20 წელია ისმის საუბარი, რომ აუცილებელია ადგილობრივი წარმოების განვითარება, იცვლება ხელისუფლებები, თუმცა საამისოდ კონკრეტული არაფერი ხდება

0
81
20 წელია ისმის საუბარი, რომ აუცილებელია ადგილობრივი წარმოების განვითარება, იცვლება ხელისუფლებები, თუმცა საამისოდ კონკრეტული არაფერი ხდება

“თურქებს 300 მილიონიანი ბაზარი აქვთ და ფულად სახსრებზე ხელი მიუწვდებათ 3-4%-ად, ქართველებს გვაქვს მხოლოდ 4 მილიონიანი ბაზარი და ბანკების საპროცენტო განაკვეთი 10-12%-ია. როგორ გვინდა რომ მათ გავუწიოთ რამენაირი კონკურენცია?!“

ქართული ბიზნეს-გარემო არ არის განებივრებული მეწარმეთა სიმრავლით. თუმცა, მეწარმეა ის, ვინც ყოველთვის ყველაზე უკეთ გრძნობს ეკონომიკის მაჯისცემას, რეალურად ფლობს ვითარებას და ერთ-ერთი იმათგანია, ვისაც პრაქტიკულად სრული სიზუსტით შეუძლია გააანალიზოს და შეაფასოს ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციები. “ბანკები და ფინანსები” მეწარმეს, ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელს ესაუბრა.

– ბატონო ცეზარ, “ქართული ოცნების” ხელისუფლების მოსვლის შემდგომ თქვენ ხშირად საუბრობდით ზეწოლისა და სხვადასხვა ბრალდებების შესახებ თქვენი მისამართით. რა სიტუაციაა ამ ეტაპზე, რა სტადიაზეა პირადად თქვენთან და თქვენთან ასოცირებულ ბიზნესებთან დაკავშირებული კონკრეტული საქმეები?

– ჩვენს წინააღმდეგ დაწყებული ორი სისხლის სამართლის საქმე დასრულდა. ყადაღა მოხსნილი აქვს ყველა კომპანიას, დარჩენილია მხოლოდ ,,ბარამბო”. “ბარამბოზე” აპელაცია მოვიგეთ და მაისში პროცესი ბოლო ინსტანციაში, უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლებს. თუმცა, ყველაზე ცუდი არის ის, რომ თუ ეს საკითხი კიდევ გაასაჩივრეს, მაშინ, დაახლოებით 6-7 თვე კვლავ ყადაღის ქვეშ დარჩება კომპანია. შესაბამისად, გაგრძელდება არსებული პრობლემები და ისევ შეუძლებელი იქნება “ბარამბოს” განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა.

რაც შეეხება ხელისუფლების დამოკიდებულებას კონკრეტულად ჩვენი ჯგუფის ბიზნესებთან დაკავშირებით, შემიძლია ვთქვა, რომ ზეწოლა აღარ იგრძნობა, მხოლოდ “ბარამბოსთან” დაკავშირებული პრობლემა რჩება მოუგვარებელი.

– როგორ შეაფასებდით ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოს, რა პრობლემები აქვს ბიზნესს და რა საკითხებში სჭირდება ხელშეწყობა ან დახმარება, ,,ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბიზნესგარემოს კუთხით რა შეიცვალა უკეთესობისკენ და რა უარესობისკენ?

– ბიზნეს-გარემოს ჩემი მხრიდან შეფასება ცოტა რთულია, რამდენადაც წელიწადნახევრის მანძილზე ჩვენი ყველა კომპანია ყადაღის ქვეშ იყო და დღესაც ერთი კომპანია ისევ დაყადაღებულია. ამ საკითხზე უფრო ლოგიკური იქნებოდა იმ ადამიანების მოსაზრებების გაგება, ვისაც გარკვეულ საკითხებში პრობლემა არ შექმნია. ჩვენ სხვებთან შედარებით, ცნობილი ბრალდებების გამო, მეტად დავიჩაგრეთ.

