„თქვენ დაგიმტკიცდათ სესხი “– რა რისკებს შეიცავს ასეთი SMS–ების გახშირება

0
16
იმ დროს, როდესაც ეროვნული ბანკი ბანკებში ლარის დეფიციტის შესახებ საუბრობს, კატასტროფულად იმატა სატელეფონო მესიჯებმა, რომელიც საცალო სესხების დამტკიცებას გვილოცავს, ამის შესახებ ეკონომისტი მიხეილ დუნდუა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

“კატასტროფულად იმატა სატელეფონო მესიჯებმა, რომელიც საცალო სესხების დამტკიცებას გვილოცავს, განსაკუთრებით იმ ბანკებისაგან, სადაც სესხი აღების სურვილიც კი არ გაგვიცხადებია მინიმუმ 1 წლის განმავლობაში.

ეროვნული ბანკი კი გვესაუბება იმის თაობაზე, რომ თურმე ბანკებს ლარის დეფიციტი აქვთ.

ნაცვლად იმისა, რომ სავალუტო ფონდისათვის შეპირებული კონტრციკლური კაპიტალ ბუფერების რეჟიმი შემოიღოს და ეკონომიკის რეალური სექტორის დაკრედიტებას ხელი შეუწყოს, წინა კვირას ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს დოლარის დარეზერვების გაზრდა მოთხოვა და ლარის გაუფასურებას კიდევ ახალი ბიძგი მისცა.

თუ გვინდა რეალური დედოლარიზაცია, მაშინ ეროვნულ ეკონომიკას სესხი უნდა მივცეთ ლარში, ხოლო სამომხმარებლო სესხები მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ, როგორც ლარში, ისე დოლარში. რადგან სამომხმარებლო სესხები საიმპორტო შესყიდვებს პირდაპირ უკავშირდება.

თუ კომერციული ბანკები ეროვნული ბანკისაგან მუქთად მიღებულ მილიარდიან რეფინანსირებას საცალო გასესხებაზე დახარჯავენ, ჩვენ არა დედოლარიზაციას, არამედ გაუფასურებულ ლარს მივიღებთ.

სავალუტო ფონდი ჯერ კიდევ გასულ წლის გაზაფხულზე მოითხოვდა ეროვნული ბანკისაგან საცალო სესხების შეზღუდვას.

ჯერ კიდევ მაშინ, გასული წლის სექტემბრამდე პერიოდში, როცა ლარი გაუფასურებული არ იყო, საცალო მსესხებელთა ერთი მესამედი შემოსავლების ნახევარს ბანკის ვალებისთვის ხარჯავდა (!!!!!!), და ეს აშფოთებდა სავალუტო ფონდს.

დღეს ვითარება რადიკალურად გაუარესდა, გაგვცეს ეროვნულმა ბანკმა პასუხი კითხვაზე: საცალო მსესხებელთა რამდენი პროცენტი ხარჯავს სესხის მომსახურებაზე შემოსავლის ნახევარს?

რატომ არ ქმნის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშს, რომლის გამოქვეყნებასაც პირდებოდა სავალუტო ფონდს (?)!

და რომ ნამდვილად ითხოვს სავალუტო ფონდი საცალო სესხების შეზღუდვას, იხილეთ მისი რეკომენდაცია :

..საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნდა განიხილოს ლიმიტების შემოღება სესხის მომსახურება შემოსავალთან მიმართებით კოეფიციენტისათვის საცალო სესხებზე, გამომდინარე იქედან, რომ ამ ეტაპზე, საქართველოში, საცალო მსესხებელთა ერთი მესამედი ხარჯავს შემოსავლის ნახევარზე მეტს ბანკის ვალებისათვის…”- წერს დუნდუა.

გაზეთ „ბანკები და ფინანსების“ რედაქტორის ზურაბ კუკულაძის თქმითაც, სამომხმარებლო სესხების ასეთი მარტივი, პრაქტიკულად დამტკიცებული  ფორმით, შეთავაზება გაუმართლებელია, რადგან მისი აღების ცდუნების წინაშე დგებიან ადამიანები, რომლებიც  რეალურად ვერ გადაიხდიან სესხს. შედეგად, მათი სოციალური მდგომარეობა დამძიმდება.

„იმ ფონზე, როდესაც ბანკები ქვეყნის ეკონომიკის რეალური დარგების დაფინანსებაზე უარს ამბობენ, სესხებს გასცემენ მაღალრისკიან მომხმარებლებზე.  გარდა იმისა, რომ ეს ხდებამიკროსაფინანსო ორგანიზაციების საშუალებით, ბევრად გაზრდილი პროცენტით, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მომრავლდა სამომხმარებლო სესხის სხვადასხვა ფორმით შეთავაზება. მათ შორის ე.წ. სალომბარდე სესხები, იპოთეკური ლომბარდი და ა.შ. ეს ნიშნავს რისკიანი მომხმარებლის დაკრედიტებას, რაც ძალიან სარისკოა როგორც მომხმარებლის, ისევე ქვეყნის ეკონომიკისთვის,“ –  აცხადებს კუკულაძე.

წყარო: commersant.ge