დიმიტრი ქუმსიშვილი: საშუალოვადიან პერიოდში ლარი აუცილებლად გამყარდება

0
13
დიმიტრი ქუმსიშვილი : საშუალოვადიან პერიოდში ლარი აუცილებლად გამყარდება

ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ლარის კურსის ვარდნასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს და საშუალოვადიან პერიოდში გამყარებას პროგნოზირებს.

მისი თქმით, ეროვნულ ვალუტაზე ზეწოლა წინა წელთან შედარებით უკვე შემცირებულია და აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით შესაძლოა ითქვას, რომ ლარის გამყარება საშუალოვადიან პერიოდში მოხდება.

მინისტრის განცხადებით,  თუ მოლოდინების ნაწილში ბაზრის მოთამაშეებმა ვერ მოახერხეს სწორი მოლოდინების ფორმირება და თუ საჭირო გახდება, ხელისუფლება ბიუჯეტის კორექტირებაზეც იმსჯელებს.

თუმცა ამავე დროს, ქუმსიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ არსებული პარამეტრებით ამის საჭიროება არ დგას.

„მაკროეკონომიკური პარამეტრებით დღეს ჩვენ ვართ ლარის გადაფასებაში ანუ კურსი არის უფრო მეტად გაუფასურებული ვიდრე მაკროეკონომიკური პარამეტრები გვაჩვენებს. მოსახლეობისთვის მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის რეალური ციფრები, რომლებიც გვიჩვენებს ექსპორტისა და იმპორტის ბალანსს. ასევე გვიჩვენებს იმ შემოდინებებს, რომლებიც ქვეყანაშია. შესაბამისად, ყველა ამ ციფრიდან გამომდინარე, ჩვენს ვალუტაზე ზეწოლა წინა წელთან შედარებით უკვე შემცირებულია – სადღაც 100–180 მილიონი დოლარით წლის ბოლოსთვის იქნება, შესაბამისად, ჩვენ ვამბობთ, რომ საშუალოვადიან პერიოდში აუცილებლად მოხდება ლარის გამყარება,“ – განაცხადა მინისტრმა, თუმცა რა ნიშნულზე მოხდება ლარის გამყარება, არ დაუკონკრეტებია.

აღნიშნული განცხადება დიმიტრი ქუმსიშვილმა სასტუმრო „რედისონში,“ ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრაზე ის ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნობს სამინისტროს ხედვებს, მათ შორის ლარის კურსთან დაკავშირებით. ასევე მიაწვდის ინფორმაციას, რის გაკეთებას აპირებს როგორც ცენტრალური ხელისუფლება, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკი.

„მინდა დავადასტურო რომ პრაქტიკულად ყიველდღიურად ეროვნულ ბანკთან და ფინანსთა სამინისტროსთან ერთად ჩვენი უწყება ჩართულია, ვაანალიზებთ არსებულ მდგომარეობას,“ – აღნიშნა მინისტრმა.

commersant.ge