„ახალგაზრდა ადვოკატების“ გუნდი ცესკო-მ სხდომიდან გააძევა, დაარღვია კანონი, რაც დღეს მიღებული გადაწყვეტილების ბათილობის პირდაპირი საფუძველია

0
65
„ახალგაზრდა ადვოკატების“ გუნდი ცესკო-მ სხდომიდან გააძევა, დაარღვია კანონი, რაც დღეს მიღებული გადაწყვეტილების ბათილობის პირდაპირი საფუძველია

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სპეციალურ განცახდებას ავრცელებს და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის ადმინისტრაციულ სხდომაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

გთავაზობთ აღნიშნულ განცხადებას უცვლელად:  საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ მიმართ, 2015 წლის 13 ოქტომბერს წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი, რითაც მოთხოვნილ იქნა აღნიშნული სწავლების ცენტრის დირექტორის 2015 წლის 11 სექტემბრის #1-256 ბრძანების ბათილად ცნობა, რითაც ორგანიზაციას, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის, უარი ეთქვა ინოვაციური პროექტის „ყველა ხმა მომგებიანია“ დაფინანსებასა და განხორციელებაზე. ორგანიზაციამ 2015 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის #01-02/1387 წერილით მიიღო შეტყობინება, რომ 2015 წლის 5 ნოემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართებოდა ზეპირი მოსმენა, სადაც განიხილებოდა წარმოდგენილი საჩივარი. „ახალგაზრდა ადვოკატები“ დაესწრო წარდგენილი საჩივრის ზეპირ მოსმენას, თუმცა სხდომის დაწყებამდე, ცესკო-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ანასაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, საჯარო სხდომიდან გაეძევებინა „ახალგაზრდა ადვოკატების“ მთავარი იურისტი ანა კიკნაძე, იურისტი ბექა ჯავახიშვილი და ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ცაბო გუგუნაშვილი. გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას მიერ არ იქნა გაზიარებული „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის მოთხოვნა, რითაც მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენდა ადმინისტრაციული კანონმდებლობის უხეშ დარღვევას, ადმინისტრაციული ორგანოს ღია მმართველობისა და საჯაროობის პრინციპის დარღვევას. ორგანიზაციის თანამშრომლები ესწრებოდნენ სხდომაზე ზეპირ მოსმენას, ისინი არ მონაწილეობდნენ წარმომადგენლობით უფლებამოსილებით. არჩილ კაიკაციშვილმა ვერც ცესკო-ს თავმჯოდმარისგან და ვერც იურიდიული დეპარტამენტის უფროსისგან, ვერ მიიღო სამართლებრივი დასაბუთება, რომელი მუხლის საფუძველზე ატოვებინებდნენ ორგანიზაციის წევრებს დარბაზს, მაშინ როდესაც „ახალგაზრდა ადვოკატების“ იდენტურ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე, 2015 წლის 12 აგვისტოს, ორგანიზაციის დასახელებული თანამშრომლები, ცესკო-ს სხდომას ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ესწრებოდნენ. იქედან გამომდინარე, რომ ორგანიზაციის თანამშრომლების გაძევებას არ მიეცა დასაბუთება, ცესკო-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა ცესკო-ს რეგლამენტის მე-17 მუხლის მე- პუნქტი, რომელიც ადგენს: „ცესკოს სხდომას ესწრებიან სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, საჭიროებისამებრ განყოფილების უფროსები, სპეციალური და სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელები, ასევე კონკრეტული საკითხების განხილვის დროს დაინტერესებული ხმარეები, რომლებიც საკითხის შესახებ ცესკოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე ტოვებენ სხდომის დარბაზს“. ცესკო-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა განმარტა, რომ სხდომაზე ორგანიზაციის თანამშრომლები არ იყვნენ დაინტერესებული მხარე. სხდომაზე დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენდა ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თუმცა ფაქტზე, რომ ორგანიზაციის თანამშროლები არ მონაწილეობდნენ სხდომის პროცესში, არ სარგებლობდნენ სიტყვის უფლებით და სარგებლობდნენ საჯარო სხდომის პრინციპით, არგუმენტები არ იქნა მოტანილი.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ცესკო-ს 2015 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებას, ორგანიზაციის თანამშრომლების სხდომის დარბაზიდან გაძევებასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული კანონმდებლობის უხეშ დარღვევად, საჯაროობის წინააღმდეგ გადადგმულ საშიშ პრეცედენტად აფასებს, ხოლო სხდომაზე მიღებულ ადმინისტრაციულ აქტს, ზემოაღნიშნული საჯაროობის დარღვევის გამო, უკანონოდ მიიჩნევს. ჩვენ აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ადმინისტარციული კოდექსის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, „დაინტერესებული მხარეა ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება“ შესაბამისად, ორგანიზაციის თანამშრომლები წარმოადგენდნენ სხდომაზე დაინტერესებულ პირებს, ვინაიდან წარმოადგენდნენ პროექტის მონაწილეებს, სწავლების ცენტრის ბრძანებით კი, მათ უსაფუძვლოდ არ მიეცათ ინიციატივის განხორციელების შესაძლებლობა. გარდა ამისა, კოდექსის 32-ე მუხლი ადგენს სხდომათა საჯაროობის უმნიშვნელოვანესს პრინციპს და განმარტავს, რომ „თითოეული კოლეგიური საჯარო დაწესებულება ვალდებულია ღიად და საჯაროდ წარმართოს თავისი სხდომები“. კოდექსს ერთადერთი შეზღუდვა აქვს ღიად და საჯაროდ მიჩნეული სხდომის შეზღუდვასთან დაკავშირებით, როდესაც საქმე ეხება პრსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო და კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციას, რასაც 2015 წლის 5 ნოემბრის სხდომაზე, ადგილი არ ჰქონია. სხდომის შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია არ იკითხება არც ცესკო-ს თავმჯდომარის 2015 წლის 26 ოქტომბერის წერილშიც. შესაბამისად, კოდექსის მე-5 მუხლის საფუძველზე, მიგვაჩნია, რომ ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების განხორციელებას კანონის მიღმა, რადგანაც „ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ჯეროვნად შეუსრულებლობა ან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას“. მოცემულ შემთხვევაში, ცესკოს 2015 წლის 5 ნოემბრის განკარგულება №170/2015, რითაც ძალაში დარჩა სწავლების ცენტრის 2015 წლის 11 სექტემბრის #1-256 ბრძანება, არის ცალსახად უკანონო გადაწყვეტილება.

„ახალგაზრდა ადვოკატები“, როგორც ცესკო-ს, ასევე სწავლების ცენტრის წინააღმდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხვალ სარჩელს შეიტანს და საკითხს საზოგადოებას ფართო დისკუსიისთვის სთავაზობს.