თუმცა, ცხადია, მაქვს საკუთარი მოსაზრება არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. შეიძლება ითქვას, რომ ბიზნესი უფრო თავისუფალი გახდა. ისიც უნდა ითქვას, რომ ბიზნესი კარგად ვითარდება მაშინ, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური სტაბილურობა და წინსვლაა. ამ კუთხით კი, მოგეხსენებათ, არცთუ სახარბიელო მდგომარეობაა.

20-25%-ით გაუფასურდა ლარი, რამაც დამატებითი პრობლემები შექმნა ბიზნესისთვის. საინვესტიციო გარემო ძალიან მგრძნობიარეა ლარის სტაბილურობასთან მიმართებაში და ლარის არასტაბილურობასთან ერთად ფუჭდება საინვესტიციო გარემოც, ინვესტორებს უჭირთ გადაწყვეტილების მიღება. სერიოზული პრობლემები გააჩინა სავიზო პოლიტიკის გამკაცრებამაც.

წარმოების განვითარებისთვის ასევე საკმაოდ დიდი პრობლემაა ბანკებში არსებული მაღალი საპროცენტო განაკვეთები. თუკი გადავხედავთ რეგიონის ძირითად მწარმოებელ ქვეყნებს, დავინახავთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მომწოდებელია თურქეთი, სადაც ყველა დარგი განვითარებულია, აქვთ საკმაოდ დიდი ბაზარი, საკმაოდ იაფი ფულადი რესურსი. საქართველოში კი საკმაოდ პატარა ბაზარი გვაქვს და ძვირი ფულადი რესურსი, ამიტომაც კიდევ უფრო მეტად ჭირს წარმოების განვითარება და მითუმეტეს თურქეთის მსგავსი ქვეყნებისთვის კონკურენციის გაწევა.

– როგორ აისახა ლარის გაუფასურება თქვენს ბიზნესსაქმიანობაზე და ზოგადად ბიზნესსექტორზე, თქვენი აზრით რით იყოს ეს განპირობებული და თქვენი შეფასებით ამ პროცესის გამო რა მდგომარეობაში აღმოჩნდა ბიზნესი?

– ლარის გაუფასურება მძიმედ აისახა ბიზნესზე. განსაკუთრებით წარმოებებმა მივიღეთ საკმაოდ დიდი დარტყმა რამდენიმე მიმართულებით. თითქმის ყველა წარმოებას, კრედიტის დიდი ნაწილი გვაქვს დოლარში ან ევროში. ჩვენს ჯგუფს ჯამურად, დაახლოებით, 40 მილიონი დოლარის ექვივალენტის სესხი გვაქვს აღებული. ანუ, თავის დროზე გვქონდა დაახლოებით 70 მილიონი ლარი ვალი, ახლა კი გვაქვს 88 მილიონი ლარი.

მართალია საკმაოდ დიდი ხანია გვინდოდა ამ სესხის ეროვნულ ვალუტაში გადაყვანა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა. ჩვენ ვვაჭრობთ და შემოსავალი გვაქვს ეროვნულ ვალუტაში, გადასახდელი კი დოლარში, რაც საკმაოდ დიდი ზარალია.

ასევე, მუდმივად აღვნიშნავ ხოლმე და ახლაც გავიმეორებ, საქართველო არის მომხმარებელი ქვეყანა, შესაბამისად ძირითადად ნედლეული შემოგვაქვს უცხოეთიდან და თანხას ვიხდით დოლარში ან ევროში. გაუფასურებულმა ლარმა აქაც ზარალი მოგვაყენა. რაც შეეხება ენერგომატარებლებს, გაზი გაგვიძვირდა დაახლოებით 20-25%-ით. ანუ გამოდის საბრუნავ საშუალებებში გაგვეზარდა თანხა, წარმოება გაგვიძვირდა, ფულადი რესურსი გაგვიძვირდა და შესაბამისად, ალბათ, ძნელი გასაგები არ იქნება, თუ რა მძიმე ვითარებაშიც აღმოვჩნდით.

