სავალუტო სპეკულაციები აშკარა და ნათელია

0
18
სავალუტო სპეკულაციები აშკარა და ნათელია

მაკროეკონომიკური მაჩვენებლები საგრძნობლად უმჯობესდება, ეროვნული ვალუტა კი თვალდათვალ ეცემა. სავალუტო სპეკულაციების შედეგი სახეზეა. სპეციალისტების განცხადებით, არსებულ სიტუაციაში ლარის გადარჩენის ბერკეტები მხოლოდ ეროვნულ ბანკს გააჩნია, თუმცა სებ-ის პოლიტიკა ლარის კურსზე მხოლოდ უარყოფითად მოქმედებს.

როგორც გაზეთი “რეზონანსი” წერს, მთავრობამ დღემდე ვერ შეძლო ეროვნულ ბანკთან არსებული პრობლემის მოგვარება. ოთხშაბათს ეროვნულმა ბანკმა კომრეციულ ბანკებს დამატებით 106 მილიონი ლარის ერთდღიანი რეფინანსირების სესხები მიაწოდა და ვალუტის მკვეთრი გაუფასურება ისევ დაიწყო. გუშინდელი ოფიციალური მონაცემებით, 1 დოლარის ღირებულებამ 2,40 ლარს გადააჭარბა. სავალუტო ბაზარზე კი დოლარის შესყიდვა 2,44-2,45 ლარად იყო შესაძლებელი. როგორ ცნობილია, ლარის კურსი “ბლუმბერგის” სავაჭრო პლატფორმაზე ყალიბდება. გუშინ ამერიკის დროით დაახლოებით 3 საათზე “ბლუმბერგის”  სისტემაში ლარმა მკვეთრი გამყარება დაიწყო და ეს პროცესი 2,5 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2,02 ლარის ნიშნულზე ჩამოვიდა, ამის შემდეგ კი ისევ მკვეთრი ვარდნა მოხდა – 2,42 ლარამდე, რამდენიმე წუთის შემდეგ კურსი ისევ 2,367-მდე ჩამოვიდა და შემდეგ ისევ საწყის მაჩვენებელს დაუბრუნდა. გაჩნდა ეჭვი, რომ სწორედ ამ პერიოდში სავაჭრო სისტემაში რაღაც მაქინაცია გათამაშდა.

ეროვნული ვალუტის გაუფასურებით შეწუხებული მოსახლეობა მთელი დღის განმავლობაში “ბლუმბერგის”  სისტემას არის მიშტერებული და ხედავს, რომ ასეთი მკვეთრი ამპლიტუდა არც ისე იშვიათია. ეს ფაქტი ორი მიზეზით აიხსნება – ტექნიკური პრობლემა და სპეკულაციები. თუმცა, ისეთ მაღალი დონის სავაჭრო სისტემაში, როგორიც “ბულმბერგია”  რამდენად დასაშვებია ხშირი ტექნიკური ხარვეზი, რომელიც ხანდახან 2-3 საათის განმავლობაში გრძელდება.

“ასეთი ნახტომისებური ცვლილებები ადრე უფრო ხშირად იყო. ეს ფაქტი ტექნიკური პრობლემებით აიხსნა. ან მართლა ტექნიკური ხარვეზია, ან სპეკულაცია. მე არც ერთის დამტკიცება არ შემიძლია, მაგრამ ეჭვი რომ არსებობს, ამას ვადასტურებ”

– ამბობს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძე.

ერთი რამ ცხადია, დღეს უკვე აბსოლუტურად ყველა ეკონომისტი აღიარებს, რომ ლარის კურსზე ეკონომიკური პრობლემების გავლენა ამოწურულია, თუმცა ვერც ერთი მათგანი ვერ ასაბუთებს, რეალურად რა სჭირს ეროვნულ ვალუტას.

“ეროვნული ვალუტის გეუფასურება აღარ არის განპირობებული ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორებით, დოლარის გადინება არის შემცირებული, გაზრდილია ინვესტიციები და ძირითადი ეკონომიკური ფაქტორები ვალუტის გაუფასურების მიზეზი აღარ არის”

– აღნიშნავს “გალტ ენდ თაგარტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ გაჩეჩილაძე და დასძენს, რომ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად საზოგადოებაში შექმნილი ნეგატიური მოლოდინია.

“სწორედ ეს მიმართულება უნდა გაუმჯობესდეს. დოლარის შემოდინების შემცირება, რაც ექსპორტიდან და გზავნილებიდან იყო, სრულად კომპენსირებულია. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში მთელმა რეგიონმა განიცადა სავალუტო შოკი, გაუფასურდა სხვა ვალუტებიც. დღესდღეისობით, როცა არის დიდი ცვლილების მოლოდინი, ხალხი ერიდება რისკს. სწორედ ამ მიმართულებით არის სამუშაო და ეს ფაქტორებია მოსახსნელი”

– აცხადებს არჩილ გაჩეჩილაძე.

ისიც ფაქტია, რომ ამ მოლოდინს ხან მთავრობა და შიგადაშიგ ეროვნული ბანკიც ანეიტრალებს. მაგალითად, მთელი ზაფხულის განმავლობაში მინისტრები და სებ-ის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ ზაფხულში ლარი გამყარდებოდა და სტაბილურობის ნიშნული მიღწეული იყო. შესაბამისად, საზოგადოებაში უფრო მეტად ოპტიმისტური მოლოდინი უნდა გაჩენილიყო. აქედან გამომდინარე, გაუგებარია განმარტება, რომ ლარის კურსის მკვეთრი ვარდნა ნეგატიურმა მოლოდინმა გამოიწვია. რა მოხდება ქვეყნის სავალუტო ბაზარზე მომავალში, ნოდარ ჭიჭინაძეს ამის პროგნოზირება უჭირს. მაშინ როდესაც მთავრობისა და ეროვნული ბანკის ვარაუდი არ მართლდება (სტატისტიკურ ინფორმაციებზე მათ მეტად მიუწვდებათ ხელი), ეკონომისტების პროგნოზები უკვე არალოგიკური ხდება.

