დოლარის ინდექსი სამი კვირის მინიმუმზე დაეცა

0
21
დოლარის ინდექსი სამი კვირის მინიმუმზე დაეცა

აშშ დოლარის ინდექსი 6 ძირითადი ვალუტის მიმართ გაუფასურდა და 94.619-ზე დაფიქსირდა. ამის მიზეზად კვლავ ის გაურკვევლობა სახელდება, რასაც ფედერალური სარეზერვო ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთების გაზრდასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მოლოდინი ქმნის. სულ უფრო მეტი ინვესტორი მიიჩნევს, რომ განაკვეთების გაზრდა 2016 წლისთვის გადაიდება, რაც ვალუტაზე მძიმედ ზემოქმედებს. გასულ კვირას „როიტერსმა“ გაცვლითი კურსის ანალიტიკოსები გამოკითხა თუ რამდენად სერიოზულ რისკებთანაა დაკავშირებული განაკვეთის გაზრდის გადაწყვტილების შემდგომი გადავადება. 66 ექსპერტი თვლის, რომ ეს აშშ დოლარისთვის მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს, ხოლო 2 ექსპერტი რისკს კიდევ უფრო მწვავედ აფასებს.

ფედერალური სარეზერვო ბანკის პოლიტიკის განმსაზღვრელი მომდევნო ორი სხდომა 27-28 ოქტომბერს და დეკემბერშია დაგეგმილი. ექსპერტები გადაწყვეტილებას უახლოესი შეხვედრიდან ნაკლებად ელოდებიან. ხოლო დეკემბერში ბანკს გაცილებით მეტი სტატისტიკური მონაცემები ექნება განაკვეთის გაზრდის ან გაზრდის გადავადების გადაწყვეტილების მისაღებად.