ამის გარდა, დაახლოებით 3 ათასი ადამიანია დასაქმებული ჩვენს ჯგუფთან დაკავშირებულ კომპანიებში. აქედან, დაახლოებით ნახევარს აქვს კრედიტები. სამომხმარებლო, უძრავი ქონების შეძენის მიზნით, ავტოსესხი და ასე შემდეგ. მათგან მცირე ნაწილს ლარში აქვს სესხი, თუმცა უმეტესობის ვალდებულება დოლარშია. შესაბამისად გაგვიჩნდა პრობლემები თანამშრომლებში, რომლებიც თავიანთი ხელფასის 20%-ს ზოგავდნენ ყოველდღიური მოხმარებისთვის, დანარჩენი მიდიოდა ბანკების მომსახურებაში, დღეს კი აღმოაჩინეს, რომ ეს ხელფასი ბანკის სესხის დასაფარადაც აღარ ყოფნით.

ბიზნესმა სერიოზული დარტყმა მიიღო და ზოგადადაც, როდესაც ქვეყანაში ინფლაციური პროცესები მიდის, ამ დროს ბიზნესი სერიოზულად ზარალდება და ეს არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ასეა.ჩემი აზრით, ლარის დევალვაცია გამოიწვევს მსყიდველობითუნარიანობის შემცირებას და საკმაოდ მძიმე წელი გვექნება.

– წარმოების გასავითარებლად მთავრობა სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს, ესენია პროექტი ,,აწარმოე საქართველოში”, სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა და სხვა პროგრამები. თქვენი აზრით, საკმარისია თუ არა ეს ინიციატივები და თუ არა, მაშინ რა უნდა გააკეთოს მთავრობამ, რომ რეალური შედეგები დადგეს?

– წარმოების რეალურად გასავითარებლად მთავრობამ ნამდვილად დაიწყო გარკვეული პროექტების გახორციელება. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს პროექტები გათვლილია მხოლოდ მცირე ბიზნესის გასავითარებლად.

აღნიშნული პროექტების ფარგლებში, წარმოების შესაქმნელად გამოიყოფა ნახევარი მილიონიდან მაქსიმუმ 2 მილიონ ლარამდე თანხები, რაც იმდენად მცირე რესურსია, რომ წარმოუდგენელია სერიოზული წარმოების გაკეთება და განვითარება.

თუ ჩვენ გვსურს, შევქმნათ ისეთი წარმოება, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება ადგილობრივ ბაზარზე და პარალელურად მოვახდინოთ მისი ნაწარმის ექსპორტირება ევროპის ბაზარზე, ფაქტობრივად წარმოუდგენელია ამ ტიპის და ამ თანხით შექმნილმა წარმოებებმა შექმნან ასეთი პროდუქცია. ეს შემიძლია დანამდვილებით გითხრათ. ამიტომ, ვფიქრობ, ხელისუფლებას გადასახედი აქვს ის პოლიტიკა რომელსაც ატარებს ბოლო წლების განმავლობაში.

აუცილებელია მოიხსნას მაქსიმალური თანხის გაცემის შეზღუდვა. ბიზნესმენი არ უნდა იყოს შეზღუდული, 500 ათასიანი სესხს აიღებს და წარმოებას შექმნის, თუ 100 მილიონს. ეს დამოკიდებული უნდა იყოს კონკრეტულ პროექტზე და არა დაწესებულ “ჭერზე”.

თუკი წარმოება გაიხსნება, ორივე შემთხვევაში სახელმწიფო საგრძნობ მოგებას ნახულობს. თავად განსაჯეთ, თუკი 100 მილიონიანი პროექტი ხორციელდება, სახელმწიფო შეზღუდვას აკეთებს სესხის პროცენტის ნაწილში დაახლოებით 7-8 მილიონს, მაგრამ საწარმოს ამოქმედებიდან 1 წელიწადში მხოლოდ დღგ-ს გადახდის შემდეგ უკან იბრუნებს 18 მილიონს, ჩნდება უამრავი დასაქმებული ადამიანი და ყოველწლიურად ეს საწარმო სხვადასხვა გადასახადებით, მინიმუმ, 20-25 მილიონს იხდის ბიუჯეტში.

