანია გვყავს, არ ვიცი რომელი კომპანია იყო, რომელმაც ქალბატონ თამარს  წერილი მიუტანა, შესაბამისად, რომ არ დავადანაშაულო რომელიმე, ვერ დავარღვევ მათ უფლებებს. ქალბატონ თამარ შეგიძლიათ კითხოთ, მას ეცოდინება ალბათ ვინ მიუტანა წერილი.

-როგორც ვიცით, მსგავს საკითხზე ბევრი საჩივარია კიდევ შემოსული, თუ ადასტურებთ ამ ინფორმაციას?

-ვერ დაგეთანხმებით, რომ ძალიან ბევრი საჩივარი იწერება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ნიშნავს ბევრს და ბევრი საჩივარი ამ თემასთან დაკავშირეით არ იწერება.

ყოფილა შემთხვევა, უთქვამთ, რომ ჩემი ხელმოწერა არ არის, მაგრამ მოკვლევის შემდეგ გაუხსენებიათ, რომ მათი ხელმოწერა იყო. ასეთი იყო ერთი.

თამარ ბოდოკიას შემთხვევის გარდა, სულ  ორია ასეთი შემთხვევა, რომელზეც მიმდინარეობს ძიება, შესაბამისად ჯერ-ჯერობით უცნობია მართლაც გაყალბებულია თუ არა ხელმოწერები. მეტი მსგავსი საჩივარი კომპანიაში არ შემოსულა.

-წლის განმავლობაში რამდენია ასეთი საჩივარია შემოსული?

მეტი არ ყოფილა.

-ზოგადად რამდენი საჩივარია შემოსული მთლიანობაში და მათგან რამდენი კმაყოფილდება?

-ეს მერიაში კმაყოფილდება, ჩვენთან არა, ვერ გეტყვით, არ ვიცი. ჩვენი კომპანიის სახელზე იწერება, თუმცა ამას შემდეგ განიხილავს მერია. არ ვფლობ ინფორმაციას, ამის სტატისტიკას არ ვაწარმოებთ. ყველანაირ საჩივარს მერია განიხილავს, საჩივარი რომ იწერება, ისინი მერიაში იგზავნება.

თამარ ბოდოკია: ანუ მე ვდავობ, რომ არ მიმიღია და ჩამიბარებია 3 ჯარიმა და ხელმოწერა არ არის ჩემი. მაქვს ასევე ეჭვი, ეს გაყალბებული ხელმოწერები გადასარევად იცის სითის ადმინისტრაციამ…“

iPress