“მთავრობამ თქვა, რომ ეროვნული ვალუტა ზაფხულში გამყარდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ამჯერად, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა, რომ კურსის გამყარება შემოდგომიდან დაიწყებოდა. მართალია, შემოდგომა ახლა დადგა, მაგრამ გამყარების ნიშნები არ ჩანს. ყველაზე მეტ ინფორმაციაზე ხელი მიუწვდება მთავრობასა და ეროვნულ ბანკს და ჯერჯერობით ორივეს პროგნოზი ქარწყლდება. ამიტომაც მე გაცილებით მწირი სტატისტიკით პროგნოზს ვერ გავაკეთებ, მით უმეტეს დადებითს”

– ამბობს ნოდარ ჭიჭინაძე და დასძენს, რომ ეკონომიკურ ფაქტორებს ლარის გაუფასურებასთან კავშირი აღარ აქვს. მართალია ჯერ უახლესი სტატისტიკა არ გამოქვეყნებულა, მაგრამ არსებული ინფორმაციებით ძირითადი სურათის დანახვა მაინც შესაძლებელია.

“თავად ეროვნული ბანკი ამბობს, რომ ამოწურულია ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორების გავლენა, თუმცა ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკაც ფუნდამენტური ფაქტორია. სებ-ის მიერ გამოყენებული ყველა ინსტრუმენტი ლარზე, პირიქით, ნეგატიურ გავლენას ახდენს. შესაბამისად, ამ ფაქტორის უგულებელყოფა არ შეიძლება. გადავხედოთ ერთი წლის წინანდელ სურათს. ეროვნული ბანკის პოლიტიკა ყველა მიმართულებით რადიკალურად შეცვლილია – გაიზარდა რეფინანსირების სესხები, სადეპოზიტო სერტიფიკატები შემცირდა. მიზეზები მეორეხარისხოვანია, ფაქტი არის ის, რომ ყველაფერი ლარის კურსზე ცუდად მოქმედებს,”

– ამბობს ნოდარ ჭიჭინაძე.

მისი აზრით, გაუფასურების შეჩერების სადავეები ახლა მთლიანად ეროვნული ბანკის ხელშია.

“ბიუჯეტს თუ გადავხედავთ დაგროვილი ნაშთის მოცულობა უკვე 800 მილიონს გადასცდა. საგარეო ფაქტორები დაბალანსებულია, გავიგეთ, რომ მეორე კვარტალში ინვესტიციებიც გაზრდილა. ამ შემთხვევაში ერთადერთ პრობლემად მონეტარული პოლიტიკა რჩება. ეროვნული ბანკის საქმიანობა აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი და გაუგებარია. მას არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს ლარის კურსის დასტაბილურებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ დევალვაციის მასშტაბი უკვე 35%-ს გადასცდა. ეროვნული ბანკი ვერ დაასახელებს ვერც ერთ ნაბიჯის თუ რა გააკეთა ამ პროცესის ოდნავ შერბილებისთვის. თუ მან ამდენი ხნის განმავლობაში არაფერი მოიმოქმედა, არ მაქვს იმედი, რომ ახლა მაინც გააკეთებს რამეს”

-ამბობს ნოდარ ჭიჭინაძე.

ხელისუფლებას კი ეროვნული ბანკის შეჩერება ბანკების ზედამხედველობის სამსახურის ხელში ჩაგდებით ეიმედება. საქართველოს პრეზიდენტმა “ეროვნული ბანკის შესახებ” ვეტოდაძლეულ კანონპროექტს ხელი უკვე მოაწერა. ამასთანავე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა საზოგადოებას მარგველაშვილის გადაწყვეტილება ხელმოწერასთან დაკავშირებით იმით აუხსნა, რომ ცვლილებები ფუნდამენტურ ღირებულებებს არ ეწინააღმდეგება. “საქართველოს პრეზიდენტი დღესაც არ ეთანხმება ეროვნული ბანკის თაობაზე მიღებულ კანონთა პაკეტს. მეტიც, მას მიაჩნია, რომ ვეტოს დაძლევა პარლამენტის მხრიდან იყო სერიოზული შეცდომა. თუმცა, პრეზიდენტი ხელს არ მოაწერდა ვეტოდაძლეულ კანონს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი ან მისი რომელიმე ნორმა ეწინააღმდეგება რამე ბაზისურ, ფუნდამენტურ ღირებულებას. ამ შემთხვევაში ამასთან საქმე არ გვქონია”, – აღნიშნა დავით პატარაიამ.

ყოველ შემთხვევისთვის მთავრობის სურვილი ზედამხედვლეობის გამსახურის გამოყოფაზე შესრულებულია. რა მოხდება შემდეგში მომავალი გვიჩვენებს. მოახერხებს თუ არა ხელისუფლება სიტყვის საქმედ ქცევას ეს უკვე 3-4 კვირაში გამოჩნდება.

მაკა ხარაზიშვილი
 გაზეთი “რეზონანსი”

[wpolling id=”4″ width=”” height=””]