ეროვნულმა ბანკმა მიზანს კიდევ ერთხელ ააცილა

0
8
ეროვნულმა ბანკმა მიზანს კიდევ ერთხელ ააცილა

სებ–ი ინფლაციის მიზნობრივი დონის მიღწევას ვერ ახერხებს

სამომხმარებლო კალათაში შემავალი 295 საქონელი და მომსახურებიდან 237-ზე ფასების ზრდა დაფიქსირდა

წლიური ინფლაცია მიზნობრივ დონეს გასცდა. აგვისტოში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 5,4% შეადგინა და მიზნობრივ დონეს 0,4 პროცენტული პუნქტით გადააჭარბა.

ყველაზე მეტად ფასები ალკოჰოლურ სასმელებზე და თამბაქოზე გიზარდა, ამ კატეგორიის მიხედვით ინფლაციამ 13,1% შეადგინა. 9.3%-ით გაძვირდა ავეჯი, საოჯახო ნივთები და სახლის მოვლა, 9.1%-ით ჯანმრთელობის დაცვა. სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე ფასების მატებამ 6.3% შეადგინა.

გარკვეული კატეგორიის სასაქონლო ჯგუფებზე გასული წლის აგვისტოსთან შედარებით ფასების კლება დაფიქსირდა. ეს არის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომლებზე ფასებიც 0,9%-ით შემცირდა და ტრანსპორტი, -1,6%.

სხვა მიმართულებებით ფასების უმნიშვნელო მატება დაფიქსირდა.

მოხმარების სტრუქტურიდან გამომდინარე ინფლაციის საერთო მაჩვენებელზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე ფასების ზრდამ იქონია და 5.4%-იან მაჩვენებელში ამ ჯგუფზე ფასების ზრდის წილი 1,86%-ია.

295 დასახელების საქონლისგან და მომსახურებისგან, რომლის მიხედვითაც ინფლაციის ოფიციალური მაჩვენებლის დათვლა ხდება, აგვისტოში ფასების ზრდის დონე შემდეგნაირად განაწილდა:

– ფასების ზრდა დაფიქსირდა 295-დან 237 საქონელსა თუ მომსახურებაზე;

– ფასები არ შეცვლილა 13 ერთეულზე;

– ფასები შემცირდა საქონლის და მომსახურების 45 ტიპზე;

– სასურსათო პროდუქციის 80 დასახელებიდან 67 გაძვირდა, მათ შორის 30 მათგანი 10%-ზე მეტად და 20 მათგანი 15%-ზე მეტად;

– გაიაფებული 45 საქონლიდან და მომსახურებიდან 31 გაიაფდა 5%-ზე ნაკლებად, 9 მათგანი 5-10%-ით, დარჩენილი 5 მათგანი გაიაფდა 10%-ზე მეტად;

– ფასების 5%-ით და მეტით ზრდა დაფიქსირდა 148 საქონელზე და მომსახურებაზე;

– ფასების 10%-ზე მეტი ზრდა დაფიქსირდა 85 დასახელების საქონელზე და მომსახურებაზე;

– ფასები 20%-ზე მეტად გაიზარდა 24 დასახელების პროდუქციაზე;

ფასების ცვლილება დეტალურად ცალკეული სასურსათო პროდუქტის მიხედვით შეგიძლიათ იხილოთ ცხრილი 1-ში, სადაც წარმოდგენილია 10%-ით და მეტით გაძვირებული სასურსათო პროდუქცია.

01

ფასების დონის კონტროლი – რამენად ეფექტურია ეროვნული ბანკი

ფაქტობრივად ყოველთვის, როცა ლარის კურსთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მისამართით კრიტიკა მიდის, პასუხად ისმის, რომ ეროვნული ბანკის მთავარი მიზანი არის ინფლაციის კონტროლი და სწორედ ამ მიზნის მისაღწევად იყენებს იგი სხვადასხვა ინსტრუმენტებს.

საინტერესოა, რეალურად რამდენად ეფექტიანად ახდენს ეროვნული ბანკი ინფლაციის კონტროლს.

2011 წლის ბოლოდან მოყოლებული საქართველოში დაბალი ინფლაცია ფიქსირდება, უმეტეს შემთხვევაში ადგილი დეფლაციასაც ქონდა. ამ ფონზე ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას არბილებდა და დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის მანძილზე ყველაზე რბილ მონეტარულ პოლიტიკას ატარებდა და ატარებს:

– რეფინანსირების განაკვეთი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია;

– სადეპოზიტო სერტიფიკატების მოცულობა ასევე ერთ-ერთი ყველაზე დაბალია;

– რეფინანსირების სესხების მოცულობა ისტორიულად მაღალია;

– ბანკების წმინდა დავალიანება სებ-ის მიმართ არის ისტორიულ მაქსიმუმზე და აღწევს 800 მილიონ ლარს, როდესაც ყოველთვის იყო საპირისპირო სურათი.