თუ ჩვენ ავიღებთ საქართველოს მთლიან ბაზარს, დავინახავთ, რომ საბალანსო ღირებულებით დღეს ქვეყანაში სულ 3-4 მილიარდის წარმოებებია, ხოლო იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო ლიმიტების შეზღუდვის გარეშე ყოველწლიურად გამოყოფს 150 მილიონ ლარს წარმოების შესაქმნელად გაცემული სესხების დასაფინანსებლად, ბიზნესი ყოველწლიურად მოიტანს მილიარდნახევარს და სამ-ოთხ წელიწადში შეიქმნება იმაზე მეტი წარმოება და ბიზნესი ვიდრე დღეს არსებობს. 3-4 წელიწადში ჩვენ მივიღებთ 4 მილიარდიან ახალ წარმოებებს.

აქედან გამომდინარე, თუკი სახელმწიფო სწორ პოლიტიკას გაატარებს იგი რამდენიმე წელიწადში მიიღებს ორჯერ უფრო ძლიერ ეკონომიკას. წლების განმავლობაში მიდის საუბარი წარმოების განვითარებაზე, თუმცა დღემდე ერთ ადგილას ვდგავართ და თუ მსგავსი მიდგომები არ გადაიხედა, სამწუხაროდ, იმავე მდგომარეობაში დავრჩებით.

ავიღოთ ისევ თურქეთის მაგალითი. თურქებს, ჩვენს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს, 300 მილიონიანი ბაზარი აქვთ და ფულად სახსრებზე ხელი მიუწვდებათ 3-4%-ად. ქართველებს გვაქვს მხოლოდ 4 მილიონიანი ბაზარი და ბანკების საპროცენტო განაკვეთები 10-12%-ია. როგორ გვინდა რომ მათ გავუწიოთ რამენაირი კონკურენცია?!

თუ საქართველოშიც არ შეიქმნა ანალოგიური სიტუაცია, რა ლოგიკით უნდა დაინტერესდეს აქაურობით უცხოელი ინვესტორი. ან ვინმემ თქვას, რომელი უცხოელი ინვესტორი მოვიდა საქართველოში და ,,სტარტაპიდან” შექმნა საწარმო ან განახორციელა რაიმე სახის ინვესტიცია?! ასეთი არ ყოფილა არავინ და ასეთ ვითარებაში არც იქნება.

საქართველოში წარმოების შექმნა და ამუშავება შეუძლიათ ისევ და ისევ ქართველ მეწარმეებს, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს დახმარებით. ამავდროულად, ჩვენ როგორც თავისუფალი ბაზრის მქონე ქვეყანა, ყველა სახის პროდუქცია შემოგვაქვს უპრობლემოდ, ხოლო აქედან ნებისმიერი სახის პროდუქციის ექსპორტი საკმაო პრობლემას წარმოადგენს.

20 წელია ისმის საუბარი, რომ აუცილებელია ადგილობრივი წარმოების განვითარება, ახალი საწარმოების შექმნა, თუმცა რეალურად საამისოდ კონკრეტული ბევრი არაფერი ხდება. საკმაოდ კარგი ინიციატივაა სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა, პროექტი ,,აწარმოე საქართველოშიც”, მაგრამ ამ ფინანსური შეზღუდვით, რაზეც უკვე მოგახსენეთ, მას დიდი პერსპექტივა არ აქვს და შეიძლება მხოლოდ “ცეხების” დონეზე დავეშვათ. თუ ჩვენი მიზანია, რომ ყველა სოფელში “ცეხი” და ძალიან მცირე საწარმო არსებობდეს, მაშინ ამაზე წვალება არ ღირს, ვინაიდან იგი ქვეყანას და ეკონომიკის ვერანაირ რეალურ შედეგს ვერ მოუტანს. მე მიმაჩნია, რომ უნდა იყოს 500 ათასიანი სესხებიც და უნდა ფინანსდებოდეს უფრო მასშტაბური პროექტებიც. ის მცირე საწარმოებიც, თავისთავად, უფრო უკეთ განვითარდება თუკი იქნება მასშტაბური კომპანიები. რაც მეტი დიდი კომპანია იქნება ქვეყანაში, მით უკეთ განვითარდება ეკონომიკა.

