ინტერნეტბანკი – აქ რიგში ყოველთვის პირველი ხართ

0
35
ინტერნეტბანკი – აქ რიგში ყოველთვის პირველი ხართ

საბანკო სერვისების განვითარებასთან ერთად, ინტერნეტბანკი თანამედროვე ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ვინაიდან, ინტერნეტი ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია და გლობალურ ქსელთან კავშირი დღითიდღე მარტივდება, ინტერნეტბანკით საბანკო ოპერაციების შესრულება, ჩვენთვის დიდი დროისა და ენერგიის დაზოგვის საშუალებას იძლევა, რაც თანამედროვე ცხოვრებაში ფასდაუდებელი ღირებულებაა.

ინტერნეტ და მობაილბანკის უპირატესობები

მოსახერხებელი – წვდომა საკუთარ  ანგარიშებთან 24 საათიანია. მომხმარებელს ნებისმიერ, მისთვის სარუსველ დროსა და მომენტში შეუძლია საბანკო ტრანზაქციის განხორციელება, ისე რომ ფილიალში მისვლა საერთოდ არ არის საჭირო. ამავდროულად, მომსახურება გაცილებით სწრაფი და კომფორტულია.

დაბალი ტარიფები ტრანზაქციების განხორციელება უფრო იაფია ინტენეტ და მობაილბანკით, ვიდრე ფილიალში.  ცხადია, ეს გამოწვეულია იმით, რომ ბანკს, თავის მხრივ, გაცილებით ნაკლები დანახარჯი აქვს ონლაინ მომსახურებაზე, ვიდრე ფილიალში მომსახურებაზე. აქედან გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში ინტერნეტბანკით შესრულებულ ტრანზაქციებს საკომისიო საერთოდ არ ერიცხება.

დამატებით კომფორტი – ინტერნეტ და მობაილბანკით მომხმარებელს შეუძლია, შეიქმნას დამატებითი კომფორტი საკუთარი ფინანსების უკეთ გასაკონტროლებლად, კერძოდ ისარგებლოს ფინანსური მრჩევლის ფუნქციით, რომელიც ინტერნეტ და მობაილბანკს აქვს – დაახარისხოს საკუთარი ხარჯები, აკონტროლოს ბიუჯეტი, გამოიყენოს სესხების, დეპოზიტებისა და ვალუტის კალკულატორები და ა.შ.

უამრავი უპირატესობის მიუხედავად, ინტერნეტბანკს გარკვეული შეზღუდვებიც გააჩნია. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს შეზღუდვები დისტანციური სერვისების განვითარებასთან ერთად, აღარ იარსებებს და მომხმარებელს ინტერნეტ და მობაილბანკით სრული საბანკო მომსახურების მიღება შეეძლება.

ამ ეტაპზე დისტანციური არხებით, ჯერ ვერ ხერხდება,  მაგალითად,  ბანკთან ურთიერთობის დაწყება და მომხმარებლად დარეგისტრირება. ეს მხოლოდ ფილიალებშია შესაძლებელი, რადგან კანონმდებლობა მოითხოვს პიროვნების ფიზიკურ იდენტიფიცირებას;  იგივე შეიძლება ითქვას რთული პროდუქტების შეძენაზე,  მაგალითად,  იპოთეკური სესხის, რადგან მისი დამტკიცების პროცედურა გარკვეული დოკუმენტაციის წარდგენას  და სხვადასხვა მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითვალისწინებს.

ქართული ბანკების უმეტესობას დანერგილი აქვს ინტერნეტბანკის სერვისი და ისინი მუდმივად ცდილობენ სიახლეების შეთავაზებას ამ მიმართულებით. ,,ბანკები და ფინანსები“ დაინტერესდა,  თუ რომელი ბანკის ინტერნეტბანკს ანიჭებს უპირატესობას მომხმარებელი და ამ მიზნით გამოკითხვა ჩაატარა. როგორც გამოკითხვის შედეგებიდან ირკვევა, მკითხველთა აზრით, საბანკო სისტემაში საუკეთესო ინტერნეტბანკი თიბისი ბანკს აქვს.  ჩვენ დავუკავშირდით თიბისი ბანკის საცალო, მცირე და საშუალო ბიზნესის დირექტორის მოადგილეს, ვაჟა ბერიაშვილს და  ვკითხეთ, თუ რა განაპირობებს თიბისი ბანკის ინტერნეტ და მობაილბანკის უპირატესობას და როგორ ახერხებს თიბისი ბანკი ლიდერობას ამ სერვისებში.

 

„ბანკები & ფინანსების“  გამოკითხვამ აჩვენა, რომ თიბისი ბანკის ინტერნეტბანკი საუკეთესოა. როგორია ბაზარზე კონკურენცია დისტანციური სერვისების განვითარების თვალსაზრისით და რა უპირატესობა გაქვთ კონკურენტებთან შედარებით?

