დიმიტრი ქუმსიშვილი იმედოვნებს, რომ “ყაზტრანსგაზის” საკითხი მოლაპარაკებების რეჟიმში გადაწყდება

0
7

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, “ყაზტრანსგაზთან”დაკავშირებით მოლაპარაკება აქტიურად მიმდინარეობდა და მიმდინარეობს. ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განუცხადა.

“რა თქმა უნდა, მხარეებს აქვთ უფლება, ჰქონდეთ განსხვავებული პოზიციები, თუმცა მე ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებების რეჟიმში ეს ყველაფერი დამთავრდება და გადაწყდება”,

– განაცხადა ქუმსიშვილმა.  მისივე თქმით, ინვესტიციის უკან გატანაზე საკითხი არც ერთ ოფიციალურ მოლაპარაკებაზე არ დასმულა.

კომპანია “ყაზტრანსგაზმა” ქართულ მხარეს შესაძლოა, ინვესტიციების დაბრუნება მოსთხოვოს. აღნიშნული ინფორმაცია ყაზახურ მედიაში, კომპანია “ყაზტრანსგაზზე” დაყრდნობით გავრცელდა.  “ყაზტრანსგაზის” განცხადებიდან გამომდინარე ირკვევა, რომ კომპანია ქართულ მხარესთან წინასაარბიტრაჟო დარეგულირების ინიცირებას მოახდენს. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ 2009 წელს, “ყაზტრანგაზ-თბილისის” სპეციალური მმართველის დანიშვნით, დაირღვა “ყაზტრანგაზის”, როგორც უცხოელი ინვესტორის უფლებები, რადგან დანიშვნის შემდეგ კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისის” საქმიანობაში ფაქტობრივად ვეღარ მონაწილეობს. “ყაზტრანსგაზში” იმედოვნებენ, რომ დავა მალე მოგვარდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია საინვესტიციო საარბიტრაჟო გარჩევას დაიწყებს და მოითხოვს არამხოლოდ “ყაზტრანგაზ-თბილისზე” კონტროლის დაბრუნებას, არამედ ზარალის ანაზღაურებასაც, არანაკლებ განხორციელებული ინვესტიციების თანხის ოდენობისა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ “ყაზტრანსგაზ-თბილისში” ჩადებული ინვესტიცია 130 მილიონ აშშ დოლარს აღწევს.  ამასთან, ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ დღეს განაცხადა, რომ ყაზახური მხარის პრეტენზიები ქართული მხარისთვის მოულოდნელი იყო.