– ლუდზე აქციზი იზრდება, რას იტყოდით ამ საკითხთან დაკავშირებით, რა ზეგავლენას მოახდენს იგი ლუდის ბაზარზე და როგორ იმოქმედებს ფასზე?

ცალკე აღებული აქციზის ნაწილში, ეს არის 20 თეთრი, მაგრამ ამას უნდა დავუმატოთ დღგ-ც, რაც ერიცხება აქციზის მოცემულ განაკვეთს, ამას უნდა დავუმატოთ ფულადი რესურსის პროცენტიც, რომელიც მოზიდული გვაქვს. ასევე უნდა დავუმატოთ პროდუქციის დისტრიბუციის ხარჯი, იმიტომ, რომ ნებისმიერი მიწოდება, პროდუქტის მიწოდების ფასიდან არის მარჟა დისტრიბუციისთვის. მაღაზიაში შეტანის დროს, ასევე ერიცხება პროცენტი მაღაზიის მხრიდანაც. ეს ყველაფერი რომ შეიკრიბება, ის ოცი თეთრი, რომელზეც იყო საუბარი, პირდაპირი დანაკარგი, ისე რომ წარმოებამ არაფერი მოიგოს, ეს არის უკვე 32-33 თეთრამდე.

შესაბამისად, მე არ მეგულება წარმოება, რომელსაც შეუძლია ეს თავის თავზე აიღოს, განსაკუთრებით იმ დროს როდესაც ხდება ვალუტის 20%-იანი ინფლაცია. ამ ახალი ტვირთის გარკვეული მცირე ნაწილი კი აიღეს კომპანიებმა საკუთარ თავზე, მაგრამ ეს სურათს ვერ ცვლის და მომხმარებელი არის უკმაყოფილო, იმის გამო, რომ ფასი გაიზარდა. წარმოებაც უკმაყოფილოა, რადგან მოგების წილი შეუმცირდა და ეს იმის მიუხედავად, რომ ფასი გაიზარდა.

ყველა კომპანიამ განიცადა ზარალი ფასის მატების პირობებშიც კი. საკმაოდ მძიმე ფონი შეიქმნა ლუდის ინდუსტრიაში, საინვესტიციოდაც უინტერესო გახდა, იმიტომ, რომ საკმაოდ გაიზარდა აქციზის განაკვეთი. ანალოგიური პროცესი იყო რუსეთშიც 2014 წელს, რამაც გამოიწვია მასობრივი დახურვა ქარხნებისა. 2014 წელს დაიხურა გლობალური ქარხნები, დაახლოებით ალბათ 10-15 მსხვილი ქარხანა. საქართველოში ამ მიმართულებით როგორ განვითარდება მოვლენები, ეს უკვე სეზონის ბოლოს გამოჩნდება. ძალიან ცუდია როდესაც უცებ იზრდება გადასახადები, ეს ინვესტორებისთვისაც ცუდია, ადგილობრივ მეწარმეებზეც უარყოფითად იმოქმედებს ეს ფაქტი. პირველ რიგში, შემცირდება ინვესტიციები ამ სფეროში და სავარაუდოდ საკმაო მოცულობის სამუშაო ადგილებიც შემცირდება, ის ზრდა, რომელიც ფიქსირდებოდა ლუდის ინდუსტრიაში, ნამდვილად აღარ იქნება.

– მიუხედავად ამისა, ლუდის ბაზარზე ძლიერი კონკურენციაა. თემურ ჭყონიამ შეიძინა კომპანია ,,კასტელი”, ერთ–ერთი ლიდერია თქვენი ყოფილი კომპანია ,,ნატახტარი”, ბაზარზე მუდმივად ჩნდება ახალი ბრენდები, მაგალითად, სულ ახლახანს გამოჩენილი ლუდი ,,34” და ასე შემდეგ. რა უპირატესობა აქვს ,,ზედაზენს” კონკურენტებთან შედარებით და როგორ აპირებთ ბაზარზე წამყვანი პოზიციების შენარჩუნებას?

