ნოდარ ხადურმა ფინანსთა სამინისტროს 3 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

0
15
ეროვნული ბანკის საქმეს მთავრობა გააკეთებს

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ფინანსთა სამინისტროს სამი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ღონისძიება ,,საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის” პროექტის ფარგლებში სასტუმრო “თბილისი მარიოტში გაიმართა.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, 2013-2015 წლებში, სახელმწიფო ბიუჯეტის სწორი გადანაწილებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სტრუქტურა შეიცვალა და ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ერთი მხრივ, დაიგეგმა სოციალური პროგრამების ზრდის მიმართულებით, ხოლო მეორე მხრივ, ისეთი პროექტების დაფინანსებით, რომელიც საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და სტაბილურობას. სამი წლის განმავლობაში, ფინანსთა სამინისტრომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერის მიმართულებით.

როგორც ხადურმა აღნიშნა, ბიუჯეტის ეფექტიანობის ზრდის, მისი გამჭვირვალობის უზრუნველყოფისა და სახელმწიფო ფინანსების მართვის კუთხით საჯარო ფინანსების მართვის ეფექტურობისა და ეფექტიანობის გაზრდისა და სახელმწიფო ფინანსების აღრიცხვის გაუმჯობესების მიზნით, 2015 წლის 1 იანვრიდან განხორციელდა ავტონომიური რესპუბლიკების, მუნიციპალიტეტების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების და ა(ა)იპ-ების ბიუჯეტების სახელმწიფო ფინანსების მართვის ერთიან საინფორმაციო სისტემაში ინტეგრირება და სახაზინო მომსახურებაზე გადმოყვანა. შემუშავდა და დაინერგა საჯარო ფინანსების მართვის სისტემა (PFMS) და ერთიან სისტემაში მოექცა საბიუჯეტო პროცესის დაგეგმვისა და მისი აღსრულების მთლიანი ციკლი. მისივე თქმით, გატარებული რეფორმების შედეგად ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის (The International Budget Partnership) მიერ გამოქვეყნებული “ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევა 2015”-ის შედეგებით, საქართველომ 66 ქულით მე-16 ადგილი დაიჭირა მსოფლიოს 102 ქვეყანას შორის, რითაც მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა პოზიციები 2012 წლის ანალოგიურ კვლევასთან შედარებით.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ვალი გამოირჩევა მდგრადობით. სახელმწიფო ვალის 78% უცხოურ ვალუტაშია და შეღავათიანია. გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები მთავრობის ვალის მართვის პოლიტიკის გაუმჯობესების კუთხით. ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ნახევარწლიური პერიოდულობით ქვეყნდება დეტალური სტატისტიკური ბიულეტენი სახელმწიფო ვალის შესახებ, ასევე ინფორმაცია საგარეო სესხებით დაფინანსებულ პროექტებზე.  გარდა ამისა, ხადურმა ანგარიში წარდგენისას აღნიშნა, რომ საქართველო აფართოებს თავის, როგორც რეგიონული ცენტრის მნიშვნელობას. 3 წლის მანძილზე ქვეყანამ არაერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, ამ კონტექსტში მინისტრმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მთავარი მომლაპარაკებლების შეხვედრა, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ჰოლანდია-ბელგიის ჯგუფის წევრი ქვეყნების ყოველწლიური შეხვედრა, აზიის განვითარების ბანკთან (ADB) ერთად საქართველოში ჩატარებული “სახელმწიფო ვალის მართვის რეგიონული ფორუმი”, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) წლიური შეხვედრა დაასახელა.

როგორც ხადურმა აღნიშნა კერძო საკუთრების დაცვის, სტაბილური და გამჭვირვალე საგადასახადო გარემოს შექმნის მიზნით, 3 წლის განმავლობაში განხორციელდა მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის საფუძველზე შეიქმნა გადამხდელთათვის უფრო მოქნილი საგადასახადო რეჟიმი. ბიზნესის დაწყებისა და განვითარების ხელშეწყობისთვის შემსუბუქდა მთელი რიგი საგადასახადო ვალდებულებები. მისივე თქმით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ 2013-2015 წლებში (9თვე) გაწეული საქმიანობის შედეგად გამოვლენილი იქნა 2 ათასზე მეტი სამართალდარღვევის ფაქტი. 2013-2015 (9 თვე) წლებში სააგენტოს მიერ სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული და განსაკარგავად გადაცემული ქონების რეალიზაციის შედეგად შემოსავალმა 14 287 988 ლარი შეადგინა. როგორც მინისტრმა ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, ფინანსთა სამინისტრო ჩართულია საგანმანათლებლო და სოციალურ პროექტებში. მისივე თქმით, განახლდა ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი, რომელზეც ხელმისაწვდომია სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია. ასევე მოქმედებს ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებრივი მისაღები, რომელიც ამოქმედების დღიდან 5000-მდე მოქალაქეს მოემსახურა.

ანგარიშის წარდგენას მინისტრთა კაბინეტის, დიპლომატიური კორპუსისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.