– ვფიქრობ, ინტერნეტ და მობაილბანკის მომხმარებლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აპლიკაციაში მარტივად შესვლა და  სასურველი ოპერაციის სწრაფად და მარტივად განხორციელებაა. ჩვენ, პირველ რიგში, ამ კრიტერიუმს ვანიჭებთ უპირატესობას და ვფიქრობ, სხვებსაც ამით ვჯობივართ.  გარდა ამისა, ჩვენი პროგრამები მორგებულია ყველა პლატფორმაზე. ერთადერთი ბანკი ვართ, რომელსაც  iPad-ზე, iPhone-ზე, android-სა და  ნებისმიერ სმარტფონზე   მორგებული ინტერნეტბანკი აქვს.   გარდა ამისა, ვფიქრობ, ჩვენი ინტერნეტბანკი ფუნქციურად საკმაოდ სრულყოფილია.  ბევრი ისეთი ფუნქცია აქვს, რომელიც საქართველოში სხვა ბანკს არ აქვს. მაგალითად, მობაილბანკში შესვლა თითის ანაბეჭდით. ეს მომხმარებლებისთვის ძალიან  მარტივი და მოსახერხებელი ფუნქციაა. ჩვენ ეს სერვისი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც ერთ-ერთი პირველებმა დავნერგეთ.

გარდა ამისა, თიბისი ბანკის ინტერნეტ და მობაილბანკი აძლევს მომხმარებელს ექსკლუზიურ საშუალებას, ისარგებლოს პირადი ფინანსების მართვის ფუნქციითაც. კერძოდ,  ეს ფუნქცია მომხმარებელს ეხმარება მართოს თავისი ბიუჯეტი. ახლახან დავნერგეთ მობილურის ნომრით გადარიცხვა, რომელიც აღარ მოითხოვს იმ ანგარიშის ნომრის ცოდნას, რომელზეც მომხმარებელი თანხას რიცხავს, ასევე შესაძლებელია ინტერნეტბანკით სულ რაღაც 1 წუთში მოხდეს სესხის აღება ან ანაბრის გახსნა – ეს ფუნქციაც რამდენიმე თვის წინ დაემატა ჩვენს ინტერნეტბანკს.

რა სტრატეგია გაქვთ შემუშავებული ინტერნეტ და მობაილბანკის განვითარებისთვის? ზოგადად რამდენად მნიშვნელოვანი მიმართულებაა თიბისი ბანკში დისტანციური სერვისები?

– რამდენიმე წლის წინ ჩვენს ძირითად სტრატეგიას ინტერნეტბანკის განვითარება წარმოადგენდა. თუმცა, ბოლო ორი წელია,  უპირატესობას მობილური სერვისების განვითარებას ვანიჭებთ.  ყველაფერს ახალს, რასაც მომხმარებელს ვთავაზობთ, ჯერ მობილურზეა გათვლილი და შემდეგ ინაცვლებს ინტერნეტში. ჩვენი სტრატეგიის ქვაკუთხედი არის ის, რომ არასოდეს  ვჩერდებით ისევე, როგორც ტექნოლოგიური კომპანიები არ ჩერდებიან და სულ სიახლეებისკენ მიისწრაფვიან. მართალია ბანკი ვართ, მაგრამ ინტერნეტ და მობაილბანკი ტექნოლოგიებთან მიახლოებული ბიზნესია, ამიტომ არ უნდა გაჩერდე.  წელიწადში ოთხჯერ მაინც ვაახლებთ ჩვენს სერვისებს და მომხმარებელს ახალ ფუნქციებს ვთავაზობთ.

სტრატეგიის ნაწილია ისიც, რომ  მომხმარებელთა რაოდენობას წლიდან წლამდე საკმაოდ სწრაფი ტემპით ვზრდით.  აქვე აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ინოვაციების დანერგვის მიზანი არ არის ის, რომ უბრალოდ პირველები ვიყოთ მის დანერგვაში ან რაიმე ჯილდო მოვიპოვოთ. ამ სტრატეგიით იმიტომ მივდივართ, რომ მომხმარებელს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ. სამი წლის წინ, როდესაც დისტანციური სერვისების განვითარება დავიწყეთ,   15 000 ინტერნეტბანკის მომხმარებელი გვყვავდა, დღეს კი -200 000. ეს თიბისი ბანკის მომხმარებლების საკმაოდ დიდი ნაწილია. საბოლოო ჯამში, ჩვენი სურვილია, რომ ეს სიახლეები  არა მხოლოდ ახალგაზრდა თაობამ, არამედ ყველა თაობის წარმომადგენლებმა გამოიყენონ და მოირგონ. სხვათაშორის, თიბისი ბანკის ინტერნეტ და მობაილბანკი ასაკოვან ხალხშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. 45 წელს ზევით მომხმარებელთა ერთი მეოთხედი უკვე მოიხმარს დისტანციურ არხებს.  ეს ჩვენთვის საკმაოდ დიდ წარმატებაა, რადგან ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ჩვენი სერვისები ძალიან მარტივი მოსახმარია და კომფორტს უქმნის მომხმარებლებს.

