ბაზარზე საბავშვო კვების ხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტი შემოდის

0
19
ბაზარზე საბავშვო კვების ხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტი შემოდის

ბათუმში, ხუთი მილიონამდე ლარის ღირებულების ხილის მიმღებ – გადამამუშავებელი საწარმო ამოქმედდა

ბათუმში, შპს ,,ევროკაპიტალინვესტმა” ხილის მიმღებ-გადამამუშავებელი ახალი საწარმო აამოქმედა, სადაც ხუთ მილიონამდე ლარია ინვესტირებული. შპს “ევროკაპიტალინპესტი” აჭარაში დღეისთვის კონკურენციის გარეშეა. ნოვაციები კი, რომელსაც ეს საწარმო უახლოეს მომავალში შემოგვთავაზებს, საინტერესოსთან ერთად, მნიშვნელოვანიცაა. ამ საკითხებზე, უფრო დეტალურად საწარმოს ერთ–ერთი ხელმძღვანელი, ლევან ქიძინიძე გვესაუბრება.

– ბატონო ლევან, როდის შევიდა საწარმო ექსპლუატაციაში?

– გერმანიიდან შემოვიტანეთ ხილის გადამამუშავებელი თანამედროვე დანადგარები, რომლებიც არასრული დატვირთვით მიმდინარე წლის აგვისტოში ბათუმში, ლერმონტოვის 110–ში ამოქმედდა. საწარმო მოსახლეობისგან ყოველდღე ნაღდი ანგარიშსწორებით ყიდულობს 7 ტონამდე ქლიავს, ატამს, ვაშლს, ლეღვს, მოცვს, შინდს, კომშს, ფეიხოას, ლიმონს, მანდარინს, ფორთოხალს, კივს, სხვა არასტანდარტულ ხილს, ამუშავებს და ცვლაში აწარმოებს 15 000–მდე ქილა ეკოლოგიურად სუფთა ჯემებს და წვენებს. რაც კონკურენტუნარიანია ქვეყნის შიგნით მსოფლიოს ნებისმიერ ბაზარზე.

– კვების სფეროში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება პროდუქტების ხარისხს. ეკოლოგიურად რამდენად სუფთაა თქვენს მიერ წარმოებული პროდუქცია?

– აღსანიშნავია, რომ ჩვენს პროდუქციას არ ვუკეთებთ არანაირ დანამატებს, საღებავებს და კონსერვატებს, ხოლო პექტინის ნაცვლად ვიყენებთ ნატურალურ ვაშლს. წარმოებულ პროდუქციას ვაფასოებთ მაღალი ტემპერატურის პირობებში და ვხუფავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ პროდუქცია პასტერიზებულია, სტერილურთანაა მიახლოებული და იგი რამოდენიმე წელი ინახება. იგი იმდენად სუფთა და ნატურალურია, რომ გამოიყენება ბავშვთა საკვებად.

– საწარმოს რა მოცულობის ნედლეულის მიღება შეუძლია და რა სახის პროდუქციას აწარმოებთ?

– ცვლაში ანუ 8 საათში ამუშავებს 7,5 ტონამდე ხილს და აფასოებს 50 გრამიდან 1000 გრამამდე მოცულობის ქილებში. პროდუქციაზე დაკვეთები უკვე არის რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან, ყაზახეთიდან და მალე გადატვირთვებსაც დავიწყებთ.

– ქართულ ქსელებში თუ გაიყიდება თქვენი პროდუქცია და რომელ ქსელებს შეიძლება მიაკითხოს ადგილობრივ მომხმარებელმა?