– ჩვენ ჩვენი სტრატეგია გვაქვს არჩეული გახსნის დღიდან. ამ სტრატეგიის შედეგია, რომ ყოველწლიურად ვიზრდებით 20-30%-ით. წელს, ეკონომიკური კრიზისის ფონზე, შეიძლება გარკვეული პროგნოზები ვერ შევასრულოთ, მაგრამ შარშანდელთან შედარებით, ვფიქრობთ, ზრდა მაინც იქნება.

რაც შეეხება განვითარებას, ყველა კომპანია ვითარდება და რაც მეტია კონკურენცია, მით უკეთესი. ყველა ვცდილობთ, ბიზნესის ნორმები არ იყოს დარღვეული და მაქსიმალურად მაღალი ხარისხის პროდუქცია მივაწოდოთ მომხმარებელს. სხვაგვარად მომხმარებლის ლოიალობას ვერ მოიპოვებ. იმის მიუხედავად, რომ ვართ კონკურენტები, პირველ რიგში ვართ ადამიანები და ერთმანეთს ვცემთ პატივს. ბიზნესი მაშინ არის კარგი, როდესაც ჯდება გარკვეულ ჩარჩოებში და არ ემსგავსება პოლიტიკას.

-ბოლო დროს თქვენ ხშირად საუბრობთ ახალი წარმოებების შექმნაზე, რაც შეესატყვისება მთავრობის გაცხადებულ კურსს იმპორტის ადგილობრივი ნაწარმით ჩანაცვლების შესახებ. კერძოთ რისი ჩანაცვლება იქნებოდა ყველაზე მეტად მიზანშეწონილი?

– საქართველო ბუნებრივი რესურსების ჭარბი რაოდენობით არ გამოირჩევა, და შეიძლება ითქვას, რომ ღარიბებიც კი ვართ ამ მხრივ, მაგრამ მაინც არსებობს ბევრი მიმართულება, სადაც შეიძლება წარმოების განვითარება. კონკრეტულად გეტყვით: სასარგებლო წიაღისეულის თვალსაზრისით, საქართველოს გააჩნია თიხის ჭარბი რაოდენობა, რომელიც კერამიკული საქმიანობის განვითარებისთვის შეიძლება იქნეს გამოყენებული. კერამიკულ ნაწარმს თუ ავიღებთ, ერთი კვადრატულის ტრანსპორტირება თურქეთიდან ჯდება 2,2 $. აქედან გამომდინარე, როდესაც ტრანსპორტირებაში გაქვს მარჟა, ძალიან საინტერესოა ხდება მისი თვითღირებულებიდან ამოგდება. ანუ, თუ გაქვს ნედლეული და თავად დაიწყებ წარმოებას, მინიმუმ ეს ხარჯი აღარ გექნება, ანუ, გიიაფდება პროდუქცია.

ჩვენ გაგვაჩნია თიხის ნაირსახეობები, ჩვენ გაგვაჩნია სილიკატური ქვიშები, გაგვაჩნია კირქვა, რომელიც გამოიყენება სამშენებლო მასალის წარმოებაში, გვაქვს ქვა, რომელიც გამოიყენება მოსაპირკეთებლად და სხვადასხვა სამუშაოებისთვის. თავის დროზე საქართველოში განვითარებული იყო კონცენტრატების წარმოება (არ ვგულისხმობ მხოლოდ ვაშლის ან ციტრუსის კონცენტრატს). ჩვენთან ძალიან ბევრი მცენარეა, რომელთა მეშვეობითაც დღესაც შესაძლებელია კონცენტრატების წარმოება. ამ დარგის ფეხზე დაყენებაც შესაძლებელია.

