ხელისუფლება ნახევარმილიარდიანი სამეცნიერო–საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებას იწყებს

0
8
ხელისუფლება ნახევარმილიარდიანი სამეცნიერო–საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებას იწყებს

ხელისუფლება 211 მილიონი ევროს, ანუ, დღევანდელი კურსით, დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარის ღირებულების სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებას იწყებს.

საუბარია ტექნოლოგიურ ინსტიტუტზე, რომელიც გააერთიანებს ადრონული თერაპიის თემებზე მომუშავე სამეცნიერო დაწესებულებას და ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს.

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის ვანო კიღურაძის ინფორმაციით, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის და ტექნოლოგიური ინსტიტუტის ორი იდეა გაერთიანდა. შედეგად,  როგორც მან „კომერსანტს“ განუცხადა, “ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ კანონპროექტი მოიცავს როგორც სამეცნიერო-კვლევით, ისე საგანმანათლებლო  ნაწილს.

მისივე განცხადებით, პროექტი განათლების კომიტეტში  უკვე შესულია, თუმცა, ინსტიტუტის ადგილმდებარეობა ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

გავრცელებული ინფორმაციით, იქმნება ტექნოლოგიური ინსტიტუტი, რომელიც სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისგან განცალკევებული, საქართველოს მთავრობის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქნება და საგანმანათლებლო პროგრამებსა და სამეცნიერო კვლევებს დამოუკიდებლად განახორციელებს.

ამას “ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ” კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში მთავრობის ინიციატივით შევიდა.

პროექტის მიზნად სახელდება ტექნოლოგიური ინსტიტუტის – ადრონული თერაპიის მეგაპროექტის გარშემო თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის შექმნა და ფუნქციონირება.

პროექტის მიხედვით, ტექნოლოგიური ინსტიტუტის ფუნქციებია: – ადრონული თერაპიის მეგაპროექტის გარშემო სამეცნიერო კვლევების განვითარებისათვის ხელისშეწყობა; ფუნდამენტური კვლევების მიმართულებების განსაზღვრა და საერთაშორისო აღიარების მოპოვება, სტუდენტების პიროვნული პოტენციალის რეალიზების, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარების, თანამედროვე მოთხოვნათა შესატყვისი კომპეტენციების გამომუშავებისათვის ხელისშეწყობა; მკვლევართა მომზადება და მათთვის თანამედროვე სამეცნიერო-ექსპერიმენტული კვლევების პირობების შექმნა; განათლებისა და მეცნიერების ხარისხის უწყვეტი ამაღლებისათვის პირობების შექმნა; სადოქტორო, სამაგისტრო და უმაღლესის შემდგომი კვლევითი პროგრამების განხორციელება; ტექნოლოგიების დანერგვისათვის ხელშეწყობა; საერთაშორისო კვლევებში ჩართვა და დონორ ორგანიზაციებთან კოორდინირებული საქმიანობა; დარგობრივი თუ დარგთაშორისი საგანმანათლებლო პროგრამებისა და კვლევების ახალი მიმართულებების შექმნა; უცხოელ პარტნიორებთან საკონსულტაციო სამუშაოების წარმოება, აგრეთვე სხვა საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.

კანონპროექტის გათვალისწინებით, ტექნოლოგიური ინსტიტუტის მართვის ორგანოები იქნება: ტექნოლოგიური ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, სამეცნიერო საბჭო და საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო. აღმასრულებელ დირექტორს სამეცნიერო საბჭოს წარდგინებით, 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ასევე პროექტის მიხედვით, ინსტიტუტის წესდებას აღმასრულებელი დირექტორის წარდგინებით სამეცნიერო საბჭო დაამტკიცებს, ხოლო საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს დებულებას საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო ამტკიცებს.

კანონპროექტით გათვალისწინებულია ტექნოლოგიური ინსტიტუტისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ავტორიზაციისა და აკრედიტაციის განსხვავებული რეჟიმი. კერძოდ, ტექნოლოგიური ინსტიტუტი ავტორიზებულად ტექნოლოგიური ინსტიტუტის წესდებისა და საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს დებულების დამტკიცებისთანავე ჩაითვლება, ხოლო საგანმანათლებლო პროგრამები აკრედიტებულად ითვლება მათი დამტკიცებისთანავე.

რაც შეეხება დაფინანსების საკითხს, ამასთან დაკავშირებით პროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამია, რომ ადრონული თერაპიის მეგაპროექტის გარშემო თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის შექმნასთან დაკავშირებული სამუშაოები დაყოფილია სამ ეტაპად, რომელთა საერთო ღირებულება 10 წლის განმავლობაში 210 767 360 ევროს შეადგენს – აქედან პირველ ეტაპზე (2015 – 2017 წწ.) 130 344 630 ევრო, მეორე ეტაპზე (2018 – 2024 წწ.) 78 502 730 ევრო. განმარტებით ბარათში აღნიშნულია ისიც, რომ პროექტის საფინანსო უზრუნველყოფა კერძო ინვენსტიციებითა და გრანტებით განხორციელდება.

