,,აფბა’’ : მაკროეკონომიკური ფაქტორები ლარის შემდგომი გაუფასურების საფუძველს არ იძლევა

0
20
,,აფბა’’ : მაკროეკონომიკური ფაქტორები ლარის შემდგომი გაუფასურების საფუძველს არ იძლევა

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ ლარის კურსთან დაკავშირებულ  კითხვებს და არსებულ ვითარებას ეხმიანება და მიიჩნევს, რომ მსგავს სიტუაციაში მნიშვნელოვანია ერთის მხრივ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინირებული მუშაობა და მეორეს მხრივ მოსახლეობისთვის პოზიტიური სიგნალების გადაცემა.

როგორც ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი შოთა გულბანი აცხადებს, ბოლო პერიოდში ლარის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ მხოლოდ დადებითი ან უარყოფითი მოლოდინების დანერგვა არ არის ის ფაქტორი, რაც ლარის კურსის ცვლილებაზე მოქმედებს. ამ კუთხით მნიშვნელოვანია, სათანადოდ გავაანალიზოთ ლარის კურსზე მოქმედი ის მაკროეკონომიკური პარამეტრები, რაც ამ ეტაპისთვის არსებობს, და შესაბამისად შევიქმნათ რეალობასთან ყველაზე ახლოს მყოფი მოლოდინები.

„ცხადია, რომ ლარის კურსზე დადებითად მოქმედებს ის ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინებას. ამ მხრივ ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია, რომელმაც 2015 წლის მეორე კვარტალში 355 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს, მნიშვნელოვნად აღემატება. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის იანვარ–აგვისტოს მონაცემებით ექსპორტ–იმპორტის სალდო შემცირებულია, რაც ბუნებრივია დადებითი ფაქტორია ლარის კურსის დასასტაბილურებლად. მართალია 2015 წლის იანვარ–ივლისში გზავნილები შემცირებულია 43,5%–ით, თუმცა ამ შეთხვევაშიც ბოლო თვეებში ფულადი გზავნილების ვარდნის ტენდენცია შემცირებულია. გაზრდილია საქართველოში ზაფხულში შემოსული ტურისტების რაოდენობაც 10%–ით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. რაც შეეხება სახელმწიფოს საგარეო ვალის მომსახურებას, რაც არის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ლარის კურსზე მოქმედი მაკროეკონომიკური ფაქტორი, 2015 წლის პირველი სამი კვარტლის განმავლობაში სახელმწიფოს უწევდა საშუალოდ 1 მილიარდ 24 მილიონი აშშ დოლარის გადახდა, ხოლო ბოლო კვარტალში გვიწევს დაახლოებით 765 მილიონი აშშ დოლარის გადახდა, რაც ბუნებრივია ნაკლები სტიმული იქნება ლარის შემდგომი გაუფასურებისა“

– აცხადებს შოთა გულბანი.

მისივე თქმით, თუ ბიუჯეტის არათანაბარ ხარჯვაზე გავამახვილებთ ყურადღებას, ესეც რათქმაუნდა ერთ–ერთი ფაქტორია, მაგრამ ის ვერ იქნება ხანგრძლივი ზემოქმედების, ვინაიდან ბიუჯეტიდან თუ გაედინება ფული ხარჯების სახით, მასში შეედინება კიდეც. – „არათანაბარმა ხარჯვამ შეიძლება მხოლოდ მოკლევადიანი გავლენა იქონიოს  კურსზე და თუ დროის რაღაც მონაკვეთში საბიუჯეტო ხარჯებით შედარებით დიდი მასა გაედინა, რამაც კურსზე ნეგატიური გავლენა იქონია, ეს ჭარბი ხარჯვა შემდეგ პერიოდებში ხარჯების დაბალი დონით დაბალანსდება. როგორც ვხედავთ მაკროეკონომიკური პარამეტრების კუთხით განსაკუთრებული არაფერი არ ხდება, ანუ ლარზე ზეწოლის მხრივ უარყოფითი მოლოდინები არ უნდა გვქონდეს. ამასთან მნიშვნელოვანია დავაფიქსიროთ ეროვნული ბანკის როლი ამ პროცესში, რომელმაც უნდა მოახერხოს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ ნაკლები ზიანი მიაყენოს ქვეყნის მოსახლეობასა და ეკონომიკას. ნაცვლად ამისა ეროვნული ბანკი განაგრძობს იაფი ლარის პოლიტიკის გატარებას, ფულად ბაზრებზე საპროცენტო განაკვეთებს ინარჩუნებს დაბალ დონეზე და ამით საგარეო შოკებისგან დასუსტებულ ლარს კიდევ უფრო ასუსტებს“ – დასძენს გულბანი.

[wpolling id=”5″ width=”” height=””]