– ჩვენი პროდუქცია საქართველოში მხოლოდ “ვილმარტს” (შპს “ტარიელი”) და “ფურშეტს” მიეწოდება, რადგან ისინი კარგი ქსელებია და მისაღები თანამშრომლობა შეგვთავაზეს. სხვა ქსელებს არ ვაწვდით რადგან კაბალური ხელშეკრულებები აქვთ, შექმნილი აქვთ ისეთი ბარიერი, რაც შანსს არ იძლევა ქსელში შეაღწიო ან თუ შეაღწევ, რეალიზებული პროდუქტის თანხა ამოიღო. ამიტომ მათთან თანამშრომლობას აზრი არა აქვს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ქვეყანაში ვერ მუშაობს ანტიმონოპოლიური სამსახური და არ ხდება ადეკვატური რეაგირება უკანონო მონოპოლიის მიმართ. ამ მხრივაც ქართველი მეწარმე დაბლოკილია.

– რამდენი თანამშრომელი დაასაქმეთ და თუ აპირებთ გაფართოებას?

– ამ ეტაპზე შრომითი ხელშეკრულება დადებული გვაქვს 72 პირთან, თუმცა აქედან 43 პირი მუდმივადაა დასაქმებული და 29 რეზერვშია. მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, სადაც მალე ექსპლუატაციაში შევა მეორე საამქრო. რომლის შემდეგ საწარმო სრული დატვირთვით ამოქმედდება და დასაქმებულ პირთა რაოდენობაც 115–მდე გაიზრდება.

– საწარმოს რა მოცულობის ნედლეულის მიღება შეუძლია?

– ზემოთ უკვე აღვნიშნე, რომ ცვლაში შეგვიძლია შევისყიდოთ და გადავამუშაოთ 7,5 ტონამდე ყველა სახის, მათ შორის არასტანდარტული ხილი და ხალხს ანგარიშს იმ წუთში ვუსწორებთ. ხოლო ლეღვს და მოცვს კი განუსაზღვრელი რაოდენობით ვყიდულობთ საბაზრო ფასებში და თანხასაც დაუყოვნებლივ ვუხდით. ასე, რომ მოსახლეობას შეუძლია ისარგებლოს ამ გარემოებებით, ბაზარში დგომით დრო არ დაკარგოს და ხილი ადგილზე ჩაგვაბაროს. რითაც საგრძნობლად გაუმჯობესდება მათი ფინანსური მდგომარეობა.

– რა სახის პროდუქციას აწარმოებთ?

– ასორტიმენტი ხილის ფაქტიურ მოსავალზეა დამოკიდებული. ამ ეტაპზე 16 დასახელების პროდუქტი გვაქვს, მათ შორის რამოდენიმე ახალი სახეობა, რაც აქამდე არავის უწარმოებია და პატენტსაც მალე დავარეგისტრირებთ. დეკემბრის ბოლომდე კი 37 სახის ეკოლოგიურად სუფთა ნატურალური ბიო–პროდუქცია გვექნება, რაშიც ხილის ფრაქცია, არომატი და გემო სრულიად შენარჩუნებულია და კონკურენტუნარიანია მსოფლიოს ნებისმიერი ბაზრისთვის.

– რა დააშავა მოსახლეობის იმ ნაწილმა, რომელიც ვილმარტამდე ან ფურშეტამდე ვერ მივა და როგორც მომხმარებელმა რა შეიძინოს თქვენი პროდუქტი?

– ეს საკითხი უკვე სახელმწიფოსა და ანტიმონოპოლიური სამსახურის პრობლემაა და მათ უნდა იფიქრონ უკანონო მონოპოლიების აღმოფხვრაზე. ჩვენ არ გვიჭირს ჩვენი პროდუქტის გაყიდვა და შეუზღუდავად ვთანამშრომლობთ “ვილმარტთან” იმიტომ, რომ იქ ყველაფერი სახელმწიფო აზროვნების დონეზეა და არ ზღუდავენ პარტნიორთა უფლებებს.. სხვა სავაჭრო ქსელები არ იძლევიან თანაბარუფლებიანი ხელშეკრულების დადების შანსს და ბუნებრივია ასეთ ქსელებთან ვერ ვითანამშრომლებთ. ასე, რომ მომხმარებელიც მოკლებულია შესაძლებლობას გააკეთოს არჩევანი და შეიძინოს ჩვენს მიერ წარმოებული საუკეთესო ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა პრუდუქტი ხელსაყრელ ფასებში….. მომავალში ვაპირებთ საფირმო მაღაზიების გახსნას ბათუმში, თბილისში, ქუთაისში და მდგომარეობაც გამოსწორდება.