აღნიშნულ პროექტზე მუშაობა ხელისუფლებამ მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო.

იმ პერიოდშივე აღნიშნულ საკითხზე, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის კონცეფციისა და დაფუძნების საკითხთა შემმუშავებელი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. ოფიციალური ინფორმაციით, კომისიის თავმჯდომარეა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი,  თანათავმჯდომარე კი – ფიზიკოსი გია დვალი.

კომისიის შემადგენლობაში შედიან: ,,ქართუ“ ჯგუფის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, ,,ქართუ“ ჯგუფის წარმომადგენელი ირაკლი ქარსელაძე, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ექსპერიმენტატორი თეიმურაზ ლომთაძე, პროფესორი მარიამ ცაცანაშვილი.

გია დვალის ინფორმაციით, სიმსივნის ადრონული თერაპია არის მეცნიერული კვლევის ერთ-ერთ უახლეს მიმართულებაზე  დაფუძნებული თერაპიის მეთოდი, რომელიც მაქსიმალურად ეფექტურად ანადგურებს კიბოს უჯრედებს ჯანსაღი უჯრედების დაუზიანებლად.

რომელი ბრენდი დაიწყებს ოპერირებას აღნიშნულ სასწავლებელში, ამ დრომდე უცნობია. მიმდინარე წლის აგვისტოს დასაწყისში განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განაცხადა, რომ სავარაუდოდ, სექტემბერ-ოქტომბერში ტექნოლოგიური უნივერსიტეტისთვის პარტნიორი შერჩეული იქნება. დღეს განათლების სამინისტროში ვერ აკონკრეტებენ, ცნობილია თუ არა ან როდის გახდება ცნობილი, რომელი ბრენდი შევა ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მართვაში.

აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით საზოგადოებისა და ექსპერტულ წრეებში განსხვავებული შეფასებები არსებობს. ეკონომიკის ექსპერტი რომან გოცირიძე ხელისუფლების ახალ ინიციატივას ავანტურისტულს  უწოდებს  და ამბობს, რომ მსგავს პროექტს ხელისუფლება იწყებს მაშინ, როდესაც მისი ბიუჯეტის შემოსავლების 20% ვალებით ივსება და „ვერ აუდის უამრავ პრობლემას.“ როგორც გოცირიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე  წერს, ხელისუფლება საკმაოდ საეჭვო საფუძვლის მქონე ადრონული თერაპიის იდეის ირგვლივ ტექნოლოგიურ ინსტიტუტს აფუძნებს, “თითქოს ამის სამეცნიერო, ფინანსური ან სხვა პოტენციალი გაგვაჩნდეს.”

”გრანტებით და კერძო ფულით მოხდება დაფინანსებაო. იმასაც ვნახავთ, თუ რა მალე მოხდება ბიუჯეტიდან ფულის ფლანგვა “მოსამზადებელი სამუშაოების” დასაწყებად.

ხუთიოდე წლის შემდეგ, როცა ეს წინასწარ განწირული ექსპეტიმენტი ჩაფლავდება, ვის უნდა მოვთხოვოთ პასუხი. არა მგონია, მაშინ ამ მთავრობის რომელიმე წევრის გვარსახელი წესიერად ემახსოვროს ვინმეს.

ხელისუფლება, რომელიც ვერ გრძნობს პრიორიტეტებს, ცუდ დღეში ჩააგდებს ქვეყანას,” – წერს გოცირიძე.

აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით პროტესტი ისმის ქუთაისში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ქუთაისში გახსნას მოითხოვს და „ქართულ ოცნებას“ მისსავე წინასაარჩევნო დაპირებას ახსენებს, რომელიც ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქად ქცევას ითვალისწინებდა.

საინიციატივო ჯგუფის “ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ქუთაისს” წევრები აქციებსაც კი აანონსებენ.

ჯგუფის წევრები უნივერსიტეტის  ქუთაისში დაარსებას ითხოვენ.  როგორც ისინი აცხადებენ,  მოეწყობა მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები, როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში.

“წინასაარჩევნო დაპირება იყო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ქუთაისში განთავსება. ამ დაპირების შეხსენების მიზნით ვაპირებთ მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციების გამართვას. აქციებს ვგეგმავთ თბილისში ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან, შემდეგ გავაგრძელებთ პარლამენტთან. ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება” , – აღნიშნა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა მალხაზ ფხაკაძემ.

ფონდ „ქრთუში,“ რომელიც ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტს ახორციელებს, არ აკონკრეტებენ, სად და როდის დაიწყება უნივერსიტეტის მშენებლობა.

bpi.ge