აბსოლუტურად გასაგები და მისაღებია მსგავსი მონეტარული პოლიტიკის გატარება დაბალი ინფლაციის პირობებში, მაგრამ ლარის კურსის პრობლემების ფონზე მსგავსი მიდგომა ეროვნულ ვალუტაზე დამატებით ზეწოლას ახდენს.

ეროვნული ბანკი, როგორც ჩანს, საკმარისი ყურადღებით არ მოეკიდა ლარის გაუფასურების საკითხს და მხოლოდ ინფლაციის კონტროლზე აპელირებით სავალუტო კრიზისი გაამწვავა.

თუმცა, ლარის დევალვაციამ ინფლაციაზეც იქონია გავლენა და ფაქტობრივი ინფლაცია მიზნობრივ დონეს აგვისტოში გადასცდა. ჩვენ კარგად გვახსოვს ეროვნული ბანკის მესვეურების არაერთი განცხადება, სადაც ისინი პროგნოზირებდნენ, რომ წლის ბოლომდე ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს მიუახლოვდებოდა, ხაზს ვუსვამთ, მიუახლოვდებოდა და არა გასცდებოდა, თანაც წლის ბოლომდე. ეს პროგნოზი შესრულებამდე 4 თვით ადრე მცდარი აღმოჩნდა და არანაირი საფუძველი იმისა, რომ წლის ბოლომდე ინფლაცია 5%-ის ფარგლებში იქნება, არ არსებობს. ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს:

– ლარის დევალვაციის გამო გაიზარდა ენერგომატარებლების ტარიფები, რაც ბევრი სხვა პროდუქციის თუ მომსახურების გაძვირებას გამოიწვევს;

– 35%-ით დევალვირებული ლარი. მოხმარებაში იმპორტის მაღალი წილის გამო გაიზრდება იმპორტირებული პროდუქციის ფასი;

ამდენად, დიდი ალბათობით ინფლაცია მიზნობრივ დონეს გასცდება და ტრდაცია არც ამჯერად დაირღვევა. მას შემდეგ, რაც ეროვნული ბანკი ინფლაციის თარგეთირების მოდელზე გადავიდა, მიზნობრივი ინფლაციისთვის არასოდეს მიუღწევია. ეს ფაქტი თვალნათლივ ჩანს დიაგრამა 1-ზე.

02

ამდენად, რბილი მონეტარული პოლიტიკით ეროვნულმა ბანკმა ვერც ინფლაციის მიზნობრივ „კალაპოტში“ მოქცევა შეძლო და ლარსაც დამატებითი დარტყმა მიაყენა. ინფლაციის ვერმიღწეულ დონეს და უყურადღებობით დაჩაგრულ ლარს შემდეგი შედეგები მოჰყვა:

– ბანკის სესხის მქონე ბიზნესის 80%-ს სესხის ტვირთი გაეზარდა 35%-ით (იურიდიული პირების სესხების დოლარიზაცია 80%-ია);

– ბანკში სესხის მქონდე ფიზიკური პირების ნახევარს სესხის მომსახურება გაეზარდა 35%-ით;

– გაიზარდა ფასები ენერგომატარებლებზე;

– გაძვირდა იმპორტი;

– კომპანიების მიერ გაძვირებული სესხის ასახვა ფასებში, ანუ გაზრდილი სესხის მომსახურებისთვის დამატებითი შემოსავლის მიღება ფასის გაზრდით;

– სესხის მომსახურების ტვირთის გაზრდის გამო, მსესხებლების მხრიდან შემცირდა მოხმარება სხვა საქონელზე თუ მომსახურებაზე, ანუ შემცირდა ერთობლივი მოთხოვნა, რაც ეკონომიკურ ზრდას ცალკე დარტყმას აყენებს.

ამ ფაქტორების ფონზე ლარის გაუფასურების დადებით ეფექტებზე საუბარი სასაცილოც კი არის. ის დადებითი ეფექტები, რაც ვალუტის დევალვაციას ახლავს, სრულიად განეიტრალებულია ნეგატიური შედეგებით. ადგილობრივი წარმოების წახალისება და ექსპორტის ხელშეწყობა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც მწარმოებლურობის დონე მაღალია, დოლარიზაცია კი დაბალი, არცერთ ამ კრიტერიუმს საქართველო არ აკმაყოფილებს, შესაბამისად, ლარის დევალვაციის პროცესი ქართული ეკონომიკისთვის ცალსახად ნეგატიურია.

