საგადასახდელო ბალანსი ადასტურებს, რომ ლარს ხელოვნურად აუფასურებდნენ

0
11
საგადასახდელო ბალანსი ადასტურებს, რომ ლარს ხელოვნურად აუფასურებდნენ

ეროვნული ბანკის მონაცემებით, მე-2 კვარტალში მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გაუმჯობესდა. მიუხედავად ამისა, ლარმა არათუ გამყარება დაიწყო, არამედ მესამე კვარტლის მიწურულს მისი მკვეთრი გაუფასურება მოხდა. ეკონომისტების განმარტებით, მაკროეკონომიკური პარამეტრები აგვისტოში ლარის კიდევ უფრო მეტად გაუფასურების საფუძველს არ იძლეოდა.

ფაქტი ის არის, რომ რამდენიმე დღის წინ 1 დოლარის ღირებულება 2,48 ლარს აჭარბებდა და ათასობით მოქალაქემ, რომელთაც სესხი დოლარში აქვთ, სერიოზულად იზარალა. აქედან გამომდინარე, აუცილებელია საზოგადოებამ იცოდეს რა იყო ვალუტის 40%-მდე გაუფასურების რეალური მიზეზები.

ლარის კურსის გაუფასურების მთავარ მიზეზად საგადასახდელო ბალანსის დეფიციტის გაღრმავება სახელდებოდა. ეროვნული ვალუტის დევალვაციის გამომწვევიც სწორედ ეს იყო. 2014 წლის მე-4 კვარტალში, როდესაც ლარის მკვეთრი გაუფასურება დაიწყო, საგადასახდელო ბალანსი ერთბაშად 300 მლნ დოლარით გაუარესდა.

მას შემდეგ ფინანსური თვალსაზრისით რამდენიმე რთულმა თვემ გაიარა და ამჟამად მდგომარეობა რადიკალურად შეცვლილია. სახეზეა საგადასახდელო ბალანსის მკვეთრი გაუმჯობესება, თუმცა დაახლოებით 10 დღის წინ ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ეროვნული ვალუტა გაუფასურების რეკორდებს ამყარებდა. მართალია, რამდენიმე დღეა ლარის კურსი შედარებით დასტაბილურდა, მაგრამ არსებული ნიშნული მაკროეკონომიკურ პარამეტრებთან თანხვედრაში მაინც არ არის.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2015 წლის მე-2 კვარტალში, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (როდესაც ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1,74 ლარის ნიშნულზე იდგა), საგადასახდელო ბალანსი, პირიქით, 100 მილიონი დოლარით არის გაუმჯობესებული. აღსანიშნავია, რომ თითქმის ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი უკეთესობისკენ არის შეცვლილი. 2014 წლის მე-2 კვარტალში სავაჭრო დეფიციტი 1,09 მილიარდი დოლარი იყო, 2015 წელს კი -1,02 მილიარდი დოლარი. თუ მე-2 კვარტალში ექსპორტი 221 მილიონი დოლარით შემცირდა, იმპორტის ვარდნა 295 მილიონი დოლარი იყო. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები არათუ შემცირდა, არამედ 20 მილიონი დოლარით გაიზარდა. რაც შეეხება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, წელს მე-2 კვარტალში საინვესტიციო მონაგარი 81%-ით აღემატება შარშანდელი წლის ანალოგიურ მაჩვენებელს და 355 მილიონ დოლარს შეადგენს.

“საგადასახდელო ბალანსის მაჩვენებელი გაუმჯობესებულია, მაგრამ აქ უნდა გავითვალისწინოთ რეალური აბსოლუტური სიდიდებებიც. შეიძლება მაინც ითქვას, რომ “ისე არ წვიმს, როგორც ქუხს”. ხელისუფლებას სჭირდება გარკვეული პიარ-ღონისძიებები, სადაც ის ისაუბრებს არსებულ, რეალურ მდგომარეობაზე (ეს იქნება საგადასახდელო ბალანსი, სავაჭრო ბალანსი დემოგრაფიული ფაქტორი, შრომითი რესურსების გადინება თუ სხვა). ამ დროს მთავრობა მხოლოდ და მხოლოდ მედიის ენთუზიაზმის იმედად რჩება. ამ ყველაფრის ანალიზი ჟურნალისტების მაღალი პროფესიონალიზმის შედეგია, მაგრამ არსებობს შესაბამისი ინსტიტუტები და პიროვნებები, რომლებსაც აღნიშნული საკითხების ანალიზი და კომენტარების გაკეთება ფუნქციურად ევალებათ”, – ამბობს ეკონომისტი სოსო არჩვაძე და დასძენს, რომ ეროვნულ ბანკს ხელისუფლებასთან უფრო მეტი კოორდინირებით, ტრანსფარენტულობითა და თუნდაც პატრიოტული მოტივით რომ ეხელმძღვანელა, კურსის “დაჭერა” გაცილებით დაბალ ნიშნულზე მოხერხდებოდა.

“ცალსახად დარწმუნებული ვარ, რომ ამის გაკეთება შეიძლებოდა. ეროვნული ბანკი ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს ამოეფარა და სანამ ინფლაცია არ გადასცდა წითელ ხაზს, მანამდე მის ხელთ არსებული ბერკეტების გამოყენება არ დაიწყო”

– ამბობს სოსო არჩვაძე.

ეკონომისტ მირიან გოგიაშვილის განცხადებით, მე-2 კვარტალში სწორედ ლარის კურსის გარკვეულ ნიშნულამდე გაუფასურებამ გამოიწვია საგადასახდელო ბალანსის გაუმჯობესება. აღნიშნული ტენდენცია მომდევნო თვეებზე უნდა გავრცელებულიყო.

“ლარის კურსის გარკვეულ ნიშნულამდე გაუფასურებამ გამოიწვია ბალანსის გაუმჯობესება, ანუ ექსპორტთან ერთად შემცირდა იმპორტის მაჩვენებელიც. შესაბამისად, წინა პერიოდთან შედარებით ფულის მყისიერი მოთხოვნა შემცირდა. აქედან გამომდინარე, ეროვნული ვალუტის მასშტაბური გაუფასურება არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდარიყო.

ყველა გარე ფაქტორი და წმინდა ეკონომიკური მონაცემი გაუმჯობესებულია, გარდა რეფინანსირების კომპონენტისა. თუ ანალიზს ჩაატარებს ვინმე, დააჯამებს ყველა მაჩვენებელს, ცხადი გახდება, რომ მაკროეკონომიკურმა კომპონენტებმა ერთმანეთი დააბალანსა და პრობლემური დარჩა მარტო რეფინანსირების სესხების მოცულობა, რომელიც არის პირდაპირ ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობა”

– ამბობს მირიან გოგიაშვილი.

ეროვნული ბანკისა და მთავრობის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ამიერიდან ლარის კურსი დოლართან მიმართებაში აღარ გაუფასურდება, თუ რაიმე სახის ეგზოგენურ მოვლენებთან არ გვექნა საქმე. საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუკი მე-2 კვარტალში საგადასახდელო ბალანსი უკვე გაუმჯობესებული იყო, რატომ გაუფასურდა ეროვნული ვალუტა 2,48 ლარამდე და ვინ არის ამაზე პასუხიმგებელი? ცნობილია, რომ ქვეყანაში დოლარიზაციის მაჩვენებელი 64%-მდეა და ვალუტის მკვეთრი დევალვაციის გამო, უდიდესი ზარალი მიიღო მოსახლეობამ და ბიზნესმა.

რეზონანსი

[wpolling id=”6″ width=”” height=””]