“სოფლის მეურნეობის მიმართულებით უამრავი საწარმოა, რომლებმაც ისარგებლეს იაფი კრედიტის კომპონენტით.”

0
8
სოფლის მეურნეობის მიმართულებით უამრავი საწარმოა, რომლებმაც ისარგებლეს იაფი კრედიტის კომპონენტით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საწარმოების შესახებ დეტალური ინფორმაცია ვებ-გვერდზეა განთავსებული. ამის შესახებ ქუმსიშვილმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული იმ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც საქართველოში 60 ახალი საწარმოს ნაცვლად უკვე 139 საწარმოა აშენებული. როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, ინფორმაცია საწარმოების შესახებ არის საჯარო და ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. მისივე თქმით, 116 საწარმო არის მარტო ინდუსტრიული მიმართულებით.

  “გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის მიმართულებით უამრავი საწარმოა, რომლებმაც ისარგებლეს იაფი კრედიტის კომპონენტით. მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც ეს პროექტი საქართველოს მთავრობამ დაიწყო, სადღაც 60 მილიონ ლარამდე იყო საკრედიტო პორტფელი კომერციულ ბანკებში აგრომიმართულებით. დღეს ეს პორტფელი თითქმის 800 მილიონზე მეტია, რაც ათჯერ მეტ გაზრდას ნიშნავს”,

– განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლების ამოცანაა მაქსიმალურად ხელი შეუწყოს სამუშაო ადგილების შექმნას, თუმცა ბიზნესის რისკებს საქართველოს მთავრობა არ იღებს.

“ზუსტად ამიტომაც ჩვენ კონსულტაციებში დღეს უკვე საკმაოდ დადებითი შეფასება გვაქვს საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან. მექანიზმი, რომელიც ჩვენ შევქმენით არის სწორი მექანიზმი. ჩვენ მათ ვუსუბსიდირებთ გარკვეული პერიოდის ნაწილში საპროცენტო განაკვეთს კომერციულ ბანკიდან აღებულ სესხზე. ჩვენ რისკის ნაწილს ვიღებთ ჩვენ თავზე, მაგრამ ძირითადად პროექტის შეფასება ხდება კომერციული ბანკის მხრიდან, რომელსაც გააჩნია ცოდნა და უნარი იმისთვის, რომ ეს პროექტი ნამდვილად იყოს სიცოცხლისუნარიანი”,

– განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.