“ყაზტრანსგაზმა” შესაძლოა, ქართული მხარისგან ინვესტიციების დაბრუნება მოითხოვოს

0
16
“ყაზტრანსგაზმა” შესაძლოა, ქართული მხარისგან ინვესტიციების დაბრუნება მოითხოვოს

კომპანია “ყაზტრანსგაზმა” ქართულ მხარეს შესაძლოა, ინვესტიციების დაბრუნება მოსთხოვოს. აღნიშნული ინფორმაცია დღეს ყაზახურ მედიაში, კომპანია “ყაზტრანსგაზზე” დაყრდნობით გავრცელდა.

“ყაზტრანსგაზის” განცხადებიდან გამომდინარე ირკვევა, რომ კომპანია ქართულ მხარესთან წინასაარბიტრაჟო დარეგულირების ინიცირებას მოახდენს. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ 2009 წელს, “ყაზტრანგაზ-თბილისის” სპეციალური მმართველის დანიშვნით, დაირღვა “ყაზტრანგაზის”, როგორც უცხოელი ინვესტორის უფლებები, რადგან დანიშვნის შემდეგ კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისის” საქმიანობაში ფაქტობრივად ვეღარ მონაწილეობს.

“ყაზტრანსგაზში” იმედოვნებენ, რომ დავა მალე მოგვარდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია საინვესტიციო საარბიტრაჟო გარჩევას დაიწყებს და მოითხოვს არამხოლოდ “ყაზტრანგაზ-თბილისზე” კონტროლის დაბრუნებას, არამედ ზარალის ანაზღაურებასაც, არანაკლებ განხორცილებული ინვესტიციების თანხის ოდენობისა.  კომპანიაში აცხადებენ, რომ “ყაზტრანსგაზ-თბილისში” ჩადებული ინვესტიცია 130 მილიონ აშშ დოლარს აღწევს.

კომპანიის განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

“2015 წლის 21 სექტემბერს საერთაშორისო იურიდიულმა ფირმა Baker&McKenzie-მ, სააქციო საზოგადოება “ყაზტრანსგაზის” დავალებით, ქართულ მხარეს გადაუგზავნა წინასაარბიტრაჟო შეტყობინება შეთავაზებით, დაიწყოს მოლაპარაკებები საინვესტიციო დავის დარეგულირებაზე იმ ინვესტიციების გამო, რომელიც სააქციო საზოგადოება “ყაზტრანსგაზმა” შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისის” საქმიანობაში ჩადო. სააქციო საზოგადოება “ყაზტრანსგაზმა” შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” 2006 წელს, იმ მემორანდუმით ჩამოაყალიბა, რომელიც 2005 წლის 26 დეკემბერს სააქციო საზოგადოება “ყაზტრანსგაზსა” და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის გაფორმდა, საქართველოს დედაქალაქისა და მიმდებარე რაიონების გაზმომარაგებისკენ მიმართული საქმიანობის განხორციელების მიზნით. 2006-2009 წლებში სააქციო საზოგადოება “ყაზტრანსგაზმა” “ყაზტრანსგაზ -თბილისის” განვითარებაში და ქალაქ თბილისის გაზმომარაგების სისტემაში ჯამურად, დაახლოებით 130 აშშ მილიონი დოლარი ინვესტიცია ჩადო. მიუხედავად იმისა, რომ “ყაზტრანსგაზი” შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისის” 100%-იანი წილის მფლობელია, 2009 წლის 16 მარტს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების საქართველოს ეროვნული მარეგულირებელი კომისიის შუამდგომლობა შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისის” სპეციალური მმართველის დანიშვნის შესახებ. შედეგად, სააქციო საზოგადოება “ყაზტრანსგაზს” არ აქვს შესაძლებლობა, მიიღოს მონაწილეობა შვილობილი კომპანიის საქმიანობაში.  სააქციო საზოგადოება “ყაზტრანსგაზი” მიიჩნევს, რომ საქართველოს უფლებამოსილი ორგანოების აღნიშნული ქმედებებით ირღვევა უცხოელი ინვესტორის უფლებები, რომელიც საქართველოს კანონმდებლობითა და ინვესტიციების დაცვის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებით არის გათვალისწინებული. სააქციო საზოგადოება “ყაზტრანსგაზს” იმედი აქვს, რომ ქართული მხარე კონსტრუქციულ პოზიციას დაიკავებს, ასევე წინასაარბიტრაჟო პროცედურების ფარგლებში, დავა სწრაფად მოგვარდება. იმ შემთხვევაში, თუ წინასაარბიტრაჟო დარეგულირებით დავა ვერ მოგვარდება, სააქციო საზოგადოება “ყაზტრანსგაზი” საინვესტიციო საარბიტრაჟო გარჩევას დაიწყებს, 1994 წლის 17 დეკემბრის ენერგეტიკულ ქარტიასთან არსებული შეთანხმების დებულებების, ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ რესპუბლიკა ყაზახეთსა და საქართველოს მთავრობას შორის 1996 წლის 17 სექტემბერს დადებული შეთანხმების, სხვა საერთაშორისო შეთანხმებების, ასევე საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით და მოითხოვს შპს “ყაზტრანგაზ- თბილისზე” კონტროლის დაბრუნებასა და ზარალის ანაზღაურებას არანაკლებ განხორციელებული ინვესტიციების თანხის ოდენობისა”.