საქართველოში ასევე ხდებოდა ეთერზეთების წარმოება, რაც მოთხოვნადია ბაზარზე და საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქტია. ჩვენ დამუშავებული გვაქვს ასევე ყავის პროექტი. საქართველოში შემოდის დაახლოებით 30 მილიონი დოლარის ღირებულების ყავა. ამ დროს ჩვენ შეგვიძლია, რომ შემოვიტანოთ 5 მილიონის ნედლეული და დანარჩენი იწარმოოს ჩვენთან. საქართველოში შემოსული ყავის 80% ნაწარმოებია ევროპაში, ესენია: პოლონეთი, უკრაინა და ა.შ. რატომ არ შეიძლება მაღალი ტექნოლოგიების საშუალებით, საქართველოში ვაწარმოოთ იგი და აქედან მოხდეს გატანა. იგივე ვითარებაა სოფლის მეურნეობის პროდუქციის კუთხით, არის ძალიან ბევრი მიმართულება, რომლის განვითარებაც შეიძლება.

რაც ჩამოვთვალე, ამ ყველაფრის ბიზნეს-გეგმები უკვე დამზადებული გვაქვს და ვმუშაობთ საფინანსო ინსტიტუტებთან. რამოდენიმე პროექტი უკვე დაფინანსების მოსაპოვებლად განხილვის სტადიაზეა გადასული. საქართველოში ასევე არის ნედლეული საფილტრაციო საშუალებებისთვის, ყველაფერს ვერ მოვიძიებთ და ყველაფრის პროექტს ვერ დავდებთ, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ.

სწორედ ამისთვის არსებობს სხვადასხვა სამინისტროები, რომლებიც უნდა მუშაობდნენ იმ მიმართულებებზე, თუ რა იქნება ქვეყნისთვის ყველაზე მომგებიანი. რაც ჩამოვთვალე, იმ პროექტებიდან სახელმწიფო რამდენიმე მიმართულებით იგებს. ერთი, რომ ფული აღარ გადის უცხოეთში, მეორე, რომ ახალი სამუშაო ადგილები და ექსპორტის დამატებითი შესაძლებლობა ჩნდება.

– თუ შეგიძლიათ, უფრო დეტალურად რომ დაახასიათოთ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი პროექტი.

– მაგალითად, კერამიკული წარმოება. პროექტი სრულადაა დამუშავებული. ეს მოიცავს როგორც კერამო-გრანიტის ფილებს, ასევე კაფელ-მეტლახის წარმოებას, ეს იქნება ევროპული ხარისხის ტექნოლოგიებით დაპროექტებული წარმოება და პროდუქტი იქნება პრემიუმ ხარისხის. ჩამოყვანილი გვყავდა უცხოური ტექნოლოგები და მათთან ერთად შევისწავლეთ როგორც არსებული ბაზარი, ისე ჩვენი ნედლეულის შესაძლებლობები. ის საწარმო, რომლის აშენებასაც ვგეგმავთ ჩაითვლება, როგორც საშუალო წარმადობის საწამო.

რაც შეეხება ფასს, იგი იქნება საშუალო და დაბალი და შესაბამისად ყველასთვის მისაღები. ვცდილობთ მოვიზიდოთ უცხოური ინვესტორი. პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 35 მილიონი დოლარია და ვმუშაობთ კიდევ დამატებითი თანხების მოძიებაზე. დღეს რომ წავიდეთ ჩვენ და ქართული ბანკიდან ავიღოთ სესხი, ეს არის ფაქტობრივად წარმოუდგენელი, რადგან მაღალი განაკვეთების გარდა ლარის მერყეობაც დამატებითი ნეგატიური ფაქტორი გახდა და თუ მეტყვით რომელიმე ქართულ ბანკს, რომელიც ამ პროექტს ლარში და ადეკვატური საპროცენტო განაკვეთით დააფინანსებს, დღესვე დავიწყებ მუშაობას. ამიტომ, ვმუშაობთ უცხოურ კომპანიებთან და საქართველოში არსებულ უცხოურ საფინანსო და საინვესტიციო ორგანიზაციებთანაც და ვიმედოვნებთ, რომ ახლო მომავალში დადებით პასუხს მივიღებთ. ერთადერთი, რაც გვაფერხებს, რომ დავიწყოთ ახალი წარმოება, არის ინვესტიციებისა და ფულის სიძვირე.

-თქვენი აზრით, თქვენს მიერ აღწერილი პოლიტიკის განხორციელების შემთხვევაში, უახლოეს პერიოდში, დაახლოებით რა მოცულობის იმპორტის ჩანაცვლებაზე შეიძლება იყოს საუბარი?