ცნობილია, რომ თიბისი ბანკის  ინტერნეტბანკს  გლობალური ჯილდო აქვს მოპოვებული – საუკეთესო ინტერნეტ და მობაილბანკისათვის მსოფლიოში. ეს საკმაოდ დიდი წარმატებაა, როგორ შეძლო თიბისი ბანკმა მსოფლიო მასშტაბით ლიდერობა ?

-ეს აღიარება ძალიან ბევრს ნიშნავს. ის, რომ საქართველო დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებს  არ ჩამორჩება და უფრო მეტიც, უსწრებს კიდეც ინოვაციური სერვისების დანერგვაში, კერძოდ კი ინტერნეტ და მობაილბანკის განვითარებაში, ნამდვილად სასიხარულო მოვლენაა. საერთაშორისო კონფერენციებზე, რომლებზეც ხშირად გვიწვევენ, გვეძლევა ხოლმე საშუალება, შევადაროთ ჩვენი სერვისები მსოფლიოს დიდი ბანკების დისტანციურ სერვისებს და ამ ფონზეც აშკარად ჩანს ხოლმე ჩვენი ინტერნეტ და მობაილბანკის უპირატესობა. ეს ძალიან საამაყოა. ჩვენ ისეთი ბანკების გვერდით ვართ, როგორიცაა „სითიბანკი“  და სხვა გრანდები. ახლაც, მომხმარებელი რომ შევიდეს Applestore-ზე   ან Google Play-ზე,  თვალი გადაავლოს სხვადასხვა დიდი ბანკების მომხმარებელთა შეფასებებს და ეს შეფასებები შეადაროს თიბისის მომხმარებელთა კომენტარებსა და რეიტინგებს, ნახავს, რომ ჩვენი მომხმარებელი გაცილებით მეტი „ვარსკვლავით“ გვაფასებს, ვიდრე ჩვენზე გაცილებით დიდი და ცნობილი ბანკების მომხმარებელი. მათი შეფასება ძირითდად 3 ან 4 ვარსკვლავს არ სცდება მაშინ, როდესაც ჩვენი მომხმარებელი ძირითადად 5 ვარსკვლავით გვაფასებს. მაგალითად, უცხოური ბანკების ინტერნეტ და მობაილბანკი არ იძლევა შესაძლებლობას,  რომ ერთ გვერდზე იყოს თავმოყრილი  ყველა  კომუნალური დავალიანება და მომხმარებელს შეეძლოს ერთი „კლიკით“ რამოდენიმე დავალიანების ერთდროული გადახდა. ამას გარდა, თანხის ანგარიშებზე ასახვა წამიერად ხდება, მაშინ როდესაც საზღვარგარეთ, გადახდილი თანხა შეიძლება 3 დღის განმავლობაში არ აისახოს. რა თქმა უნდა ამ უპირატესობების გამოა, რომ თიბისი ბანკის ინტერნეტ ბანკი მსოფლიოში საუკეთესო კომუნალური გადახდების სისტემად დასახელდა.

რამდენად  მნიშვნელოვანია თქვენს საქმიანობაში საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინება?

-ეს ჩვენი სამუშაოს ყოველდღიური ნაწილია. გამორიცხულია ტექნოლოგიურ ბიზნესში იყო და არ აქცევდე ყურადღებას მსოფლიოს ტექნოლოგიურ სიახლეებს. ამ დროს ყურადღებას აქცევ არა მხოლოდ ბანკების საქმიანობას, არამედ ტექნოლოგიური კომპანიების სიახლეებსაც. ყოველდღიურად, თვალყურს ვადევნებთ Google-ს, facebook-ს და მსგავსი გრანდების სიახლეებს, რადგან ყველა ეს დიდი კომპანია ბანკებს ბიზნესის გარკვეულ წილს ეცილება. მაგალითად, აშშ-ში Applepay გადახდის ინსტრუმენტია, რომელიც  ადგილობრივ ბანკებთან კოორდინაციით  შექმნეს,  თუმცა, ამით ბანკებს ბიზნესის გარკვეული წილი წაართვეს. აქედან გამომდინარე, თუ გვინდა, რომ წარმატებულები ვიყოთ, ამასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება და  მსგავსი ტიპის ტექნოლოგიური გარღვევებისთვის მოვემზადოთ.  ჩვენთან იდეები ორი მხრიდან  მოდის. ერთის მხრივ, ჩვენი მომხმარებლებიდან და მეორეს მხრივ, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკისა და ტექნოლოგიური სიახლეებიდან.

[wpolling id=”9″ width=”” height=””]