– სოფლის მეურნეობის განვითარება სახელმწიფოსთვის სტრატეგიული საკითხია, დღეს ხშირად გლეხები დაბალი ფასების გამო გამოთქვამენ უკმაყოფილებას, თქვენ რა ფასში და რა განრიგით ღებულობთ ხილს?

– სახელმწიფო პროგრამები ჩვენთვის პრიორიტეტულია, რადგან ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთ–ერთ გზა ძლიერი ეკონომიკაა…. სახელმწიფო კი მაშინაა ძლიერი, როცა მეწარმეობასა და ხალხის დასაქმებას უწყობს ხელს. ამ მხრივ გულწრფელი მადლობა მინდა გამოვხატო ბათუმის მერიის, აჭარის სავაჭრო–სამრეწველო პალატის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სხვების მიმართ, რომლებიც უყოყმანოდ გვიწყვეტენ წამოჭრილ მიმდინარე საკითხებს და არ გვექმნება ბიუროკრატიული ბარიერები. შედეგიც არ აყოვნებს და მოსახლეობისთვის ჩვენი საწარმო არის მოსავლის გასაღების ხელსაყრელი შესაძლებლობა. სამთავრობო პროგრამების გათვალისწინებით, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ხალხმა მოწეული ხილი არ გააფუჭოს. გადაურჩევლად ვიბარებთ ხილს იმ ფასებში, რა ფასებშიც ბაზრის გადამყიდველები იბარებენ და ანგარიშსაც ადგილზე ვუსწორებთ. რითაც რეგიონში ნაწილობრივ იხსნება მოწეული ხილის გასაღების პრობლემა. აქ ისევ ვსარგებლობ შემთხვევით და მოსახლეობას ვთხოვთ, რომ წინასწარ დაგვიკავშირდნენ +995422247189 ნომერზე და შეგვათანხმონ ხილის მოტანის დრო და რაოდენობა, რომ სატრანსპორტო საცობი არ შევქმნათ.

– შუშის ქილა რამდენად საიმედოა იმისთვის, რომ პროდუქცია იყოს გასაყიდ მდგომარეობაში დიდხანს ისეთივე ხარისხიანი, როგორც დამზადებისას?

– შუშა არის ყველაზე სუფთა ჭურჭელი, რომელიც სპეციალური დასხივების შემდეგ ინარჩუნებს სტერილურობას, ამჟავების საწინააღმდეგო დანამატებს არ მოითხოვს და პროდუქტს საიმედოდ ინახავს. ამასთან, იგი ლამაზია, ჩანს შიგ მოთავსებული პროდუქტის ხარისხი და გაცილებით მოთხოვნადია.

– რამდენად რთული და სპეციფიურია კვების პროდუქტების წარმოება, რა სახის სირთულეებს აწყდებით მუშაობის პროცესში?

– რა თქმა უნდა, კვების პროდუქტების წარმოება რთულია… იგი ითხოვს იდეალურ სისუფთავეს, სტანდარტების, სანიტარული და უსაფრთხოების ნორმების უმკაცრეს დაცვას, შესაბამის ტექნიკური ბაზის არსებობას, პერსონალის ჰიგიენური მდგომარეობის მუდმივ ზედამხედველობას, ხილის ეკოლოგიური სისუფთავის შემოწმებას, წარმოების პროცესში მშრალი ნივთიერებებისა და სხვა საკვები ღირებულებების შენარჩუნებას… შემთხვევითი არაა, რომ საწარმო აღჭურვილია თანამედროვე ლაბორატორიით, პროდუქციის წარმოების პროცესში ჩვენი მთავარი ტექნოლოგი, ცვლის ტექნოლოგ–ლაბორანტ მენეჯერები ყოველ 15 წუთში ამოწმებენ სინჯებს და აკონტროლებენ შესაბამის პარამეტრებს. წარმოებული ყოველი პარტიის რამოდენიმე სინჯი საცდელად იდება სპეციალურ ინკუბატორში და 18 დღის მანძილზე მუდმივი პლუს 37 გრადუსი ტემპერატურის პირობებში ხდება მასზე დაკვირვება. აქვე, მარკეტინგის დირექტორი დღეში რამოდენიმეჯერ ამოწმებს წარმოებული პროდუქტის ფერს, არომატს, ხარისხს, გემოს, სასაქონლო სახეს, სხვა პარამეტრებს და ასე მიდის ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქტები სავაჭრო ქსელებში თუ უცხოეთში.