-ადგილობრივი წარმოების განვითარებით, მხოლოდ ამ 4-5 მიმართულებიდან შეგვიძლია ჩავანაცვლოთ 500 მილიონი დოლარის იმპორტი. ეს ცოტა არ არის. წარმოების გასავითარებლად რესურსები ნამდვილად გვაქვს. ქმედითი და რეალური ხელშეწყობაა საჭირო. დამერწმუნეთ, ჩვენ არ გვჭირდება 2000-3000 “ცეხის” გახსნა, რომლებსაც ხვალ ისევ დაუდგებათ პრობლემა. მთავარია, მივყვეთ რეალური განვითარების პროგრამას, დასაქმდეს ხალხი, სახელმწიფომ მიიღოს თავისი თანხები, ბიზნესმა – თავისი და ეს შექმნის და ჩამოაყალიბებს სტაბილურ ეკონომიკას.

20-25 წელია გასული, რაც პირველი წარმოება გავაკეთე. ეს იყო 1991 წელს. იმის შემდეგ მესმის ერთი და იგივე, რომ უნდა განვავითაროთ ეს ყველაფერი. რაღაცას ვიგონებთ, მაგრამ არ ვხვეწავთ შემდეგ იმას, რაც ქვეყანას რეალურად მოუტანს წარმატებას. გაივლის 10 წელი კიდევ და აღმოვაჩენთ, რომ არაფერი გრანდიოზული არ შექმნილა, არაფერი ღირებული არ გაკეთებულა და ისევ იმ აზრზე ვიქნებით, რომ უნდა ავამუშაოთ ადგილობრივი წარმოება. თუ ინტერესი არ გაუჩნდა მეწარმეს, რომ საქართველოში შეიქმნას წარმოება, არაფერი გამოვა, რადგან ბაზარი არ გვაქვს დიდი, არც რესურსებია ულევი, არც ფულია იაფი და არც გვაქვს ეკონომიკა სტაბილური.

-გარდა კერამიკული მიმართულებისა სხვა მიმართულებითაც ხომ არ გაქვთ ბოლომდე დამუშავებული პროექტები?

-ოთხი პროექტი გვაქვს დამუშავებული და ოთხივე მიმართულებით ვმუშაობთ. იგივე “ბარამბოსთან” დაკავშირებითაც არსებობს პატარა პროექტი და ველოდებით ყადაღის მოხსნას. როგორც კი მოვიპოვებთ იაფ რესურსს, მზად ვიქნებით, რომ დავიწყოთ ახალი წარმოება. მართალია, ეს არ იქნება განსაკუთრებით მასშტაბური, მაგრამ იქნება ახალი.

რაც შეეხება ზედაზენს, ვფიქრობთ, აქაც განვავითაროთ ახალი მიმართულებები. მარტის ბოლოს, აპრილის დასაწყისში უკვე ახალ პროექტს დავიწყებთ და დასრულებისთვის დაგვჭირდება ალბათ 3-4 თვე. შეიძლება გავრისკოთ და პატარა პროექტების განსახორციელებლად ქართულ საბანკო ბაზარზეც მოვიძიოთ რესურსი.

რაც შეეხება მასშტაბურ ახალ წარმოებებს, ეს არის დაახლოებით 150 მილიონ დოლარზე მეტის ღირებულების პროექტები. ამ თანხას ვერც ერთი ქართული ბანკიდან ვერ ავიღებთ მაღალი საპროცენტო განაკვეთის გამო. დღეს არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, რასაც ვუყურებ, მიდის ერთმანეთში კინკლაობა, პოპულისტური განცხადებები, რაც ისევ ბიზნესს აუარესებს. არადა, ყველამ უნდა ვიმუშაოთ საიმისოდ, რომ ხვალ უკეთესი ცხოვრება შეიქმნას. რაც დღემდე ხდებოდა და დღესაც ხდება, ის მომავალშიც თუ გაგრძელდა, ჩვენი ეკონომიკური გარემო კიდევ უფრო გაუარესდება.

ესაუბრა გიორგი კაპანაძე