ამდენად, ყველა არგუმენტი განეიტრალებულია და ეროვნული ბანკის რბილ მონეტარულ პოლიტიკას მხოლოდ დაბალი ინფლაციის ფაქტორი ამართლებს, ყოველ შემთხვევაში, ამართლებდა აგვისტომდე.

მაგრამ, არის ინფლაცია რეალურად დაბალი? ასახავს ოფიციალური ინფლაცია რეალობას?

დაბალი ინფლაცია – მითი თუ რეალობა?

როგორც სტატიის დასაწყისში იქნა ნახსენები, სამომხმარებლო კალათის 295 საქონლის და მომსახურების 80% გაძვირდა, ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად. საქონლის და მომსახურების 295 სახეობიდან 148 მათგანი 5%-ზე მეტად გაძვირდა, გაიაფებით კი 5%-ზე მეტად მხოლოდ 14 ერთეული გაიაფდა. როგორ გამოდის, რომ ფასების საშუალო დონე მხოლოდ 5,4%-ით გაიზარდა.

ასეთ ვითარებაში სავსებით ლეგიტიმურია დაისვას კითხვა – რამდენად რეალურია ინფლაციის არსებული მაჩვენებელი?

არის რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც ინფლაციის მაჩვენებლის ადეკვატურობას ეჭვქვეშ აყენებს:

1) სასურსათო პროდუქციის დაბალი წილი სამომხმარებლო კალათაში;

2) ლარის დევალვაციით გამოწვეული სესხის გაძვირების არასახვა ინფლაციაში;

„საქსტატის“ ვებ-გვერდზე არსებული განმარტებით, „სამომხმარებლო კალათა არის საფუძველი სამომხმარებლო ფასების ინდექსის გაანგარიშებისთვის. იგი წარმოადგენს ქვეყანაში ყველაზე ხშირად მოხმარებადი საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალს და ასახავს ქვეყნის საშუალო მომხმარებლის ხარჯების სტრუქტურას“.

სამომხმარებლო კალათაში სასურსათო პროდუქციის წილი 30%-ია. მკითხველმა თავად შეაფასოს, რამდენია მის გარშემო ისეთი ადამიანი, რომლის ხარჯების სტრუქტურაში სურსათს მხოლოდ 30% უჭირავს.

„საქსტატის“ მონაცემებით საშუალო ხელფასი საქართველოში 773 ლარია, სამომხმარებლო კალათის მათივე სტრუქტურის მიხედვით, საშუალო სტატისტიკური ქართველი ხელფასს თვეში შემდეგნაირად ანაწილებს:

– სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – 238 ლარი

– ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო – 40 ლარი

– ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – 22 ლარი

– საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები – 65 ლარი

– ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა- შეკეთება – 50 ლარი

– ჯანმრთელობის დაცვა – 73 ლარი

– ტრანსპორტი – 91 ლარი

– კავშირგაბმულობა – 28 ლარი

– დასვენება, გართობა და კულტურა  – 55 ლარი

– განათლება – 39 ლარი

– სასტუმროები, კაფეები და რესტორნები – 37

– სხვადასხვა საქონელი და მომსახურება – 35

არსებული ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით ხარჯების მსგავსი სტრუქტურა არარეალურად გამოიყურება. სურსათის და ჯანდაცვის ხარჯები საშუალო მომხმარებლის ხარჯების სტრუქტურაში უფრო მაღალია, ასე რომ, სამომხმარებლო კალათაში ამ კომპონენტების წილი რომ მაღალი იყოს ინფლაციის მაჩვენებელიც 5.4%-ზე მაღალი იქნებოდა.

და ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ფასების საერთო დონის ზრდაში დოლარში აღებული სესხების გაძვირების გაუთვალისწინებლობა. ლარის დევალვაციის შედეგად თითოეულ მსესხებელს სესხის მომსახურება 35%-ით გაუძვირდა, რაც მისთვის იგივე ეფექტია, რაც, მაგალითად პურის, კარტოფილის ან ნებისმიერი სხვა პროდუქტის გაძვირება.

ამდენად, დიდი ალბათობით მაღალი, მაგრამ ოფიციალური მონაცემით დაბალი ინფლაციის არგუმენტით ეროვნულმა ბანკმა საკმარისად და დროულად არ გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა. ამის შედეგი მიზნობრივ მაჩვენებელს უკვე გაცდენილი ინფლაცია და ისედაც გაუფასურებულ ლარზე კიდევ უფრო გაზრდილი ზეწოლაა.

ირაკლი ნოდია

[wpolling id=”4″ width=”” height=””]