ჩვენ არ მივეკუთნებით იმ კატეგორიის ბიზნესმენებს, ვინც მხოლოდ ფულის კეთებაზე ფიქრობს. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენთან ერთად იხეიროს ქვეყანამაც და ხალხმაც. ვზრუნავთ, რომ ჩვენი თანამშრომელი უზრუნველყოფილი და კმაყოფილი იყოს, რადგან საწარმოო ციკლი მიბმულია თითოეულ მუშაკთან და რომელიმე ჯაჭვის რღვევა იწვევს საწარმოს სტაბილურობის მოშლას. დიდ ყურადღებას ვუთმობთ თანამშრომელთა სოციალურ პირობებსაც. უკვე შევარჩიეთ სადაზღვევო კომპანია, რომელიც 100%–ით დააზღვევს ჩვენს თითოეულ თანამშრომელს და საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერს მიეცემა იმის საშუალება, რომ იმკურნალოს იქ, სადაც მოისურვებს…

– ხორციელდება თუ არა სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესმენების ხელშეწყობა და როგორ შეაფასებთ ქვეყანაში ბიზნესგარემოს?

– გვყავს უაღრესად კარგი პრემიერი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი, მაგრამ ეკონომიკური გუნდი მაინც ვერ დგას ისეთ დონეზე, რომ სათანადო ხელშეწყობა ჰქონოდა ბიზნესს, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მოსახლეობის მსყიდველობითი უნარის ზრდას, ეკონომიკის გაჯანსაღებას. მარტო ტელევიზიებში პიარი ვერ გააჯანსაღებს ეკონომიკას. სამწუხაროდ, მთავრობა მოქცეულია წნეხში, ზოგიერთი დიდი სახელმწიფოები ერევა ჩვენს საშინაო საქმეებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და საერთაშორისო ბანკი კრძალავს სესხების იმ საწარმოებზე მიცემას, ვისაც ბოლო 11 თვის მომგებიანი ბალანსი არა აქვს. ანუ, ღიად მოქმედებს ქვეყნის გაკოტრების საერთაშორისო პროგრამა და ასეთ პირობებში როგორ უნდა შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და როგორ უნდა დასაქმდეს მოსახლეობა, არ ვიცი. ასევე,

გაუგებარია რამ უნდა გააჯანსაღოს ეკონომიკა, როცა ბანკები ჩაკეტილია, მეწარმეს არ ეძლევა სამომხმარებლო, კომერციული ან იპოთეკურ სესხი და ქართული ბიზნესი ლომბარდების იმედზეა დატოვებული. ბუნებრივია, ასეთი მიდგომა აქვეითებს მთავრობის იმიჯს და ხალხში ზრდის უკმაყოფილებას. გამეფებულია განუკითხაობა და უკანონო მონოპოლია, ვერ ვხედავ, რომ მეწარმეობას ხელი ეწყობა და იმედია, ეკონომიკის ახალი მინისტრი იმუშავებს ამ საკითხზე, გადამოწმდება სავაჭრო ქსელების კაბალური ხელშეკრულებები, შემუშავდება შესაბამისი ნორმატიული აქტები, მეწარმეს მიეცემა იმის საშუალება, რომ აკეთოს თავისი საქმე და დაუბრკოლებლად შევიდეს ქართულ ქსელში.